Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ”მილების ბრძოლა გრძელდება” - ზოგადად ასე შეიძლება ეწოდოს თემას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში

რუსეთის ბეჭდვით მედიაში განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობდა. თუ გაზეთების ერთი ნაწილი პუტინ-ნაზარბაევ-ბერდიმუხამედოვის შეთანხმებას რუსეთის მორიგ გამარჯვებად აფასებს, მეორე ნაწილი უფრო თავშეკავებულად აცხადებს, რომ შუა აზიიდან ევროპაში ენერგომატარებლების ექსპორტის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.


”მილი - მარჯვნივ, მილი - მარცხნივ” - ასეთი სათაურით აქვეყნებს დღევანდელი გაზეთი ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” სტატიას პრეზიდენტ პუტინის თურქმენეთსა და ყახაზეთში ვიზიტის შედეგების შესახებ. გაზეთის აზრით, გადაჭარბებული იქნებოდა იმის თქმა, რომ სამი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრისას ეპოქალური გადაწყვეტილებები მიიღეს, თუმცა არც მიღწეული შედეგის იგნორირება ივარგებს. მაშ ასე, რას მიაღწია რუსეთმა? - ”პირველი, შეაფერხა ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა კასპიის ფსკერის გავლით და რუსეთის გვერდის ავლით, რაც ნიშნავს, რომ, ჯერ ერთი, რუსეთი კვლავ შეინარჩუნებს ევროპის ენერგომომმარაგებლის ძირითად სტრატეგიულ როლს და, მეორეც, არსებული გაზსადენის პარალელურად კიდევ ერთ მილსადენს მიიღებს, რაც, ძველის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ევროპას გაზის გარეშე არ დატოვებს.” მაგრამ, განაგრძობს გაზეთი, აღმოსავლეთში რომ ცალსახა პასუხები არ არსებობს, ეს სამი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრამაც დაადასტურა. თურქმენეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მილსადენის ალტერნატიული, ტრანსკასპიური გაზსადენის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა ნაადრევია. კიდევ ერთი ციტატა: ”თურქმენეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა მშვენივრად უწყიან, რომ დღეს პუტინს უფრო სჭირდება ისინი, ვიდრე მათ - რუსეთის პრეზიდენტი. უეჭველია, რომ შუა აზიის რესპუბლიკების პრეზიდენტები ამას გამოიყენებენ და რუსეთისგან ახალ დათმობებს მოითხოვენ, იქნება ეს გაზის შესყიდვის ფასის ზრდა თუ ამ ქვეყნების ეკონომიკაში რუსული ინვესტიციების გაძლიერება.”
რუსეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების გადაწყვეტილება ახალი გაზსადენის მშენებლობის შესახებ პოსტსაბჭოთა სივრცეზე აშშ-ის გავლენას შეამცირებს - ასეთ პროგნოზს აკეთებს ”როსიისკაია გაზეტასთან” საუბრისას პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსეი მაკარკინი. ექსპერტის აზრით, უკვე სექტემბერში საბოლოოდ გაირკვევა ახალი მილსადენის მშენებლობა, რაც წერტილს დაუსვამს დასავლეთში პოპულარულ პროექტს ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის შესახებ: ”მართალია, ეს იდეა დასავლეთში ჯერ კიდევ პოპულარულია, მაგრამ გაჩნდა ეჭვი, საკმარისი თუ იქნება თურქმენული გაზი ორი დიდი მილის დასატვირთად. შესაბამისად, რუსეთი შეინარჩუნებს თავის როლს ენერგეტიკულ სფეროში და პოზიციას დასავლეთთან დიალოგისას. ხომ ნათელია, რომ სერიოზულ მომმარაგებელს სხვაგვარად ელაპარაკები,” - ციტატის დასასრული. ალექსეი მაკარკინის აზრით, შუა აზიის რეპუბლიკების ლიდერები რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს არ იტყვიან, თუნდაც უზბეკეთის მაგალითის გათვალისწინებით. კვლავ ციტატა პუბლიკაციიდან: ”არცთუ დიდი ხნის წინ უზბეკეთმა სტრატეგიულ პარტნიორად აშშ აირჩია და სუამშიც გაწევრიანდა. და რა მიიღო? ანდიჟანის მოვლენების შემდეგ ვაშინგტონმა დისტანცირება დაიწყო კარიმოვის რეჟიმისგან და სანქციებზეც კი ალაპარაკდა. ყაზახეთისა და თურქმენეთის პირველ პირებს თავისი სპეციფიკური პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი - ნაზარბაევი ხელისუფლების გადაბარებაზე ფიქრობს, ბერდიმუხამედოვი კი ძალოვან მინისტრებზე ზეგავლენის შენარჩუნებას ცდილობს. ასეთ პირობებში დასავლეთზე დაყრდნობა წინდაუხედაობა იქნებოდა, - წერს დღევანდელი ”როსიისკაია გაზეტა.”


XS
SM
MD
LG