Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოშია


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკის

პრემიერ–მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი. ჩეხეთი საქართველოსთვის ნომერი პირველი ინვესტორი იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ჩეხეთის პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. საქართველოს პრემიერ–მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თბილისის მერთან შეხვედრის შემდეგ, 12 მაისს, მირეკ ტოპოლანეკი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.

მიმდინარე წელს ჩეხურმა კომპანიებმა საქართველოში ორი მსხვილი ინვესტიცია განახორციელეს. ესენია ენერგო–პროს ინვესტიციები ელექტროენერგეტიკულ სექტორში და ბლოკ–ჯორჯიას ინვესტიციები ჯანდაცვის სექტორში. წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჩეხური ინვესტიციების განხორციელება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაშიც იგეგმება. საქართველოში ჩეხეთის პრემიერ–მინისტრსა და რამდენიმე მინისტრთან ერთად იმყოფებიან ასევე ბიზნესმენებიც, რომლებიც საქართველო–ჩეხეთის ბიზნესფორუმში მონაწილეობენ. ამ ფორუმის შედეგები დიდწილად განსაზღვრავს საქართველო–ჩეხეთის ბიზნესპარტნიორობის მომავალს, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელი საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა]“ ალბათ, მოსალოდნელია, რომ წელს ჩეხეთი იქნება საქართველოს ნომერი პირველი უცხოელი ინვესტორი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის მხარდაჭერას ევროკავშირში და, რაც ჩვენთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, ნატოში ინტეგრაციისა და წევრობის საქმეებში. და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩეხეთის პრემიერ–მინისტრს საქართველოში სტუმრობისთვის.“(სტილი დაცულია)

პრემიერ–მინისტრებისა და დელეგაციების შეხვედრებზე კი დეტალურად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ენერგეტიკა, სავაჭრო და სატრანსპორტო მიმოსვლის გამარტივება, სავაჭრო–ეკონომიკური განვითარება ზოგადად და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაცია, რაშიც საქართველო ჩეხეთს თავის საუკეთესო პარტნიორად მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ, პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით, საქართველო და ჩეხეთი ახალგაზრდა სახელმწიფოები არიან, ორივე ქვეყანას ძალიან დიდი კულტურული კავშირები აქვს, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ–მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა, რომლის თქმითაც, ჩეხეთის რესპუბლიკის საქართველოსთან ინტენსიური თანამშრომლობა 1993 წლიდან იწყება:

[მირეკ ტოპოლანეკის ხმა]“წელს საქართველოში ორი მსხვილი ინვესტიცია ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში განვახორციელეთ. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი ინვესტიციები ინფრაქსტრუქტურის სფეროს მოიცავს. ჩვენ შეგვიძლია და ვცდილობთ ჩეხ ბიზნესმენებს საქართველოში თავიანთი საქმიანობის განხორციელების პირობები შევუქმნათ. ამისათვის ძალზე მნიშვნელოვანია სავაჭრო და სატრანზიტო მიმოსვლის გამარტივება.“

აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ–მინისტრმა, რომლის დელეგაციის შემადგენლობაში, ბიზნესმენების გარდა, არიან ვაჭრობისა და ეკონომიკის, კულტურის, თავდაცვის მინისტრები, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტები და სხვა პირები. მათი საქართველოში ვიზიტის პროგრამა, ოფიციალური შეხვედრების გარდა, მოიცავს ასევე ვიზიტებს აჭარასა და კახეთში.
11 მაისის პროგრამა კი საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ თბილისის მერსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებს დაეთმო. უნდა აღინიშნოს, რომ ნინო ბურჯანაძე და მირეკ ტოპოლანეკი უახლოეს რამდენიმე დღეში ერთმანეთს უკვე პრაღაში შეხვდებიან. 12 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება.









XS
SM
MD
LG