Accessibility links

logo-print

სომხეთში ოპოზიცია შიშობს, რომ 12 მაისის არჩევნების შედეგები გაყალბდება


გუშინ ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიცია 15000-მდე დემონსტრანტზე ლაპარაკობს, პოლიცია - 5000-ზე.

დანამდვილებით კი ცნობილია ის, რომ აქციაზე მოითხოვეს პრეზიდენტ ქოჩარიანის გადადგომა და გამოთქვეს შეშფოთება, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა გააყალბოს 12 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

ოპოზიციის სანქცირებული მიტინგი ერევნის ცენტრში გაიმართა. შემდეგ, მიტინგზე შეკრებლების ნაწილმა (დაახლოებით ნახევარმა) მიაშურა სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის შტაბ-ბინას, ალექსანდრ არზუმანიანის დაკავების გასაპროტესტებლად. არზუმანიანი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, ამჟამად - ოპოზიციის წევრი, რომელიც სამშაბათს დააკავეს ბრალდებით, თითქოს უცხოეთიდან ფული შეჰქონდა ოპოზიციის დასაფინანსებლად.

“ჩვენ მივედით უშიშროების სამსახურის შენობასთან და პოლიციელს მოვუწოდეთ, გზა გაეთავისუფლებინა, ჩვენ ხალხს ვუძღვებით- მეთქი”, ასე აღწერა ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობასთან მისვლის სცენა ოპოზიციურ პარტია “ახალი დროების” ლიდერმა არამ კარაპეტიანმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში. ასევე კარაპეტიანის განმარტებით, უშიშროების სამსახურის შენობასთან მისულებს თან ჰქონდათ დეკლარაცია, რომელშიც პროტესტს გამოთქვამდნენ არზუმანიანის დაპატიმრების გამო.

საქმე პოლიციასთან დაპირისპირებამდე მივიდა. დემონსტრანტების ცემის გარდა, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. [დემონსტრაციისა და პოლიციასთან დაპირისპირების ხმაური]

საპროტესტო გამოსვლის კიდევ ერთი მონაწილე ორგანიზაციის, წინასაარჩევნო ბლოკ “იმპიჩმენტის” ლიდერი ნიკოლ პაშინიანი მაინც კმაყოფილი ჩანს ოთხშაბათის საპროტესტო აქციით. [ნიკოლ პაშინიანის ხმა] გამარჯვების მიღწევა, პაშინიანის თქმით, უცებ, ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია და ის, რაც ოთხშაბათს მოხდა, ოპოზიციის საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ოპოზიცია უკვე არჩევნების შემდეგ გეგმავს - 13 მაისისთვის, ანუ საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღისთვისვე აქვს მიღებული სანქცია, გამართოს საპროტესტო აქცია. უნდა ითქვას, რომ გუშინდელი ხმაურიანი აქციის მონაწილეები არც საბოლოო მიზანს მალავენ: მათ სურთ მოაწყონ დემოკრატიული რევოლუცია, ვარდების და ნარინჯისფერი რევოლუციების მსგავსი გადატრიალება, რომელიც რობერტ ქოჩარიანს პრეზიდენტის პოსტს ჩამოაცილებდა.

ოპოზიცია შიშობს, რომ სომხეთის ხელისუფლება გააყალბებს 12 მაისის არჩევნების შედეგებს. და ეს უცხოეთშიც ბევრს მიაჩნია შესაძლებლად წინა, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე: ეუთოს მიერ გამოთქმული შეფასებით, მაშინ, 2003-ში, კენჭისყრამ ვერ დააკმაყოფილა დემოკრატიული სტადნარტები. “თუ დავადგენთ, რომ ხმები მოგვპარეს, პროტესტს გამოვხატავთ და ამ გზას ბოლომდე გავივლითო” - ეს სიტყვები ეკუთვნის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ახლა კი ოპოზიციურ პარტია “ორინაც იერკირის” ლიდერ არტურ ბაღდასარიანს.

სად წაიყვანს სომხეთის ოპოზიციას არჩეული გზა - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, არჩევნებში წარმატებას პრეზიდენტ ქოჩარიანის მხარდამჭერ პარტიებს უწინასწარმეტყველებენ - “აყვავებულ სომხეთსა” და რესპუბლიკურ პარტიას.

სომხეთის პარლამენტის 131 მანდატისთვის ერთმანეთს ეცილება 23 პარტია. ამ დღეებში ეუთომ გააკრიტიკა ერევანი იმის გამო, რომ მან ვიზებზე უარი უთხრა 12 მაისის არჩევნებზე ეუთოს მეთვალყურეთა დელეგაციის 8 თურქ წევრს. სომხეთსა და თურქეთს, როგორც ცნობილია, ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ.
XS
SM
MD
LG