Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მართლმადიდებლები მსოფლიო მასშტაბით ერთიანდებიან


მოსკოვში გაიმართა ცერემონია, რომლითაც ბოლო მოეღო 80-ზე მეტწლიან განხეთქილებას:

გაერთიანდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეპარქია.

[ეკლესიაში ჩაწერილი საგალობელი]

ეს საგალობელი ჟღერდა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში, რომელშიც დღეს გააფორმეს რუს მართლმადიდებელთა ორი განშტოების ისტორიული გაერთიანება. ბოლო მოეღო განხეთქილებას, წარმოქმნილს 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, როცა ბოლშევიკურ რეჟიმს გაქცეული ემიგრანტები დედა-ეკლესიას გამოეყვნენ და საზღვარგარეთ ცალკე ეპარქია ჩამოაყალიბეს.

დღეს, როცა მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს (ეს არის მეორმოცე დღე იესო ქრისტეს აღდგომიდან), რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერმა, პატრიარქმა ალექსი მეორემ და საზღვარგარეთ რუსული მართლმადიდებელი ეპარქიის ხელმძღვანელმა, მეტროპოლიტმა ლავრმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს კანონიკური ურთიერთობის აღდგენის შესახებ.

[ალექსი მეორის ხმა] “ვძლევთ საეკლესიო განხეთქილებებს, ვძლევთ რუვოლუციისა და სამოქალაქო ომის დროიდან მემკვიდრეობით შემორჩენილ დაპირისპირებებს საზოგადოებაში, განმტკიცების გზაზეა ეკლესია, აღორძინების გზაზეა ჩვენი მამული”, - ასე შეაფასა პატრიარქმა ალექსი მეორემ მართლმადიდებელთა ორი განშტოების შერიგება, რაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ მიღწევად არის მიჩნეული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 4 წლის წინ პატრიარქმა ალექსიმ ოფიციალურად დაგმო საპატრიარქოს მიერ 1927 წელს ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელშიც ერთგულებას აღუთქვამდა საბჭოთა რეჟიმს.

რაც შეეხება რუსეთის მმართველ ამჟამინდელ ხელისუფლებას, მისი ლიდერი, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფრიად კმაყოფილი ჩანდა დღეს ხელმოწერილი დოკუმენტით. [პუტინის ხმა] “კანონიკური ურთიერთობის შესახებ აქტის ხელმოწერა ნიშნავს ერთიანობის აღდგენას არა მარტო რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ეს არის ჭეშმარიტად საერთო-სახალხო, ისტორიული მასშტაბისა და უდიდესი ეთიკური მნიშვნელობის მოვლენა”, -
ასე შეაფასა პრეზიდენტმა პუტინმა მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტი - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეპარქიის გაერთიანება.
XS
SM
MD
LG