Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ უნდა დაიცვას საკუთრების უფლება საქართველოში


საქართველოში საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება კონსტიტუციითაა აღიარებული და უზრუნველყოფილი. 21-ე მუხლის თანახმად,

დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მაინც საჭიროდ მიიჩნია საკუთრების უფლების დაცვის დამატებითი საკანონმდებლო გარანტიების შემუშავება, რისთვისაც 11 დეპუტატი ინტერფრაქციულ ჯგუფში გაერთიანდა. ოპოზიციისთვის მიუღებელია წარსულში განხორციელებული პრივატიზაციის გადახედვა, რასაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში სისტემატურად ჰქონდა ადგილი, უმრავლესობა კი საკუთრების დაცვის შესახებ ისეთი კანონის მიღებას აპირებს, რომელიც დაუსჯელს არ დატოვებს იმ პირებს, რომლებმაც თანამდებობრივი უფლებამოსილება არამიზნობრივად გამოიყენეს. რაზე ვერ შეთანხმდნენ საპარალამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები?

ინტერფრაქციული ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა და მასში ყველა ფრაქციის თავმჯდომარეა გაერთიანებული. ჯგუფის დატოვებამდე მათ შორის იყო ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, რომელიც ინტერფრაქციული ჯგუფისგან რეგისტრირებული კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას ელოდა.

[დავით გამყრელიძის ხმა] „ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი ყველა მესაკუთრისთვის, ყველა ინვესტორისთვის, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი და ვერავინ ვერასდროს ვერ შეეხება კერძო საკუთრებას.“(სტილი დაცულია)

დავით გამყრელიძისაგან განსხვავებით, ხელისუფლება შესაძლებლად მიიჩნევს დაკანონებული საკუთრების ჩამორთმევას. სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე წინააღმდეგია კანონის დარღვევით ჩატარებული პრივატიზების დაკანონებისა, თუმცა მთავრობის წარმომადგენელი იქვე განმარტავს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] „ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის ის, რომ ამ პროცესის შუაში ჩავაყენოთ სასამართლო, ანუ არ შეიძლება ქონების განმკარგავი ადმინისტრაციული აქტის გაუქმება სასამართლოს გარეშე.“

კახა ბენდუქიძის თქმით, წლების განმავლობაში საკუთრების გადაცემა სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობდა, რის გამოც კერძო საკუთრებაზე ამნისტიის გამოცხადება მიზანშეწონილი არაა. სახელმწიფო მინისტრმა ინტერფრაქციული ჯგუფის ოპოზიციონერ წევრებს უსუსური და უუნარო უწოდა.

[კახა ბენდუქიძის ხმა] „ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი, ჩემი აზრით, გახდა მათი უსუსურობა და აბსოლუტური უუნარობა პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვონ ხალხში... მით უმეტეს, როცა დემარშებს ახდენენ და ტოვებენ ინტერფრაქციულ ჯგუფს... როცა ჩვენ კანონის პირველი ვარიანტი დავწერეთ, მაშინ ინტერფრაქციული ჯგუფი არც არსებობდა.“

სახელმწიფო მინისტრის ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი და ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „ვაკეთებ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მე ისეთ ინტერფრაქციულ ჯგუფში, რომელსაც კახა ბენდუქიძე ხან სულელურს დაუძახებს, ხან კი უაზროს დაუძახებს, არ მაქვს მივიღო მის მუშაობაში მონაწილეობა მანამ, ვიდრე ბენდუქიძეს არ დაატოვებინებენ სამსახურს. ვთხოვ პრეზიდენტს მიიღოს ამასთან დაკავშირებით საკადრო გადაწყვეტილება.“(სტილი დაცულია)

ზურაბ ტყემალაძე, დავით გამყრელიძის შემდეგ, მეორე პარლამენტარია, ვინც ინტერფრაქციული ჯგუფის შემადგენლობა პროტესტის ნიშნად დატოვა. რჩება კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა კუკავა, რომლის თქმითაც, კერძო საკუთრების ამნისტია უნდა შეეხოს ყველა მესაკუთრეს:

[კახა კუკავას ხმა] „ხელისუფლების პოზიცია არის ასეთი, რომ კერძო საკუთრების ამნისტია არ უნდა გავრცელდეს იმ პირებზე, ვის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე და მიმდინარეობს მოკვლევა. უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ პირებზე, ვინც ახალი ხელისუფლების პირობებში შეიძინა კერძო საკუთრება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი ამბობენ, რომ კერძო საკუთრების ამნისტია უნდა გავრცელდეს მხოლოდ მათი ხელისუფლების დროს შეძენილ საკუთრებაზე, ხოლო დანარჩენებზე ეს ამნისტია არ გავრცელდება.“

კახა კუკავას თქმით, ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის საბოლოო პროდუქტი დღის სინათლეს 11 მაისს იხილავს, მანამდე კი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, იმას განმარტავს, თუ ვის არ უნდა ჰქონდეს უკანონოდ შეძენილი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის იმედი:

[გიგა ბოკერიას ხმა] „ნამდვილად არაფერი შეიცვლება თანამდებობის პირებისთვის, რომლებმაც თვითონ ჩაიდინეს დანაშაული ქონების განკარგვისას. მათი დევნა კვლავ გაგრძელდება.“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG