Accessibility links

logo-print

ელის თუ არა ქართულ ფეხბურთს უეფას სანქცია პრეზიდენტის სკანდალური არჩევნების გამო


საქართველოს ფეხბურთის პრეზიდენტის სკანდალურმა არჩევნებმა მეორე დღეა, საქართველოში ყველა პოლიტიკური თემა გადაწონა.

ხმათა უპირატესობით გამარჯვებულმა გიორგი ნემსაძემ, არჩევნებიდან ერთ საათში, ზოგადი განცხადება დაწერა პოსტიდან გადადგომის შესახებ. წარსულში ცნობილი ფეხბურთელისა და თბილისის საკრებულოს წევრის ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ სპორტული მედია და საზოგადოება ერთხმად ალაპარაკდა პოლიტიკური კლანების გააფთრებულ ბრძოლაზე მმართველი პარტიის შიგნით და უეფა-ს მხრიდან მოსალოდნელ სანქციაზე. რა შეიძლება ელოდეს ქართულ ფეხბურთს სკანდალური არჩევნების შემდეგ?


13 მაისს, ყველა ქართველი ფეხბურთის მოყვარულისათვის საკრალურად ქცეულ დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი მოევლინა, მაგრამ სულ რაღაც 45 წუთით. გიორგი ნემსაძემ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კანდიდატმა, პირადი განცხადების საფუძველზე, დათმო პოსტი, რომელიც მოქმედ პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს უშეღავათო საარჩევნო ბრძოლით დაატოვებინა. გიორგი ნემსაძეს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრთა უმრავლესობის გარდა, მხარს უჭერდა უმრავლესობა სპორტული ჟურნალისტებისა, რომლებიც დღეს ერთხმად აცხადებენ, რომ გიორგი ნემსაძე საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ აიძულა გადამდგარიყო. პოპულარულ სპორტულ გაზეთ ”სარბიელის” კორესპონდენტმა კობა ინასარიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ქართული ფეხბურთი მმართველი პოლიტიკური კლანების ბრძოლის ასპარეზად იქცა:

[კობა ინასარიძის ხმა] ”ეს იყო, აი, ამ ორი კლანის - ასე ვთქვათ, ორი დაჯგუფების - დაპირისპირება: აქეთ ეს ბოკერია და მისი საპარლამენტო მეგობრები და იქით კირკიტაძე და ეს ახალგაზრდული ფრთა, ასე ვთქვათ.”(სტილი დაცულია)

პოლიტიკური კლანების დასახელებული წარმომადგენლები ოფიციალურ კომენტარებს არ აკეთებენ. დუმს საქართველოს პრეზიდენტი, რომლის კაბინეტშიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყდა 13 მაისის ღამეს კენჭისყრის შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების ჩატარება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. გაზეთ ”24 საათის” სპორტული მიმომხილველი მიხეილ აბაიშვილი დარწმუნებულია, რომ, პოსტზე ნებაყოფლობით უარის თქმით, გიორგი ნემსაძემ საქართველოს აარიდა უეფას მხრიდან ის საშინელი სანქციები, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებდა ქართულ ფეხბურთს:

[მიხეილ აბაიშვილის ხმა] ”მცირე ხნის წინ საბერძნეთი გარიცხეს უეფადან და ფიფადან. ასეთი რამ მოხდა აზერბაიჯანში ერთი წლის წინათ და შემდეგ ალიევმა უკან დაიხია და აღადგინეს აზერბაიჯანი უეფასა და ფიფაში.”

დაიხევს თუ არა უკან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ძნელი სათქმელია. კულუარებში არც იმას გამორიცხავენ, რომ სააკაშვილმა, რომელიც არ არის დაინტერესებული სკანდალი უეფას ყურამდე მივიდეს, შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ხელახალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ათქმევინოს ნოდარ ახალკაცსაც. მით უფრო, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უკვე ჰქონდა საჯარო გაფრთხილება მიღებული საქართველოს პოლიტიკის მთავარი არბიტრისგან.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]”მთავრობას არ აქვს უფლება, უეფას წესებით, ჩაერიოს ფედერაციის საქმიანობაში, მაგრამ კარგად გაახსენეთ ფედერაციის ახლანდელ თავმჯდომარეს, თუ რა ბედი ეწია მის წინამორბედს. და ჩვენ არ ჩავერევით, მაგრამ პრობლემები შეიძლება შეექმნას, გადაეცით ეს ახალკაცს. თავს ნუ იჭრის ბოლომდე.”

ნოდარ ახალკაცის წინამორბედი, ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ორჯერ დაიჭირეს და ორჯერვე დიდი რაოდენობით თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს საპყრობილიდან. სპორტული ჟურნალისტების თქმით, გიორგი ნემსაძე, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, აპირებდა ჩაეტარებინა ფედერაციის ფინანსური აუდიტი, რაც ნათელს გახდიდა უამრავ ფინანსურ მაქინაციას პოსტრევოლუციურ ქართულ ფეხბურთში. ასეთი სკანდალი კი ხელს არ აძლევდა არც პოლიტიკურ ელიტას, არც ფედერაციის პრეზიდიუმს და არც ნაკრების მწვრთნელს კლაუს ტოპმიოლერს, რომელიც, კობა ინასარიძის თქმით, საჯაროდ უჭერდა მხარს ნოდარ ახალკაცს:

[კობა ინასარიძის ხმა] ”ტოპმიოლერის პოზიციამაც ითამაშა აქ თავისი როლი. და მე მგონია, რომ ეგეც ისპეკულიანტა ფედერაციამ ტოპმიოლერის ამ სიტყვებით.”(სტილი დაცულია)

შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ფეხბურთის პრეზიდენტის ხელახალი არჩევნებია. თუმცა, როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, 2007 წლის 13 მაისი მწარედ ემახსოვრება საქართველოში ყველა ფეხბურთის მოყვარულს, - ახალ თაობასაც და ძველსაც, - რომლებისთვისაც ეს დღე აქამდე მხოლოდ ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ გამარჯვებასთან - თბილისის ”დინამოს” 24 წლის წინანდელ ლეგენდარულ გამარჯვებასთან - ასოცირდებოდა.
XS
SM
MD
LG