Accessibility links

ტონი ბლერი გადადგომას აპირებს


ალბათ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში დღეს ტონი ბლერი დგას: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი,

რომელიც 10 წელია ხელმძღვანელობს ამ, პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის მთავრობას.

ტონი ბლერმა დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: [ტონი ბლერის ხმა] “დღეს ვაკეთებ განცხადებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, გადავდგე ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელის პოსტიდან. ახლა პარტია ახალ ლიდერს აირჩევს. 27 ივნისს კი დედოფალს გადავცემ განცხადებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ”.

ტონი ბლერის განცხადება რ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს: რომ ბლერი ახლავე ტოვებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის პოსტს და რომ თვენახევარში იგი პრემიერ-მინისტრის პოსტსაც გამოეთხოვება. მისი ადგილის (ორივე პოსტის დაკავებას) ფინანსთა მინისტრ გორდონ ბრაუნს უწინასწარმეტყველებენ. ამ უკანასკნელმა, სხვათა შორის, ტონი ბლერის მეგობარმა, ქებით მოიხსენია ბლერის მიღწევები პრემიერ-მინისტრის პოსტზე. თვით ბლერმა კი დღეს შემდეგი შეფასება გამოთქვა: [ტონი ბლერის ხმა] “ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვარ 10 წელიწადზე ცოტა მეტი ხანია. ამ თანამდებობისთვის, თან დღევანდელ მსოფლიოში, ვფიქრობ ეს საკმარისად ხანგრძლივი პერიოდია ჩემთვის და კიდევ უფრო მეტად - ქვეყნისთვის. ძალაუფლებისადმი ლტოლვის დასაძლევად ზოგჯერ ერთადერთი გზაა მასზე უარის თქმა.”

ამდენად, ძალაუფლებს ეთხოვება კაცი, რომლის ხელმძღვანელობითაც ლეიბორისტულმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ორჯერ - 1997 და 2001 წლის არჩევნებში, ხოლო შედარებით ნაკლებად შთამბეჭდავი, თუმცა მაინც კონკურენტებზე უკეთესი შედეგი აჩვენა 2005-ში.

არაერთი საყურადღებო ინიციატივით გამოირჩეოდა ბლერის მმართველობის პირველი ვადა: სიახლეებს შორის იყო შოტლანდიასა და უელსში რეგიონული მთავრობების შექმნა, 1998 წელს ბლერისა და ირალნედიის პრემიერ-მინისტრის წარმატებული მოლაპარაკება ჩრდილოეთ ირლანდიაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

ბლერის პოპულარობისთვის ყველაზე უფრო წამგებიანი გადაწყვეტილება კი ერაყის ომს უკავშირდება. ჯერ კიდევ ამ ომის დაწყებამდე იმართებოდა მის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები ბრიტანეთში. ბლერი მაინც ფიქრობს, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა ერაყის საკითხში ამერიკელ მოკავშირეებს მიემხრო. [ტონი ბლერის ხმა] “სადამ ჰუსეინისა და მისი ვაჟიშვილების ჩამოშორება ხელისუფლებიდან, ისევე როგორც თალიბანის დამხობა, შედარებით იოლი იყო, მაგრამ შედეგები - გლობალური ტერორიზმისა და მისი მხარდამჭერი ელემენტების გამო - მძიმე, ძნელად დასაძლევი და ძვირადღირებული აღმოჩნდა. ბევრი ფიქრობს, რომ ამის კეთება არ ღირს. მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ”.

ბლერი კიდევ ერთი თვე რჩება პრემიერ-მინისტრის პოსტზე. წესით, მისი პრემიერ-მინისტრობის ვადა 2009 წელს ამოიწურებოდა, ბრიტანეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნების წელს.
XS
SM
MD
LG