Accessibility links

logo-print

ოპოზიციონერთა საპროტესტო აქციები და პენსიონერთა ყრილობა


დღეს თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ოპოზიციის გაერთიანებული საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ ”ლეიბორისტული შრომის პარტია”, ”ქართული დასი”, ”ხალხის პარტია”, „თავისუფლება“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენ თვითონ“ და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ადამიანის უფლებებისათვის.“ აქციას საპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელიც შეუერთდა. დღვანდელი საპროტესტო გამოსვლები ოპოზიციამ ანტისახელისუფლებო მოძრაობის ახალ ათვლის წერტილად მონიშნა – 10 მაისს მან სოციალური მოთხოვნები პოლიტიკურით შეცვალა და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

ოპოზიციის 10 მაისის გაერთიანებული საპროტესტო აქციის სულისჩამდგმელი ამჯერად ლეიბორისტული შრომის პარტია იყო. პარტიაში აცხადებენ, რომ კარგად გრძნობენ ქვეყნის მოსახლეობის მაჯისცემას და, შესაბამისად, მოქმედი ხელისუფლების გადადგომის სოციალური დაკვეთაც სწორედ ხალხისგან, ქვედა ფენებიდან, მოდის. პარტიის შეფასებით, ხელისუფლებამ - მათ შორის, პრეზიდენტმა - თავი ვერ გაართვა რიგითი ადამიანის პრობლემების მოგვარებას და, გაუმჯობესების ნაცვლად, გააუარესა მათი საყოფაცხოვრებო და საარსებო პირობები. ლეიბორისტების შეფასებით, გამოსავალი ამ ხელისუფლების გადადგომაა, თუმცა მარტო ესეც არ კმარა. პარტიის გენერალურ მდივანს გიორგი გუგავას მოუსმინეთ.

[გიორგი გუგავას ხმა]“ გადადგეს პრეზიდენტი, გაუქმდეს პრეზიდენტის პოსტი და დავძლიოთ ის სიდუხჭირე და სიღატაკე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.“

საპრეზიდენტო მმართველობამ არ გაამართლა, საქართველოსთვის უფრო მისაღები საპარლამენტო მოდელი იქნებოდა, - ამბობს გიორგი გუგავა. თუმცა აქციის მიზანი მხოლოდ შორსმიმავალი პოლიტიკური გეგმების გახმიანება არ ყოფილა. ოპოზიციურმა პარტიებმა, პრეზიდენტის პოსტის გაუქმების გარდა, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ვითარების გამო, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენეს.

[კობა დავითაშვილის ხმა]“ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, დაივიწყა ყველა თავისი წინასაარჩევნო დაპირება. ასეთი ხელისუფლება ხალხს არ სჭირდება. ჩვენი მოთხოვნები სამართლიანია, ის უნდა შესრულდეს. და ეს არ არის ჩვენი მოთხოვნები, ესაა ხალხის მოთხოვნები. ეს მასობრივ ხასიათს მიიღებს, თუ ხელისუფლება უკან არ დაიხევს.“

ამბობს „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი, რომელმაც ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპოზიცია იწყებს მოქმედი ხელისუფლების თანამდებობებიდან მშვიდობიანი გაშვების პროცესს, ამ პროცესის მთავარი გმირის - ხალხის - მონაწილეობით, თუმცა არა მორიგი ხავერდოვანი რევოლუციის, არამედ სამართლიანი არჩევნების გზით. ოპოზიციის მომავალი ამომრჩეველი კი, თუ საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობით განვსაზღვრავთ, დღეს არც ისე მრავალრიცხოვანი ჩანს. ყოველ შემთხვევაში, არ გამართლდა ლეიბორისტთა პროგნოზი, რომლის თანახმად, ხალხის სიმრავლის გამო, მოძრაობის შეფერხება და რუსთაველის გამზირის გადაკეტვა გახდებოდა საჭირო. აქციის რიგითი მონაწილეების პრეტენზიები კი შემდეგნაირია:

[აქციის მონაწილის ხმა]“ რა ამბავია 51 თეთრი გაზი, 2 და 40 წყალი, როცა წყალს მიაქვს მთელი საქართველო. ჩვენ, ქართველი ხალხი, არ ვვარგივართ. უნდა გამოვიდეს მთელი საქართველო. უნდა მოვაშოროთ ეს, ეს მგლის ხროვა.“

[აქციის მონაწილის ხმა] “ ჩემს 45 ლარს ჯუღელს გავუგზავნი და ბურჯანაძეს. გადაიხადონ მოსაკრებელიც და ყველაფრის – დენის, გაზის, ყველაფრის ფული და, თუ დარჩებათ, იმით იარსებონ.“

[აქციის მონაწილის ხმა]“ ჩემს გვერდით ცხოვრობს მილიონერი. 3 მანქანა ჰყავს. მე კვირაში ერთხელ აბანოში დავდივარ. ატმორი არა მაქვს. იმის თანაბრად რატო ვიხადო მე.“

[აქციის მონაწილის ხმა]“ რა ვიცი, მართლა თუ ყველა არ გამოვიდა და ყველამ არ დააფიქსირა თავისი აზრი და თავისი პოზიცია, მართლა არაფერი არ გვეშველება. შეიძლება სახლში რო გაზარდო რაღაც ცხოველი, იმას მეტი ყურადღება მიაქციო, ვიდრე ეს მთავრობა ჩვენზე ზრუნავს.“


მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებით უკმაყოფილო ადამიანთა ერთი საკმაოდ დიდი სოციალური ჯგუფის, პენსიონერების, მომავალი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება 10 მაისს, თავის მხრივ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის პასიურმა მონაწილემ, კონსერვატიულმა პარტიამ სცადა. პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემის მოთხოვნით კონსერვატორებმა საყოველთაო ყრილობა მოიწვიეს.

[ზვიად ძიძიგურის ხმა]“ 800 000 პენსიონერი დღეს არის პირში ჩალაგამოვლებული, არის მოტყუებული, შეურაცხყოფილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო დანაპირების შესრულება ეს არის ყველა ხელისუფლებისათვის აუცილებელი საკითხი. არ ასრულებენ ამ პირობას და უნდა წავიდნენ.”

ამბობს კონსერვატორთა ერთ–ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური, რომლის განმარტებითაც, პარლამენტს უახლოეს ხანში, 30 000 პენსიონერის ხელმოწერის ძალით, კვლავ მოუწევს კონსერვატორთა მიერ მომზადებული და ერთხელ უკვე დაბლოკილი იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პენსიის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დანიშვნას ითვალისწინებს. პენსიონერთა ყრილობამ კი დააფუძნა საკოორდინაციო საბჭო, რომლის მთავარი ფუნქცია პენსიონერთა საპროტესტო აქციების მოწყობა, სასამართლო პროცესებისათვის ხელმოწერების შეგროვება და პენსიონერთა მასობრივი მოძრაობის ორგანიზება იქნება. მანამდე კი, 10 მაისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას - მოთხოვნებით, გადადგეს პრეზიდენტი, გაუქმდეს საპრეზიდენტო მმართველობა და დაიძლიოს სიღატაკე - პენსიონერთა ყრილობის მონაწილეებიც შეუერთდნენ.
XS
SM
MD
LG