Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოდან მესამე ქვეყანაში გადასვლას ითხოვენ


თბილისში, გაეროს უმაღლესი კომისარიატის შენობასთან, მეორე დღეა ჩეჩენი ლტოლვილები შიმშილობენ.

ისინი საქართველოში გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას აპროტესტებენ და ცხოვრების ნორმალურ პირობებს, აგრეთვე, უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ, ხოლო რადგან ამ მოთხოვნების რეალიზაციის იმედი ნაკლებად აქვთ, მესამე ქვეყანაში გადასვლის სურვილს გამოთქვამენ. თბილისში საპროტესტო აქციის გასამართად ჩეჩენი ლტოლვილები პანკისის ხეობიდან ჩამოვიდნენ. საპროტესტო აქციაში 6 ოჯახი, სულ 26 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის, ბავშვებიც. რატომ სურთ ჩეჩენ ლტოლვილებს საქართველოდან წასვლა, რამ აიძულათ ისინი პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართათ?

[ჩეჩენი ქალის ხმა] ”ჩვენს ბავშვებს საჭმელი არა აქვთ. არ დამიჯერებეთ, ზოგჯერ დღეები გადის, რომ შაქარიც არ გვაქვს, პურისთვის არ გვყოფნის ფული ზოგჯერ...
მეც და აქ მყოფ სხვა ლტოლვილებსაც არაფერი გვინდა საქართველოსგან. რუსეთმა ჩვენს ბავშვებს წაართვა ბავშვობა, საქართველო კი მათ მომავლს ართმევს. აღარ გვინდა საქართველოს ტერიტორიაზე, პირადად მე არ მინდა აქ ყოფნა.. ”

თბილისში - გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან - მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე ეს ქალბატონი 6 სულიან ოჯახთან ერთად პანკისში ერთ ოთახში ცხოვრობს.... ამბობს, რომ ის და სხვა ჩეჩენი ლტოლვილები, დახმარების სახით, მხოლოდ პროდუქტებს იღებენ, თუმცა ისე, რომ ნახევრად მშივრები რჩებიან....

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის შენობასთან ჩეჩნების აქცია 14 მაისს დაიწყო. აქციის მონაწილეებმა წარმომადგენლობას საკუთარი მოთხოვნები წერილობით გაუგზავნეს. მოთხოვნები ასეთია: მოხდეს საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიება, ჩეჩენ ლტოლვილებს გაუუმჯობესდეთ ცხოვრების პირობები, მიეცეთ უსაფრთხოების გარანტიები.... ჩეჩენ ლტოლვილებს საქართველოში ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების იმედი არა აქვთ. შედარებით უკეთეს პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრებისთვის მათ უმეტესობას მესამე ქვეყანაში გადასვლა სურს. აი, რა გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილე ჩეჩენმა ქალმა:

[ ჩეჩენი ლტოლვილის ხმა] ” ჩვენ ვიცით, რომ ის, რასაც ამბობს გაერო, რასაც ამბობს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვენთან დაკავშირებით, არ შესრულდება. ისინი ჩვენგან ითხოვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას, ეს კი ჩვენ არ შეგვიძლია.. ამ საზოგადოებას თავისი გადაუჭრელი პრობლემები აქვს... ”


”საქართველოს თავისი პრობლემები აქვს, საქართველოში ჩვენთვის არავის სცალია,” - გვითხრა ჩეჩენმა ლტოლვილმა ქალმა. ის და მისი მეუღლე საქართველოდან ევროპაში გადასვლის გზებს ეძებენ.

[ჩეჩენი ლტოლვილის ხმა] ”იცით? ჩვენი მოთხოვნაა, არ გვეპყრობოდნენ როგორც მძევლებს. მე აქ ელემენტარული ადამიანური უფლებები არა მაქვს. ავიღოთ მუშაობის საკითხი. გვინდა მუშაობა, მაგრამ სამუშაო არ არის... მივმართე შრომითი მოწყობის სააგენტოს, მაგრამ არაფერი. გაიგებენ, რომ ჩეჩნები ვართ და მაშინვე პრობლემა იქმნება. ჩვენ აქ თავს უსაფრთხოდაც კი არ ვგრძნობთ, ეს პოსტსაბჭოთა სივრცეა.. ”

ჩეჩნები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება ჯერჯერობით არ შეუძლიათ, რომლებიც ურთულეს პერიოდში საქართველომ შეიფარა, საქართველოდან და ჩეჩნეთიდან შორს წასვლას ირჩევენ - უფრო ევროპაში, თუკი გამოუვათ... მათი რიცხვი საქართველოში უკვე საგრძნობლად შემცირდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1300-ზე ცოტა მეტი ჩეჩენი ლტოლვილია რეგისტრირებული. სამწუხაროა, რომ მათთვის ქართულმა სახელმწიფომ დახმარების გაწევა მხოლოდ თავშესაფრის მიცემით შეძლო. საქართველოს ბიუჯეტიდან ჩეჩენ ლტოლვილებზე 14 ლარიანი ფულადი შემწეობის გაცემა მხოლოდ მაშინ იწყება, როცა ცხოვრების აუტანელმა პირობებმა მათ საქართველოს დატოვება გადააწყვეტინა.... ჩეჩენი ლტოლვილების 85 პროცენტმა მესამე ქვეყანაში გადასვლის სურვილი შარშან ჩატარებული გამოკითხვისას დაადასტურა...და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომაც ეს ინფორმაცია საქართველოში მოქმედ საელჩოებს გადაუგზავნა. მინისტრ გია ხევიაშვილის თქმით :

[გია ხევიაშვილის ხმა] ” ჩვენ, რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. ახლა შეგვიძლია დოკუმენტები გავამზადოთ, რომ გადაადგილების პრობლემა არ ჰქონდეთ. დანარჩენი იმ ქვეყნების გადასაწყვეტია, რომლებიც მზად იქნებიან წაიყვანონ ეს ადამიანები... ”

გზა სამშობლომდე მოჭრილია. მესამე ქვეყანაში გადასვლას ჩეჩენი ლტოლვილები ერთადერთ გზად მიიჩნევენ ლტოლვილის შედარებით უკეთესი ხვედრის საძიებლად.


XS
SM
MD
LG