Accessibility links

logo-print

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში კვლავ ნოდარ ახალკაცი უხელმძღვანელებს


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მე-13 რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის 26-მა დელეგატმა 2007 წლის 17 მაისს მორიგი არჩევანი გააკეთა.

ფარული კენჭისყრის შედეგად, გაირკვა, რომ უახლოესი 4 წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთს კვლავ ნოდარ ახალკაცი უხელმძღვანელებს. არადა, სულ რაღაც ოთხიოდე დღის წინ, 13 მაისს, გამართულმა ყრილობამ ფედერაციის პრეზიდენტად საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის, ერთ-ერთი აქტივისტი, გიორგი ნემსაძე, აირჩია. თუმცა არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში ნემსაძემ განცხადება დაწერა და თანამდებობიდან გადადგა, ხელახლა დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობაზე კი უარი განაცხადა. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნემსაძეს თანამდებობის დაკავებაზე უარი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ათქმევინა, თუმცა ამ მოსაზრებას უსაფუძვლო უწოდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა.


17 მაისისთვის დანიშნულ რიგგარეშე არჩევნებში კენჭს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი - ნოდარ ახალკაცი და მამუკა კვარაცხელია - იყრიდა. არჩევნების შედეგები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი ბოკერიამ გააცნო:

[დიმიტრი ბოკერიას ხმა] „არჩევნები ჩატარდა ფარული კენჭისყრით. მონაწილეობა მიიღო 26-მა დელეგატმა. ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: ბატონი ნოდარ ახალკაცი - 25 ხმა, ბატონი მამუკა კვარაცხელია - 0 ხმა, ბათილად იქნა ცნობილი ერთი ბიულეტენი. ამრიგად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, 25 ხმით, არჩეულია ბატონი ნოდარ ახალკაცი. ვულოცავთ...“

უნდა ითქვას, რომ კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ყრილობა დატოვა პრეზიდენტობის ალტერნატიულმა კანდიდატმა. მამუკა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ არ შეუძლია უყუროს უნიჭოდ დადგმულ შოუს:

[მამუკა კვარაცხელიას ხმა] „იმიტომ არის შოა, რომ ოთხი დღის წინ იქნა არჩეული პრეზიდენტი ყველა კანონის დაცვით და 45 წუთში მოხდა ის, რაც დედამიწის ზურგზე არსად არ მომხდარა. თავი მოიჭრა საქართველომ. ერთი ზარის დარეკვით გადაწყდა ყველაფერი და ეს არჩეული კაცი, რომელსაც დააწერინეს გადადგომის მოთხოვნით განცხადება, სად არის ამჟამად, არავინ არ იცის. თუ ამას ვინმე მიიჩნევს, რომ ეს არის დემოკრატია, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.“

მამუკა კვარაცხელია ამტკიცებს, რომ გიორგი ნემსაძეს განცხადების დაწერა ხელისუფლებამ აიძულა. იმის გამო, რომ გიორგი ნემსაძე საზოგადოებაში არ ჩნდება, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ამ განცხადების კომენტირება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს გიორგი გაბაშვილს ვთხოვე.

[გიორგი გაბაშვილის ხმა] „სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირ ზეწოლას მე გამოვრიცხავ ახლა და გამოვრიცხავდი მაშინ, 13 რიცხვშიც. კმაყოფილი ვარ, რომ მმართველობითი კრიზისი, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, დასრულდა. ყველა პროცედურა იქნა დაცული. მე იმედი მაქვს, რომ ნოდარ ახალკაცი შეუდგება მუშაობას და სრული მასშტაბით განახორციელებს თავის საქმიანობას ქართული ფეხბურთის სასარგებლოდ.“

ზეწოლის ფაქტს ასევე უარყოფენ ყრილობის დელეგატებიც. საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტს ილია კოკაიას მოუსმინეთ.

[ილია კოკაიას ხმა] „იქნებ თქვას ვინმემ, რომ რაიმე სახის ზეწოლას განიცდის. მე პირადად ასეთი რამ არ განმიცდია. ვისაც ვკითხე, ყველა იგივეს მეუბნება. ყრილობაზე ასეთი არასერიოზული განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. რომელ დელეგატსაც არ უნდოდა მოსვლა ყრილობაზე, არც გამოჩენილა და ამით გამოხატეს საკუთარი აზრი.“

საბოლოო ჯამში, ყრილობაზე ოცდათორმეტი დელეგატიდან მხოლოდ ექვსი არ გამოცხადდა. ოთხი წლით არჩეულმა ნოდარ ახალკაცმა კი რადიო ”თავისუფლებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამომავლო გეგმები მოხაზა:

[ნოდარ ახალკაცის ხმა] „ჩვენ უამრავი მოკლე და გრძელვადიანი გეგმა გვაქვს. 2 და 6 ივნისს ეროვნულ ნაკრებს მეტად საპასუხისმგებლო მატჩები ელის და, რა თქმა უნდა, კლაუს ტოპმიოლერი თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად განაგრძობს ჩვეული გრაფიკით მომზადებას და ყველა ჩვენგანი მაქსიმუმს გაიღებს. ეს ეხება ფეხბურთელებსაც, რადგანაც ბიჭები მზად არიან იმისათვის, რომ ყველაფერი გაიღონ გამარჯვებისათვის.“

პრეზიდენტის გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეცამეტე ყრილობამ 17 მაისს ასევე აირჩია აღმასრულებელი კომიტეტი, რომლის წევრები, პრეზიდენტის მსგავსად, ქართულ ფეხბურთს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში გაუძღვებიან. ცნობისათვის: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას რეიტინგში უკანასკნელი ერთი თვის განმავლობა შვიდი საფეხურით დაიწია უკან და 85-დან 92-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

XS
SM
MD
LG