Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფეხბურთო სკანდალი - საქართველოს პრესის ყურადღების ცენტრში


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული ამბები კვლავაც გაზეთების პირველი გვერდის თემად რჩება:

”ახალი კაცი არ იქნება, ალბათ - ისევ ახალკაცი”, ”მმართველ პარტიაში ორი ძლიერი გუნდი გამოიკვეთა”, ”თამაში ნოდარას დუქანში” - ასეთი სათაურებით ეხმაურება დღევანდელი პრესა გაპოლიტიკურებულ საფეხბურთო თემას.

”რეზონანსი” წერს, რომ ”ფეხბურთის ფედერაციაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა სახელისუფლებო გუნდებს შორის არსებული კონფლიქტი თვალსაჩინო გახადა. ოპოზიციონერები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, შიდასახელისუფლებო დაპირისპირება მით უფრო გამწვავდება.” გაზეთის მიმომხილველი დასძენს: ”მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის წევრები კატეგორიულად უარყოფენ და გამორიცხავენ მათ გუნდში არსებულ უთანხმოებას, ოპოზიცია მაინც კატეგორიულად ირწმუნება, რომ სახელისუფლებო ჯგუფებს შორის არსებული შიდადაპირისპირება და გავლენის სფეროების გადანაწილებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტი თანდათან სააშკარაოზე გამოდის. ფეხბურთის ფედერაციაში კენჭისყრამდეც არსებობდა ვერსია, რომ ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელ ნოდარ ახალკაცს - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი; გიორგი ნემსაძეს კი დავით კირკიტაძე და მისი ხალხი ლობირებდნენ”, - წერს ”რეზონანსი”.

”ახალი თაობის” ავტორი კი ასკვნის: ”იმ უმსგავსობას, რომლის მომსწრენიც ბოლო დღეებში გავხდით, ალბათ, ჯობს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები საერთოდ გავაუქმოთ და ის დანიშვნით თანამდებობად ვაქციოთ, თუ ამის უფლებას უეფა მოგვცემს. პრეზიდენტს, ვთქვათ, კულტურის მინისტრი დანიშნავს. ისე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ნიშნავს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ ინიციატივას გოკა გაბაშვილი დიდი სიამოვნებით დათანხმდება. გიორგი ნემსაძის გამო მას აღარავინ ”გატისკავს”, ქართული ფეხბურთი სკანდალს გადაურჩება, ქართული პოლიტიკა კი თანდათან შეეჩვევა არჩევნების გარეშე არსებობას”, - წერს ”ახალი თაობა”.

”24 საათი” თავის სპორტულ განყოფილებაში აშუქებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თემას. მიმომხილველი ერთი კითხვით ასრულებს პუბლიკაციას: ”ბოლოს ერთი კითხვაც: როგორც გენერალური სამდივნოს განცხადებაში ვკითხულობთ, საარჩევნო ხმით ისევ ის დელეგატები იქნებიან შეიარაღებულნი, რომლებსაც კვირას გამართულ ყრილობაზე ხელთ ეპყრათ საარჩევნო მანდატი და თუ ხვალ ერთმანეთს მხოლოდ ახალკაცი და კვარაცხელია დაუპირისპირდნენ, საინტერესოა რომლის გვარს შემოხაზავს საარჩევნო ბიულეტენში ის 19 დელეგატი, რომლებმაც კვირას გიორგი ნემსაძის გამარჯვება უზრუნველყვეს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG