Accessibility links

logo-print

რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე


რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბოლოხანს ბევრი საკითხი იწვევს უთანხმოებას: ენერგეტიკული პოლიტიკა, რუსეთში პოლონეთის ხორცპროდუქტების შეტანის აკრძალვა,

კოსოვოს მომავალი სტატუსი. ძნელი წარმოსადგენია, ეს უთანხმოება ახლო მომავალში მოგვარდეს - მითუმეტეს ხვალ, როცა რუსეთის ქალაქ სამარაში რუსეთ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება. თუმცა მხარეები აკეთებენ განცხადებებს, რომლებშიც ფრთხილი ოპტიმიზმი გამოსჭვივის.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სამარის სამიტი თუნდაც იმის გამოა მნიშვნელოვანი, რომ მოლაპარაკების საშუალებას იძლევა. ეს არგუმენტი მოიყვანა გერმანიის - ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც ორშაბათს, ევროკავშირელ კოლეგებთან ბრუსელში შეხვედრის შემდეგ.

[შტაინმაიერის ხმა] “შესაფერისი დროა ევროპა-რუსეთის სამიტისთვის? ძალიან მიხარია, რომ დღეს ამ შეხვედრაზე არავინ გამოსულა წინადადებით სამიტის გაუქმების შესახებ. პირადად მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ საუბარი სწორედ მაშინ არის საჭირო, როცა ურთიერთობა გართულებულია”.

ურთიერთობა რომ მართლაც გართულებულია, შემდეგი საკითხით ჩანს - ეს არის ახალი შეთანხმება რუსეთ-ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ამჟამად ძალაშია 1997 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, 2006 წელს კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახალი ხელშეკრულების გაფორმება. მაგრამ საქმე წინ ვერ მიიწევს: პოლონეთი ვეტოს უფლებას იყენებს მოლაპარაკების დასაბლოკად, რითაც პროტესტს გამოთქვამს რუსეთში პოლონური ხორცპროდუქტების იმპორტის აკრძალვის გამო. ბოლოხანს ლიტვა და ესტონეთიც დაიმუქრნენ ვეტოს გამოყენებით - ერთი რუსეთის ენერეტიკული პოლიტიკის, მეორე კი ტალინში საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალთან დაკავშირებულ მოვლენებზე მოსკოვის რეაქციის გამო.

მაშ ასე, რუსეთ-ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ახალი შეთანხმება ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის. ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, აჰტო ლობიაკასი განმარტავს, რას ნიშნავს ეს ორ მხარეს შორის ურთიერთობისთვის: [ლობიაკასის ხმა] “ეს რაიმე კატასტროფას არ ნიშნავს. არ ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობაში სამართლებრივი ვაკუუმი წარმოიშვა, რადგან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ამჟამინდელი შეთანხმება - მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედების ვადა, ფორმალურად, წელს პირველ დეკემბერს ამოიწურება - ავტომატურად გაგრძელდება ყოველ წელს, თუ რომელიმე მხარე მასზე უარს არ იტყვის. ევროკავშირმა სავსებით ნათლად განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე უარის თქმას. და რუსეთის მხარეც ამავე შინაარსის განცხადებით გამოვიდა.”

მეორე მხრივ, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი - პოლონეთთან ხორცის გამო დავას შესაძლოა საბაბად იყენებდეს, რათა არ გააფორმოს ევროკავშირთან ახალი შეთანხმება. საქმე ის არის, რომ ახალმა დოკუმენტმა, შესაძლოა, შეზღუდოს რუსეთის მოქმედების თავისუფლება თუნდაც ენერგეტიკული პოლიტიკის სფეროში. როგორც იუწყებიან, ევროკავშირს სურს რუსეთი დაიყოლიოს ე.წ. “ წინასწარ გაფრთხილების სისტემაზე”, რათა თავიდან აიცილოს ენერგომომარაგების მოულოდნელი შეწყვეტა. ეს ბოლო ორი წლის მანძილზე არაერთხელ მომხდარა სატრანზიტო ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან რუსეთის უთანხმოების შედეგად. ევროკავშირს სურს ასევე მოსკოვის დაყოლიება გარანტიებზე, რუსეთში დასავლური ინვესტიციების დასაცავად.

სამარის სამიტზე დაგეგმილია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივაზე მსჯელობა, საერთაშორისო პოლიტიკის მწვავე საკითხების განხილვა, როგორიცაა კოსოვო, ირანი, ახლო აღმოსავლეთი და მოლაპარაკება ე.წ. გაყინულ კონფლიქტებზე.

ჩვენს კორესპონდენტს აჰტო ლობიაკასს ამ კვირაში მიეცა შესაძლებლობა, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილთან, რის შესახებაც უკვე ვიუწებოდით. და ჩვენმა კორესპონდენტმა ბეჟუაშვილს ისიც ჰკითხა, დაპირდნენ თუ არა ქართველ მინისტრს (ამ კვირაში ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე), რომ ევროკავშირი წამოიჭრის საქართველოს საკითხსაც სამარის სამიტზე?

[გელა ბეჟუაშვილის პასუხი] “საქმე დაპირებაში არ არის. ჩემი მისია აქ იყო ევროკავშირის ლიდერებისთვის აქტუალური ინფორმაციის მიწოდება საქართველოს შესახებ და, რასაკვირველია, ეს ჩვენს ინტერესებში შედის - ევროკავშირის წარმომადგენლებს ვთხოვე, შეიტანონ ეს საკითხები სამიტის დღის წესრიგში. გააკეთებენ თუ არა ამას, და ქნება თუ არა საამისოდ საკმარისი დრო - არ ვიცი”.

თუ ევროკომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, საქართველოს საკითხს სამარაში წამოჭრიან: ევროკომისიის პრეს-რელიზში რუსეთთან სამიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად არის მოხსენიებული თანამშრომლობა სამეზობლო პოლიტიკაში კავკასიასა და დნესტრისპირეთში გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად.

გარდა ამისა, გერმანიის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებით, დაგეგმილია რუსეთში ადამიანის უფლებათა საკითხის წამოჭრაც.
XS
SM
MD
LG