Accessibility links

logo-print

სომხეთი საპარლამენტო არჩევნების სამზადისში


სომხეთში ხვალისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს ბევრი მიმომხილველი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთგვარ პრელუდიად მიიჩნევს

და ვარაუდობს, რომ მისი შედეგი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს პრეზიდენტობისთვის ჭიდილის ბედსაც. შესაბამისად, ბუნებრივია ის ყურადღება, რომელსაც შაბათის კენჭისყრის მიმართ იჩენს არა მარტო ადგილობრივი, არამედ უცხოეთის მედიაც. ოპოზიციის წარმომადგენლები წინასწარვე აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ქოჩარიანის ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს არჩევნების შედეგები გასაყალბებლად და მრავალათასიან საპროტესტო მიტინგებს მართავენ.

[ისმის დემონსტრანტთა შეძახილები]

ეს ჩანაწერი ჩვენმა ერევნელმა კორესპონდენტმა 9 მაისს, ანტისამთავრობო დემონსტრაციის მსვლელობისას გააკეთა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება გააფრთხილეს: თუ კენჭისყრის შედეგების გაყალბების ოდნავი მცდელობა დავინახეთ, ქუჩაში კიდევ უფრო მეტ ხალხს გამოვიყვანთ და პროტესტს კიდევ უფრო აქტიურად გამოვხატავთო.

[ნიკოლ პაშინიანის ხმა] "გამარჯვებას ერთბაშად ვერ მოიპოვებ. გამარჯვებას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიაღწიო. და დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე."

ეს ნიკოლ პაშინიანი იყო, ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესიით - ჟურნალისტი. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხვალინდელი კენჭისყრა არა მარტო სომხეთის ოპოზიციის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებასაც იპყრობს. უცხოეთის მთავრობებმაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ სომხეთისგან მნიშვნელოვან წინსვლას ელიან 2003 წლის არჩევნებთან შედარებით, როცა - საყოველთაოდ გავრცელებული აზრის თანახმად - არჩევნების შედეგები გაყალბებულ იქნა.

ამ განსაკუთრებული ყურადღების დასტურია თუნდაც საერთაშორისო მეთვალყურეთა რიცხვის მკვეთრი ზრდა: თუ 2003-ის არჩევნებზე 180 უცხოელი მეთვალყურე ჩავიდა, წელს მეთვალყურეთა რაოდენობა დაახლოებით ორჯერ მეტია.

ერთ-ერთი მათგანია ჰარი კამარაინენი, ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც სომხეთში არსებულ ვითარებაში კარგად ერკვევა.

[ჰარი კამარაინენის ხმა] "უნდა გვესმოდეს, რომ დიდი ცვლილებები ერთი ხელის დაკვრით არ ხდება და ყოველ ქვეყანას თავისი ტრადიციები აქვს. მაგრამ ჩვენი სურვილია, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს. სომხეთმა საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა დაანახოს, რომ შესწევს უნარი, ჩაატაროს დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები."

მიმომხილველთა აზრით, შაბათის კენჭისყრის შედეგი დიდწილად განაპირობებს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს. ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერს, რობერტ ქოჩარიანს, მესამე ვადით პრეზიდენტობას კონსტიტუცია უკრძალავს. ამიტომ ის და მისი რესპუბლიკური პარტია ცდილობენ, პოზიციები განუმტკიცონ თანაპარტიელ სერჟ სარქისიანს, რომელმაც სულ ახლახან დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი.

ექსპერტთა დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ რესპუბლიკური პარტია შაბათის არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს და საამისოდ გაყალბებასაც არ მოერიდება. თანაც, ოპოზიციამ ერთ ძალად გაერთიანება ვერ მოახერხა და მას არც ისეთი ქარიზმატული ლიდერები ჰყავს, როგორებიც ამ რამდენიმე წლის წინ საქართველოსა და უკრაინაში იყვნენ მაშინდელი ოპოზიციონერები, დღეს კი ამ ქვეყნების პრეზიდენტები. აი, რას ამბობს სომხეთის ოპოზიციის ლიდერებზე არამ აბრამიანი, პოლიტოლოგი და გაზეთ "არავოტის" მთავარი რედაქტორი:

[არამ აბრამიანის ხმა] "რა თქმა უნდა, ისინი ავტორიტეტიანი ლიდერები არიან, მაგრამ მათი ავტორიტეტი მაინც ვერ შეედრება იმ უცილობელ ავტორიტეტს, რომლითაც სარგებლობდნენ იუშჩენკო თუ სააკაშვილი."

გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციურ პარტიათა შორის უძლიერესია "ორინაც იერკირი" ("კანონის ქვეყანა"), რომელსაც სათავეში უდგას პარლამენტის ყოფილი სპიკერი არტურ ბაღდასარიანი. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში მან პირდაპირ განაცხადა, რომ ის და მისი პარტია არ შეურიგდებიან ხელისუფლების მხრიდან კენჭისყრის გაყალბების მცდელობას.

[არტურ ბაღდასარიანის ხმა] "თუ არჩევნების შედეგები გააყალბეს, მე მებრძოლთა წინა რიგებში ჩავდგები. თუ სომხეთში საარჩევნო კანონი დაირღვა, თუ ფართომასშტაბიანი გაყალბება მოხდა, ჩვენ ამას გაბედულად და პრინციპულად შევებრძოლებით. მე იმათ რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც აღარ სურს, საკუთარი ქვეყანა სამარცხვინო მდგომარეობაში იხილოს."
XS
SM
MD
LG