Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის მიმოხილვა


გასული კვირა იმით დაიწყო,

რომ საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ეწვია.

[ესტონეთის ჰიმნი]
ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის საზეიმო ცერემონიალი საქართველოს პარლამენტში გაიმართა. აქვე შედგა მასპინძელი და სტუმარი ქვეყნების პრეზიდენტთა მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა. მოგვიანებით გაიმართა დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა პრესკონფერენცია მოაწყვეს და, ძირითადად, პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრეს. რა თქმა უნდა, მთავარი თემები საქართველოს ნატოში გაწევრიანება და რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-ესტონეთის ურთიერთობები იყო.

[ილვესის ხმა] ”ეს საკმაოდ ნათელია, თუ გადახედავ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიულები გახდნენ... რაც უფრო დემოკრატიული ხარ, მით უფრო დიდი წნეხის ქვეშ ექცევი. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩვენს საერთო მეზობელს ესაზღვრებიან, ისინი, რომლებიც დემოკრატიულები არიან, წნეხის ქვეშ იმყოფებიან, მათ კი, რომლებმაც ნაკლებად დემოკრატიული გზა აირჩიეს, ნაკლებად მძიმე ჟამი უდგათ და გაცილებით გაიოლებული აქვთ ურთიერთობები. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთად უნდა დადგნენ.”

ეს იყო ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი.პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ერთად დგომის მაგალითად საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში ესტონეთის მხარდაჭერა დაასახელა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოს მხარდამჭერი, პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ ძალზე ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ჩვენ ჩვენს გზას მივდევთ. ვფიქრობ, ძალიან კარგ გამოძახილს მივიღებთ ნატოდან, საკმაოდ ოპტიმისტურ შეფასებებს. ჩვენ არ ვაპირებთ შევცვალოთ კურსი. ეს ორიენტაცია ფასეულობებზეა დაფუძნებული და ფასეულობები არ იყიდება... და მე ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე საქართველოს ახლანდელი მთავრობა ან ახლანდელი განწყობა ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, მეტად პრონატოურია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდამჭერი. ზოგადად, ეს არის სტრატეგიული ხედვა ჩვენი ქვეყნისათვის, სამომავლო ხედვა.”

გასულ კვირაში საქართველოს, ესტონეთის პრეზიდენტის გარდა, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრიც სტუმრობდა. მირეკ ტოპოლანეკი საქართველო 11 მაისს ეწვია და ვიზიტის პირველივე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და თბილისის მერს შეხვდა. ჩეხეთის პრემიერ- მინისტრს, მთავრობის წევრების გარდა, თან ახლდა ბიზნესმენთა მრავალრიცხოვანი დელეგაცია. მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ბიზნესპარტნიორობას დიდი მომავალი აქვს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „ალბათ, მოსალოდნელია, რომ წელს ჩეხეთი იქნება საქართველოს ნომერი პირველი უცხოელი ინვესტორი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის მხარდაჭერას ევროკავშირში და, რაც ჩვენთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, ნატოში ინტეგრაციისა და წევრობის საქმეებში. და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოში სტუმრობისთვის.“

საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობების პერსპექტივაზე ილაპარაკა მირეკ ტოპოლანეკმაც, რომლის თქმითაც, ორი ქვეყნის ინტენსიური თანამშრომლობა 1993 წლიდან იწყება:

[მირეკ ტოპოლანეკის ხმა] „წელს საქართველოში ორი მსხვილი ინვესტიცია განვახორციელეთ ენერგეტიკისა და ჯანდაცვის სფეროებში. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის სფეროს მოიცავს. ჩვენ შეგვიძლია და ვცდილობთ ჩეხ ბიზნესმენებს საქართველოში თავიანთი საქმიანობის განხორციელების პირობები შევუქმნათ. ამისათვის ძალზე მნიშვნელოვანია სავაჭრო და სატრანზიტო მიმოსვლის გამარტივება.“

გასულ კვირაშივე საქართველოს პრეზიდენტი, ევროპელი სტუმრების მიღების გარდა, თავადაც სტუმრობდა ევროპას. საქმე ის არის, რომ პოლონეთში, კრაკოვში, ვაველის სასახლეში, 11 მაისს დაიწყო ენერგეტიკული სამიტი, რომელზეც პოლონეთის, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ლიტვის ლიდერებმა ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ენერგეტიკული სამიტის ჩატარების ინიციატივით პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მარტში, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას, გამოვიდა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენერგეტიკულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად პოლონელმა კოლეგამ აპრილში, თბილისში სტუმრობისას, მიიწვია.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივას ენერგეტიკის შესახებ სამიტის მოწვევის თაობაზე პოლონეთში...”

ექსპერტების შეფასებით, სამიტი, რომელიც კრაკოვში 11 მაისს გაიხსნა, ჩვენი დროის ყველაზე დიდ ბრძოლას უკავშირდება, ბრძოლას დასავლეთსა და რუსეთს შორის, სადაც ფრონტის ხაზი ენერგეტიკულ პროექტებზე გადის. კრაკოვში იმსჯელეს კასპიის რეგიონიდან, რუსეთის გვერდის ავლით, ევროპაში ენერგომატარებლების მიწოდების პროექტთა რეალიზების პერსპექტივაზე; ასევე იმსჯელეს, კერძოდ, პოლონეთის წინადადებაზეც, რომლის თანახმადაც, ოდესა-ბროდის ნავთობსადენი პლოცკამდე და გდანსკამდე უნდა გაგრძელდეს, რაც ამ მარშრუტით ყაზახური და აზერბაიჯანული ნავთობის საქართველოს პორტებამდე ტრანსპორტირებას, შემდეგ კი ტანკერებით ოდესამდე გადაზიდვას ითვალისწინებს.
ენერგომომარაგების დივერსიფიცირებისთვის ოდესა-ბროდის ნავთობსადენის გაგრძელების წინადადებით, როგორც ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე ამბობს, პოლონეთი კარგა ხანია უშედეგოდ გამოდის:

[ლიანა ჯერვალიძის ხმა] ”წლებია ამაზე მიდის მუშაობა. პოლონელები და უკრაინელები აქტიურად მოძრაობდნენ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში იმისთვის, რომ ეს ტვირთები თავისად დაეგულებინათ, მაგრამ ეს არ ხერხდება. ყველამ იცის, რომ ეს მაინც არის სერიოზული მნიშვნელობის პოლიტიკური პროექტი და მეორე - ეს არის ძალიან ძვირი.... ”

გასულ კვირაშივე საინტერესო მოვლენები განვითარდა საქართველოში, კერძოდ კი, საქართველოს პარლამენტში, სადაც, დეპუტატების მხარდაჭერით, ძალაში შევიდა პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის შექმნას ითვალისწინებს. მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა არა ხელისუფლების ცალკეული განშტოების ძალისხმევის, არამედ ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშის შეთანხმების შედეგია:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ეს დროებითი ადმინისტრაციული ერთეული არის გარდამავალი ფორმის ადმინისტრაციული ერთეული, რომლის საბოლოო მიზანი - თუ ყველაფერი სწორად წავა - არის სრულფასოვანი ავტონომიის ჩამოყალიბება და კონფლიქტის საბოლოო დარეგულირება.“

მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაშივე ცხინვალის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა დიმიტრი სანაკოევი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინაშე 11 მაისს წარდგა.

[დიმიტრი სანაკოევის ხმა] ” ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა და ოსი ხალხის სახელით საუბარი. თქვენი ნებართვით, სიტყვას ჩემს მშობლიურ ენაზე გავაგრძელებ... ”

მშობლიურ ენაზე დიმიტრი სანაკოევმა ქართველებისა და მათთან ერთად, პირველ რიგში, ოსების გასაგონად ქართველების და ოსების მეგობრობისა და ძმობის ტკივილიან ისტორიასა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ურთულეს დღევანდელობაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დროებითი ადმინისტრაციის მეთაურად დანიშნულმა სანაკოევმა საქართველოს პარლამენტიდან ოს ხალხს მიმართა, როგორც ოსი ერის იმ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც თავად იდგა იარაღით ქართველებსა და ოსებს შორის ჩატეხილი ხიდის ერთ მხარეს, მაგრამ რომელმაც მოგვიანებით დაინახა, რომ შეიარაღებულმა დაპირისპირებამ მისი საკუთარი ხალხი ჩიხში მოაქცია, ჩიხში, საიდანაც გამოსავალი ქართველებთან პირდაპირი დიალოგით ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენაა საერთო დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად:

{დიმიტრი სანაკოევის ხმა] ”ოს ხალხს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი მსოფლიოსთვის! ჩვენ არ ვიმსახურებთ იმას, რომ მსოფლიო მხოლოდ ძალადობის კერად გვიცნობდეს! კონფლიქტის ზონიდან სამხრეთ ოსეთი უნდა იქცეს მშვიდობის, ტურიზმის ზონად. ეს არის ჩვენი დღევანდელი გამოწვევა! ეს არის ჩვენი დღევანდელი მიზანი! შევქმნათ ახალი ოსეთი, ძლიერი და ლაღი, ძალადობისგან თავისუფალი და თავისუფალი ხალხის ოსეთი! ჩვენი გზა არის თავისუფლებისკენ, გზა - ძალადობის ტყვეობიდან შესაძლებლობების თავისუფლებისკენ.”

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა, დიმიტრი სანაკოევის გარდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც მოუსმინა. ბევრისთვის მოულოდნელად, საპარლამენტო უმრავლესობამ რომან გოცირიძის საქმიანობა გააკრიტიკა. პარლამენტში უკვე ასახელებენ გოცირიძის შემცვლელის ვინაობას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიშს უმრავლესობა ფრაქციის სხდომაზე განიხილავს, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დადგენილების პროექტს წარმოადგენს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG