Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის

შექმნისა და მის ხელმძღვანელად დიმიტრი სანაკოევის დანიშვნის ეფექტზე მსჯელობას ქართული პრესის ფურცლებზე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა, თუმცა პირველი გვერდების ცენტრალური ადგილები დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ეთმობოდა: ”რა მოხდა ფეხბურთის ფედერაციაში?”, ”ვინ გადააყენა გიორგი ნემსაძე? პოლიტიკური სკანდალი, თუ პოლიტიკური ცირკი?”, ”ვინ დაადგამს თავს ქართულ ფეხბურთს? გამარჯვებულმა ნემსაძემ გვირგვინი ჯერაც ვერ დაიდგა” - ასეთი სათაურებით ეხმაურება პრესა ფეხბურთის ფედერაციაში შექმნილ ვითარებას. თუმცა ცალსახა პასუხის გაცემა ვერც ერთმა გაზეთმა ვერ შეძლო. თითოეული მათგანი ამ პროცესში პოლიტიკოსების მონაწილეობაზე მიანიშნებს. ”24 საათი” ასკვნის: ”ამ ხნის მანძილზე იმდენი ჭორ-მართალი ითქვა, თავგზა აგებნეოდა. თუმც ამათგან ყველაზე სარწმუნო ის გვეჩვენა, რომ ფედერაციის ყრილობის შედეგების გადასინჯვა ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ხდებოდა, ანუ ქართული ფეხბურთის მოედანი პოლიტიკური დაჯგუფებების დაპირისპირების სარბიელად იქცა”, - წერს ”24 საათის” სპორტული მიმომხილველი.

ახლა კვლავ კონფლიქტის თემას მივუბრუნდები. ”რეზონანსი” აქვეყნებს ინტერვიუს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევთან, რომელიც ამბობს: ”კოკოითის ულტიმატუმები სასაცილოა. საქართველოს ხელისუფლებას ჩვენთან ერთად უნდა დიალოგის გამართვა. კოკოითმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას შეუძლია სიტუაციის არევა და კონფლიქტური ვითარების შექმნა. როგორც კი ის დაიწყებს საომარ მოქმედებას, ყველა დარწმუნდება, რომ დამნაშავე არის არა საქართველო, არამედ ”სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლება. მაშინ ერი დაფიქრდება, უღირთ თუ არა მათ ომი”, - ამბობს დიმიტრი სანაკოევი ”რეზონანსთან” ინტერვიუში.

”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს, რომელიც ფიქრობს, რომ თუკი სანაკოევი კონფლიქტის ზონის ეკონომიკურ აღდგენას ვერ შეძლებს, მის იქ ყოფნას აზრი არა აქვს. ამას გარდა, ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შედეგებზე საუბრისას არეშიძე ამბობს: ”შეცდომებს ჩვენც ვუშვებთ და კოკოითიც, თუმცა კოკოითის დაშვებული შეცდომები აგონიის შეფასებას არ იძლევა. კარგი იქნებოდა, ასე რომ ყოფილიყო, მაგრამ ასე არ არის. კარგი იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება მოსახლეობის მოტყუებას თავს დაანებებს. კოკოითის ხელისუფლება დასუსტებულია, მაგრამ აგონიაში არ არის. თუ ჩვენი ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს გადადგამს, კოკოითს აგონიამდე მართლა მივიყვანთ”, - ასე ფიქრობს კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე, რომელთან ინტერვიუსაც ”ახალი თაობა” აქვეყნებს.

დასასრულ, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაზე: გაზეთი ”კვირის პალიტრა” ერთმანეთის გვერდიგვერდ აქვეყნებს პარლამენტის უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებთან, გიგა ბოკერიასა და დავით გამყრელიძესთან, ინტერვიუებს. საუბრის მთავარი თემა კერძო საკუთრების დაცვის საკითხზე წამოწყებული პოლიტიკური დიალოგის ჩაშლა გახლავთ. ”ოპოზიციის ბრალდებებს მხოლოდ ერთი საფუძველი აქვს - მათ შეეშინდათ, არავინ გვითხრას, მთავრობას შეეკარითო და პასუხისმგებლობა არ აიღეს საკუთარ თავზე. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ზოგიერთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს კერძო ინტერესი ჰქონდეს რაიმე ქონების შესახებ მიმდინარე დავაში და ამიტომ აკეთებდეს მწვავე განცხადებებს. ეს მჭახე განცხადებები ძალზე იაფფასიანია და ოპოზიციის სისუსტის ნიშანია. ამაში ბატონ ბენდუქიძეს ვეთანხმები”, - ამბობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში. ამავე გაზეთის კორესპონდენტთან საუბრისას მემარჯვენეთა ლიდერი დავით გამყრელიძე ამბობს: ”თუ შევარდნაძის დროს მასობრივი კორუფცია იყო, დღეს ელიტური კორუფციაა. ზედა ეშელონებში, მიხეილ სააკაშვილის სანათესაოსა და ძალოვანი მინისტრების ხელში მილიონებია მოქცეული. ამის მაგალითია ირაკლი ოქრუაშვილი. როდის იშოვა ეს ფული? ჩვენ ხომ ვამბობდით, თავდაცვის სამინისტროში ყველაზე დიდი კორუფციაა, ოქრუაშვილი სახელმწიფო რეკეტით არის დაკავებული, ჯართისა და სხვა საექსპორტო ბიზნესიდან იღებს მნიშვნელოვან წილს ვითომ ქართული არმიის ასაშენებლად-მეთქი”, - აცხადებს დავით გამყრელიძე ”კვირის პალიტრასთან” საუბარში.
XS
SM
MD
LG