Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”გზაჯვარედინის გენერლები” და ნამდვილი გენერლები ქართული პრესის ანარეკლში


9 მაისს გამოსული რამდენიმე ქართული გამოცემა ყურადღებას არასადღესასწაულო ამბებზე ამახვილებს.

გაზეთი ”რეზონანსი” ვრცელ სტატიას უძღვნის 7 მაისს ყვარლის რაიონში, სოფელ სარუსოში, ლეკებს შორის მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას, რომლის დროსაც 14 ადამიანი დაშავდა. სტატიის თანახმად, თანასოფლელებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზი წარსულში ორჯერ ნასამართლევი შამილ გაზიმაგომედოვის მიერ შექმნილი დაჯგუფების წევრების მხრიდან ქუჩაში მიმავალი ადამიანების მისამართით განხორციელებული სროლა გახდა. ”გაზიმაგომედოვის ხალხი რამდენიმე წელია იარაღით დათარეშობს და არავინ ხმას არ სცემს, რადგან გაზიმაგომედოვი პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის ოჯახთან ძალიან ახლოს არის”, ამბობს გაზეთ ”რეზონანსისათვის” მიცემულ ინტერვიუში სროლის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი ლეკი. სარუსოს მოსახლეობა შეიარაღებული დაჯგუფების წევრების მკაცრად დასჯას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეკები შურისძიებითა და სისხლის აღებით იმუქრებიან.
გაზეთ ”რეზონანსის” კიდევ ერთი პუბლიკაცია ეხება აჭარაში ქონების გადანაწილების ახალ ფაქტებს, რომელთა უკან ცენტრალური ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლები დგანან. ავტონომიის ოპოზიციონერი დეპუტატები, კერძოდ, ამტკიცებენ, რომ იმ ფარმაცევტული ქარხნის მფლობელი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა 6 მაისს, აჭარის რევოლუციის დღეს, საზეიმოდ გახსნა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილია. ”რეზონანსის” ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის ქვისლმა დაისაკუთრა ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი, ერთ კვადრატულ მეტრში 2 დოლარის გადახდის საფასურად.

გაზეთ”24 საათში” გამოქვეყნებული სტატია, სათაურით ”გზაჯვარედინის გენერლები”, მკითხველს ქუჩაში უპატრონოდ დარჩენილი მოზარდების დეინსტიტუციონალიზების პრობლემას შეახსენებს. სტატიიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ქუჩაში დარჩენილი ბავშვების ოჯახებში დასაბრუნებლად გამოყოფილი თანხის, ყოველთვიური 60 ლარის, გადახდას. გაზეთის ვარაუდით, ცხოვრების გაძვირების ფონზე, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ეს თანხა მაინც არ ეყოფათ და ბავშვი კვლავინდებურად ან ბავშვთა სახლში მოხვდება, ან ქუჩაში დარჩება. ”თუ ჩვენი კეთილდღეობის წელთაღრიცხვა 2003 წლიდან იწყება და, რაც მთავარია, ამ არასრულ ოთხ წელიწადში არნახულ წარმატებებს მივაღწიეთ, საიდან ამდენი მიუსაფარი?” - საქართველოს ხელისუფლების გასაგონად სვამს კითხვას გაზეთი ”24 საათი” თავის წამყვან პუბლიკაციაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG