Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსკასპიური გაზსადენის პერსპექტივა მოსკოვი-ასტანა-აშხაბადის შეთანხმების ფონზ


გასული კვირის ბოლოს, მაშინ, როცა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მასპინძელი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და ლიტვის ლიდერები

კასპიის რეგიონიდან ევროპაში – რუსეთის გვერდის ავლით – ენერგომატარებლების გადაქაჩვის გზებზე მსჯელობდნენ, ცენტრალურ აზიაში შედგა შეთანხმება, რომელმაც მსოფლიო ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის ჩაშლის საშიშროებაზე აალაპარაკა. ვგულისხმობთ მოსკოვი-ასტანა-აშხაბადის შეთანხმებას გაზსადენის მშენებლობის თაობაზე, რომლითაც თურქმენული ბუნებრივი აირი, ყაზახეთის გავლით, რუსეთის სისტემას უნდა შეუერთდეს. ”პუტინმა ამ შეთანხმების მიღწევით უძლიერესი დარტყმა მიაყენა ამერიკელების მცდელობას მიეღწიათ ცენტრალური აზიის ენერგომატარებლების ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით ტრასპორტირებისთვის”, - წერს გაზეთი ”ნიუ-იორკ ტაიმსი”. საქართველოში კი პროცესებს არც ისე პესიმისტურად უყურებენ.

”საქმე რთულად არის, თუმცა იმედი არ უნდა გადავიწუროთ”, - ამბობს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე იმის შესახებ საუბრისას, ჩაშლის თუ ვერა მოსკოვის, ასტანისა და აშხაბადის შეთანხმება პროექტს, რომლის საბოლოო მიზანიც რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების ევროპისკენ ტრანსპორტირებაა. ეს პროექტი დასავლეთისთვის თუ, გაზის ფაქტორის გამო, ევროპაზე რუსეთის გავლენის შესუსტების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საკუთარი გეოპოლიტიკური ფუნქციის გასაძლიერებლად. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ის ინტერესი, რომელიც საქართველოში დასავლეთსა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ ომს უკავშირდება და ის ენთუზიაზმიც, რომლითაც გასული კვირის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში არაფორმალურ ენერგეტიკულ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინის, პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტები ოდესა-ბროდის მილსადენის პოლონეთის ქალაქებამდე - ბროდსა და გდანსკამდე - გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, აზერბაიჯანული - და არამარტო აზერბაიჯანული - ნავთობის ევროპაში ტრასპორტირებისთვის. სამიტზე ყახაზეთს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე წარმოადგენდა, რადგან ყაზახეთის პრეზიდენტი იმ დროს პუტინთან შეხვედრით იყო დაკავებული. ოდესა-ბროდი-გდანსკის პროექტის ამუშავება, ზოგიერთი ქართველი ექსპერტის აზრით, გარკვეულ ეტაპზე, მილსადენის მხოლოდ აზერბაიჯანული ნავთობით დატვირთვის პირობებშიც შეიძლება, მაგრამ, არჩილ გეგეშიძის აზრით, სასურველია და გადამწყვეტიც, ამ მიმართულებით აზერბაიჯანულ ნავთობს ცენტრალური აზიის რესურსიც დაემატოს:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”ეს კი უკვე ტრანსკასპიურ თემას გულისხმობს, რაც რთული თემაა, რადგან საკითხი ეხება კასპიის ზღვის სტატუსის თემას, რომელსაც იყენებს რუსეთი - და, მასთან ერთად, ირანი - იმისთვის, რომ არ დაუშვან მათი ინტერესების საწინააღმდეგო პროექტების რეალიზაცია.. ”

რუსეთი ცდილობა შეეწინააღმდეგოს ეგრეთ წოდებულ განედურ ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთის პროექტებს და ეს მცდელობა უკავშირდება მის მიზანს, იქცეს ენერგეტიკულ ზესახელმწიფოდ, მაგრამ, ისევ არჩილ გეგეშიძის თქმით, დღევანდელი სირთულეები, იგივე გასული კვირის შეთანხმება პუტინსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შორის, არ ნიშნავს, რომ ენერგეტიკული ომი რუსეთთან წაგებულია... პროცესი გრძელდება, სულ მალე დაიწყება მოლაპარაკების ახალი რაუნდი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ენერგეტიკულ საკითხებზე, მათ შორის - ტრანსკასპიურ პროექტებზეც. არჩილ გეგეშიძის თქმით, რაც უფრო კონსოლოდირებული იქნება ევროკავშირი ასეთ მოლაპარაკებებზე, მით უფრო ანგარიშგასაწევი იქნება მისი პოზიცია. ”იმედი მაინც არის, რადგან ცენტრალური აზიის რესურსები საკმარისია იმისთვის, რომ სხვადასხვა მიმართულების პროექტებს მოხმარდეს”, - აღნიშნავს ქართველი ექსპერტი და საქართველოსთვისაც ასე მნიშვნელოვანი მიმართულების სასარგებლოდ ნათქვამს დასძენს:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”ექსპორტიორს სურს უფრო სტაბილური ბაზრისკენ წარმართოს თავისი რესურსები. შესაბამისად, თანაბარ პირობებში უპირატესობა უნდა მიეცეს ევროპისკენ მიმავალ ენერგოდერეფანს...”

ნახსენები მიმართულების პერსპექტივაზე საუბრისას ოპტიმიზმს ინარჩუნებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ორშაბათს პრაღაში, რადიო ”თავისუფლებაში”, სტუმრობისას მას თურქმენული რედაქციის თანამშრომელმა სთხოვა, შეეფასებინა პუტინის, ნაზარბაევისა და ბერდიმუხამედოვის შეთანხმება კასპიური გაზსადენის მშენებლობის თაობაზე... რამდენად უქმნის ეს შეთანხმება საფრთხეს ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის რეალიზაციას? - ამ შეკითხვაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი ასეთი იყო:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”თქვენ ბუნებრივი აირის მართლაც უზარმაზარი რესურსი გაქვთ. მე არ ვარ გარკვეული პროექტების წინააღმდეგი, თუმცა მართლაც ცუდი იქნება, თუკი ეს პროექტი დაბლოკავს ყველა სხვა პროექტს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვაქვს საშუალება შევქმნათ ახალი მილსადენები. რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამიტი პოლონეთში. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ნაზარბაევმა ვერ შეძლო იქ ჩასვლა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება სხვა შეხვედრების გამართვა, რომლებში მონაწილეობას ყაზახეთი და თურქმენეთიც მიიღებენ. თანამშრომლობის საკმაოდ ფართო საშუალება არსებობს და, შესაძლებელია, ახალი კონტრაქტების გაფორმება თურქმენეთის ხელისუფლებასთან იმგვარად, რომ მოხერხდეს შეთანხმება თურქმენეთის ბუნებრივი აირის ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში ტრანსპორტირების თაობაზე.”
XS
SM
MD
LG