Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მოსამართლის დღე აღნიშნეს


1999 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ყოველი წლის 15 მაისს მოსამართლის დღე აღინიშნება.

მართლმსაჯულების მსახურთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებისთვის საზეიმო მიღება გამართა. კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოსამართლის დღე მასშტაბურად და პომპეზურად აღინიშნება, ხოლო მოსამართლეობა ყველაზე პატივსაცემ და დაფასებულ პროფესიად ითვლება. რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? როგორი უნდა იყოს მოსამართლე და რა პრობლემებს აწყდებიან თემიდას მსახურები საქართველოში?


საქართველოში მიმდინარე რეფორმის ძირითად მიზანს ისეთი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ქვეყანაში არაკორუმპირებული, სწრაფი, მაღალკვალიფიციური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელებას, - ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, თუმცა იქვე მიანიშნებს იმ პრობლემაზე, რომლის დაძლევის გარეშე სასამართლო რეფორმა წარმატებული ვერ იქნება. იგულისხმება მოსამართლეთა მიუკერძოებლობა:

[კონსტანტინე კუბლაშვილის ხმა] „მე ვიცი, რომ მოსამართლეებს აქვთ გამბედაობის პრობლემა. ამ კუთხითაც ბევრი აქვთ სამუშაო. მოსამართლე უნდა იყოს გაბედული. ის არ უნდა ფიქრობდეს რაღაც ეფემერულ საფრთხეზე. მოსამართლემ თვითონ უნდა შეძლოს გაბედულად და დასაბუთებულად მიიღოს გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში მას ვერავინ შეეხება.“

კონსტანტინე კუბლაშვილის ამ ნათქვამს იზიარებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დავით სულაქველიძე, რომლის თქმითაც, ყველაფერი მოსამართლის პიროვნებაზე, მის პროფესიონალიზმსა და პრინციპულობაზეა დამოკიდებული. დავით სულაქველიძის თქმით, არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რაც მოსამართლის შრომას ამძიმებს:

[დავით სულაქველიძის ხმა] „ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ძალიან გადატვირთულია მოსამართლის საქმიანობა. ძალიან ბევრი საქმეა. მოსამართლეთა კორპუსი მთლიანად არ არის დაკომპლექტებული. ცალკე პრობლემაა ის, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაც გაუგებრობებს იწვევს.“

მოსამართლეთა დეფიციტი, რომლის შესახებაც დავით სულაქველიძე ლაპარაკობდა, უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში აღმოიფხვრება. რეფორმის გეგმის მიხედვით, საქართველოს სულ 400-მდე მოსამართლე სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის. მაინც როგორი უნდა იყოს მოსამართლე? რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი? მე ამ შეკითხვით თბილისელებს მივმართე.

[მამაკაცის ხმა] „მოსამართლე ობიექტური უნდა იყოს. განათლება და ხალხის სიყვარული უნდა ჰქონდეს. მოსამართლე ყველაზე დიდი შეგნების, ყველაზე დიდი გაგებისა და განათლების უნდა იყოს.“

[ქალბატონის ხმა] „მოსამართლე თავისი საქმის მცოდნე უნდა იყოს. პირველ რიგში, პროფესიონალი უნდა იყოს. ასევე უნდა იყოს თავისუფალი და მიუკერძოებელი.“

არის თუ არა მოსამართლე თავისუფალი? ამ კითხვას არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელი მანანა კობახიძე უარყოფითად უპასუხებს:

[მანანა კობახიძის ხმა] „კორუფციის შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ მართლმსაჯულებაში პრობლემები არ არის, ანუ თუ არ იღებენ ქრთამს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არის სატელეფონო სამართალი. სამაგიეროდ არის ის, რომ მოსამართლე ემორჩილება პროკურატურას და პირდაპირ იღებს გადაწყვეტილებას იმის შიშით, რომ არ გახდეს პროკურატურის მხრიდან დევნის მსხვერპლი. ასეთია დღევანდელი რეალობა.“

მანანა კობახიძის თქმით, სასამართლო ხელისუფლების ხარვეზებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მკვეთრად მოიმატა საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილ საქმეთა რიცხვმა, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ბოკერია:

[გიგა ბოკერიას ხმა] „დინამიკა იმისა, რა ცვლილებებიც ხდება სასამართლო ხელისუფლებაში, არის ცალსახად პოზიტიური და ეს არ არის მარტო ჩემი აზრი. სასმართლო დღეს, ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, არის არსებითად მეტად დამოუკიდებელი, ვიდრე იყო გუშინ, იმიტომ რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც იყო ზედამხედველი ორგანო, პრაქტიკულად პრეზიდენტის მრჩეველი ორგანო იყო და მისი მეშვეობით ახორციელებდა პრეზიდენტი ზედამხედველობას სასამართლო ხელისუფლებაზე, შემდეგ დევნა ხორციელდებოდა დისციპლინარული საბჭოს მეშვეობით. ის ცვლილებები, რაც სასამართლო ხელისუფლებაში მოხდა, განსაკუთრებით ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, არის რევოლუციური.“

გარდა ამისა, რეფორმის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს სასამართლოების გამსხვილების პროცესი. თბილისში უკვე გაერთიანდა ხუთი რაიონული სასამართლო და შეიქმნა ერთი საქალაქო სასამართლო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით გატარდება სასამართლოების გამსხვილებისათვის საჭირო ღონისძიებები, რის შედეგადაც 70 სასამართლოდან მხოლოდ 15 დარჩება. სასამართლო რეფორმის მესვეურები ასევე ირწმუნებიან, რომ სულ მალე საქართველოში შესაძლებელი გახდება სწრაფი, მაღალკვალიფიციური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG