Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პარტიზანული მოძრაობის აღზევება და დაცემა


11 მაისს თბილისის

საქალაქო სასამართლოში დაიწყო პარტიზანული დაჯგუფება ”ტყის ძმების” მეთაურის დავით შენგელიას საქმის არსებითი განხილვა. პროცესი, სავარაუდოდ, დიდხანს გასტანს და საზოგადოებას სკანდალს არ ჰპირდება. დავით შენგელიას ნარკოტიკების შენახვისათვის ასამართლებენ და არა პარტიზანული ჯგუფის მეთაურობისთვის. თანაც, სტიქიური პარტიზანული მოძრაობა, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლებამ სხვადასხვა მანიპულაციებისთვის გამოიყენა, კრიმინალში აღმოჩნდა ჩაფლული და ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საერთოდ გაქრა ასპარეზიდან. თუმცა აფხაზეთის ტერიტორიაზე პარტიზანული მოძრაობის ისტორიაში იყო სხვა ეპიზოდებიც და თავგანწირვის მაგალითებიც, რაც დღევანდელ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა შეგახსენოთ.


თბილისში, გმირთა მოედანზე, აღმართულ მარმარილოს მემორიალურ კედელზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა, არ არის ამოტვიფრული დაღუპული პარტიზანების სახელები. არადა, მხოლოდ "ტყის ძმებში" 92 დაღუპული მებრძოლი ირიცხება. მათ შორის არის 27 წლის ზაზა ბერია. იგი ძმასთან, ბესოსთან, და 12 თანამებრძოლთან ერთად, ზუსტად 9 წლის წინ, გალის მოვლენების დროს, ალყაში მოექცა. ბრძოლაში ბესო მძიმედ დაიჭრა, ზაზა კი დაიღუპა. მათი დედა, ქალბატონი თინა მატკავა, ასე იხსენებს 9 წლის წინანდელ ამბავს:

[თინა მატკავას ხმა] "ერთადერთი, რაც მახსენდება, ის არის, რომ, როცა გავიდოდნენ ესენი ბრძოლის ხაზზე, ყოველთვის ვლოცავდი როგორც ჩემს საკუთარ, ისე სხვების შვილებს. და რომ დაბრუნდებოდა ჩემი შვილი, ვეკითხებოდი: 14 მიდიოდით და ხართ თუ არა ყველა ცოცხალი-მეთქი? და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიკითხავდი ხოლმე ჩემს შვილს.როცა მომივიდა ჩემი შვილის დაღუპვის ამბავი, პირველად ვიკითხე: ყველანი არიან თუ არა ცოცხლები-მეთქი? დე, ჩემი შვილი თუ გაიწირა, არა უშავს, სხვები თუ დაბრუნდნენ ცოცხალი-მეთქი. ასე ვაგზავნიდი ამათ ბრძოლის ყოველ გზაზე. "(სტილი დაცულია)

3 წლის წინ, 2004 წლის 3 თებერვალს, - სწორედ ეს თარიღი აღმოჩნდა ქართული პარტიზანულ მოძრაობის საბოლოო დასასრულის დასაწყისი საქართველოში, - ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში ჩატარდა კონტრტერორისტული ოპერაცია, რომლის ძირითადი სამიზნეც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ ქართველ პარტიზანთა ყველაზე უფრო რადიკალური ჯგუფის, "ტყის ძმების", მებრძოლები აღმოჩნდნენ. სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე დათო შენგელიამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ პარტიზანულ მოძრაობას ბევრი უცხო სხეული მიეტმასნა, რაც მას ცუდად შემოუტრიალდებოდა:

[დათო შენგელიას ხმა] ”წელიწადი, წელიწად-ნახევარია, რაც ნადარეიშვილმა გამოაცხადა მორატორიუმი. იმის მერე ნაღდად აირია სიტუაციები და ბევრი იყო მიტმასნილი ამ მოძრაობას და ბევრი სარგებლობდა პარტიზანის სახელით.”

დათო შენგელიას მიერ ნახსენები თამაზ ნადარეიშვილი, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოცხალი აღარ არის. მაგრამ რადიო ”თავისუფლებას” აქვს მისი ხმის ჩანაწერი, სადაც ნადარეიშვილი განმარტავს, თუ რატომ გამოაცხადა მორატორიუმი პარტიზანთა საქმიანობაზე გალის რაიონის ტერიტორიაზე:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] ”მიმაჩნია, რომ პარტიზანული მოძრაობა გალში, საერთოდ, არც უნდა არსებობდეს, რადგან იქ ჩვენი მოსახლეობა არის, როგორც მძევალი, და ხშირად სადამსჯელო ოპერაციები იქ ამ აქტების შემდეგ მიდის.”

თამაზ ნადარეიშვილს მხედველობაში ჰქონდა 1998 წლის ე.წ. გალის მოვლენები, რომელიც ქართველ მოსახლეობას საშინელ ტრაგედიად შემოუბრუნდა. დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს აწ გარდაცვლილი თავმჯდომარე რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ასახელებდა რამდენიმე მილიონ ლარს, რომელიც პარტიზანული მოძრაობის გასაძლიერებლად გამოიყო იმ მიზნით, რომ მომხდარიყო გალის რაიონის გაწმენდა აფხაზ სეპარატისტთა სტრუქტურებისაგან. აფხაზეთის ”მცოცავი რეინტეგრაციის” გეგმის კოორდინატორი იყო მაშინდელი უშიშროების საბჭოს სამდივნო, განუსაზღვრელი უფლებებით, - იხსენებდა 3 წლის წინ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში თამაზ ნადარეიშვილი, რომელიც ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ვერ გაიგო, თუ ვინ იდგა ამ პროვოკაციის უკან:
[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "გალის მოვლენებს მე, საერთოდ, უარყოფითად ვაფასებ. ეს მე დღემდე ვერ გავიგე, რა იყო. თუმცა იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მე ძალიან მაინტერესებს, თუ რა მოხდა, როგორ დაიგეგმა, რა თანხები დაიხარჯა, რა იყო მიზანი - გალის დაბრუნება და წინ წაწევა თუ ის, რაც მოხდა."

1998 წლის მაისის გალის მოვლენები იქ დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ტრაგიკულად შემოუტრიალდა. აფხაზურმა სადამსჯელო რაზმებმა, გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზის მედესანტეების დახმარებით, გადაწვეს 1000-მდე საცხოვრებელი სახლი, დახოცეს პარტიზანების მხარდაჭერაში შემჩნეული რამდენიმე ათეული მოქალაქე და ხიზნად აქციეს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი.

საქართველოს ხელისუფლებამ კი, წარუმატებლობის გამო, ხელის შეწმენდა პარტიზანებზე სცადა, რასაც მათი მხრიდან უპრეცედენტო რეაქცია მოჰყვა. 1999 წელს პარტიზანებმა, რომლებიც ოფიციალურად შინაგან ჯარებში ირიცხებოდნენ, შიმშილობის აქცია წამოიწყეს შჯ-ს შტაბის წინ და მოითხოვდნენ დაპირებული ხელფასების გადახდას.
ხოლო იმან, ვინც ხელგაწვდილი დგომა არ იკადრა, თავის რჩენის გავრცელებულ მეთოდს მიმართა: გააბა კავშირი რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობასა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ უკონტროლო დაჯგუფებებთან და მათთან ერთად კრიმინალური ბიზნესის წილში ”ჩაჯდა”.

ცხადია, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოსულ მიხეილ სააკაშვილს უკვე ხელს აღარ აძლევდა დისკრედიტებული და აფხაზურ კრიმინალურ წრეებს შეზრდილი ქართული პარტიზანული მოძრაობის ნაშთები; განსაკუთრებით არ მოსდიოდა თვალში დავით შენგელია და მისი ”ტყის ძმები”, რომელთა წარმომადგენლები, გავრცელებული ინფორმაციით, მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ ზუგდიდში მოწყობილ შეიარაღებულ პროტესტში ნოემბრის არჩევნების წინ.

შესაბამისად, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ სააკაშვილმა პირველი ხმაურიანი სპეცოპერაცია სწორედ დავით შენგელიასა და მისი მომხრეების წინააღმდეგ განახორციელა.

2004 წლის 3 თებერვალს ზუგდიდსა და წალენჯიხაში ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაცია სწორედ დამნაშავეობის გზაზე დამდგარი პარტიზანების შეპყრობასა და იზოლირებას ისახავდა მიზნად, თუმცა დაკავებულთაგან 17 პირი, რომელთა მიმართაც ეჭვი არ გამართლდა, პოლიციამ მეორე დღესვე გაათავისუფლა.

დავით შენგელია კი მას შემდეგ ზის და ელოდება განაჩენს, რომელიც, ალბათ, უმკაცრესი იქნება. ბრალდების მხარე შენგელიას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასა და გავრცელებას ედავება.
საქართველოში აღარსად ჩანს მეორე პარტიზანული დაჯგუფების, ”თეთრი ლეგიონის”, ლიდერი ზურაბ სამუშიაც.
ჩუმად არის ყველა ცოცხლად დარჩენილი პარტიზანიც, რადგან ეს დუმილი მათი სიცოცხლის ერთადერთი გარანტიაა.




  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG