Accessibility links

logo-print

საქართველო ბრიუსელში IPAP-ის შესრულების ”კარგ” შეფასებას ელის


საქართველოსთვის, რომელიც 2008 წლისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას ელოდება, ეს კვირა მნიშვნელოვანი იქნება.

ბრიუსელში 14 მაისს დაიწყო შეხვედრათა სერია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები IPAP-ით, ანუ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებას გაეცნობიან. ალიანსის შემფასებელთა ჯგუფის დასკვნა, წინასწარი ინფორმაციით, ამჯერადაც პოზიტიური იქნება. მით უფრო, რომ საქართველოს მრავალრიცხოვანი დელეგაცია ნატოს შტაბბინაში ჩადის ახალი იდეებით და ინიციატივებით, რამაც კიდევ ერთხელ უნდა დაარწმუნოს ალიანსის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის უალტერნატივობაში. ბრიუსელში მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრებს შეხვედრების წინ ტელეფონით ვესაუბრე.

16 მაისს, 26+1-ის ფორმატით, ნატოს შტაბბინაში საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე იმსჯელებენ. ამ მიზნით ბრიუსელში უკევ ჩავიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციული პოლიტიკის საკითხებში გიორგი ბარამიძე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი წარმოადგენს მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია, რომელსაც 14 მაისს ჩვენ ბრიუსელში დავურეკეთ და ვკითხეთ, თუ როგორ შეფასებას ელოდება სამხედრო უწყება ალიანსის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან.

[ბათუ ქუთელიას ხმა] ”წინასწარი ინფორმაციით, შეფასება არის საკმაოდ დადებითი, აღნიშნული არის ძალზედ მნიშვნელოვანი პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში, ასევე პოლიტიკურ საკითხებში. ეს ეხება როგორც სამართლებრივ, ასევე ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებს. თუმცა არის ასევე გარკვეული მოსაზრებები, თუ სად ელის ალიანსი საქართვლოს მხრიდან დაწყებული რეფორმების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.”

IPAP-ის შესრულების შესახებ საბოლოო დასკვნა ეფუძნება შეფასებას, რომელიც საქართველოში მყოფმა ნატოს შემფასებელთა ჯგუფმა თებერვლის ბოლოს გამართული შეხვედრების შემდეგ გამოიმუშავა. ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა ფრენკ ბოლანდმა თებერვლის ბოლოს საქართველო ოპტიმისტური განწყობით დატოვა - ხელისუფლება შეაქო და რეფორმების გაგრძელება ურჩია.

[ფრენკ ბოლანდის ხმა] ”ბოლომდე სრულყოფილი არაფერია. მე მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ არის სფეროები, სადაც დროის მოკლე მონაკვეთში უდიდესი წარმატება იქნა მიღწეული. მაგრამ რეფორმები საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. და, რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს სფეროები, სადაც საჭირო იქნება შემდგომი მუშაობა ვითარების გასაუმჯობესებლად. საქართველოში კარგად იციან, რომ გრძელვადიანი დაგეგმვა არის პროცესი, რომელშიც მთელი მთავრობა უნდა იყოს ჩართული. და ეს პროცესი საქართველოში უკვე დაწყებულია.”

ორ თვის წინ, ნატოს შეფასების მისიაზე დიდი შთაბეჭდილება რომ მოეხდინა, საქართველოს პრეზიდენტი 25 თებერვალს სენაკის სამხედრო ბრიგადას ეწვია და იქ ხელი მოაწერა სახელმწიფოებრივ აქტს, რომელიც მომავალი ოფიცრებისათვის სპეციალურ შეღავათებსა და პრივილეგიებს ითვალისწინებს. ბრიუსელში 26+1-ის ფორმატით დაგეგმილი შეხვედრის წინ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ალიანსის ხელმძღვანელობის გაკვირვება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სფეროს დაფინანსება თითქმის გაორმაგდა და მილიარდ ლარს მიაღწია. ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ექვსი % , რამაც, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ალიანსის წევრი სახელმწიფოები კეთილი შურით აღავსო.

[ბათუ ქუთელიას ხმა] ”ასე რომ, შურის თვალითაც კი გვიყურებენ. თუმცა აქვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სისტემის არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს ამ თანხებისა და რესურსების ადეკვატურად და ტრანსფარენტულად ხარჯვას.”

გაზრდილი სამხედრო დანახარჯების გამჭვირვალედ ხარჯვის გარდა, ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს აინტერესებთ, იზრდება თუ არა შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე, როგორია ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართალწარმოების მდგომარეობა საქართველოში და რამდენად არის ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრი მზად 2008 წელს ჩაატარონ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ნატოს შეფასებით დოკუმენტში ამ ყველაფრის ირგვლივ იქნება საუბარი. თუმცა დეტალები, რომელშიც, როგორც ამბობენ, ეშმაკები ბუდობენ, ფართო საზოგადოებისათვის კვლავაც უცნობი დარჩება, ალიანსის მკაცრი განაწესიდან გამომდინარე.
XS
SM
MD
LG