Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


შეიქმნება თუ არა ფსოუსა და როკის გვირაბთან ერთობლივი საბაჟოები? პუბლიკაცია ამ თემაზე 17 მაისს გაზეთმა „რეზონანსმა“ გამოაქვეყნა.

გაზეთის ცნობით, 30 მაისს საქართველოს რუსეთის დელეგაცია ეწვევა, რომელმაც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უნდა გამართოს. ქართული მხარე კვლავაც დაჟინებით ითხოვს უკონტროლო ტერიტორიებზე – მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბთან - მდებარე საბაჟო პუნქტების ლეგალიზებას. „თუ ვინ დათმობს თავის პოზიციებს ამ მოლაპარაკებებზე, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ბეჯითი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები,” - შენიშნავს ”რეზონანსთან” საუბარში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. ექსპერტი ემზარ ჯგერენაია კი ვარაუდობს, რომ მაისის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრაზე მთავარი თემა რუსეთში ქართული პროდუქციის აკრძალვა იქნება. „ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის უპირველესი პრინციპი ის არის, რომ მისმა წევრმა ქვეყნებმა თანაბარი ექსპორტ–იმპორტის პოლიტიკა აწარმოონ. არ შეიძლება, რომ რაიმე პროდუქციაზე იყოს ემბარგო დაწესებული, ან იყოს რაიმე ეკონომიკური დისკრიმინაცია. ამ მუხლთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს ექნებათ დიდი პოლემიკა“, მიიჩნევს ეკონომიკური ექსპერტი, რომლის აზრითაც, საბაჟო გამშვები პუნქტები შეხვედრაზე მხოლოდ მეორე საკითხად განიხილება.

„დავით გარეჯზე შეთანხმების მიღწევას ბაქოში არ ადასტურებენ, ანუ სააკაშვილს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს“. ”რეზონანსი”, აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო „დეი–აზზე“ დაყრდნობით, აცხადებს, რომ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია–დელიმიტაციის ორმხრივი სახელმწიფოთშორისი კომისიის სხდომებზე დავით გარეჯის რაიონში ტერიტორიების გაცვლის ან სადავო მონაკვეთის ქართული მხარისათვის გადაცემის საკითხი არც კი განიხილება. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, შესაძლოა, ორ მეგობარ ქვეყანას შორის დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდეს, – ასეთია გაზეთ ”რეზონანსის” პროგნოზი.

გაზეთ ”24 საათის” მოწინავე სტატია კი ქართულ–ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესში რუსეთის როლის განსაზღვრას შეეხება. – რუსეთს უკანასკნელი შანსი აქვს გადაწყვიტოს, სურს თუ არა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა, ნათქვამია სტატიაში, რომლის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს გაზეთის მიერ რამდენიმე რესპონდენტისათვის დასმული დღის შეკითხვა: მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციული ერთეული შეიქმნა, ოფიციალურმა თბილისმა უნდა აწარმოოს კოკოითისთან მოლაპარაკება? აი, რა პასუხს იძლევა ამ შეკითხვაზე ექსპერტი არჩილ გეგეშიძე: ”პარალელური სტრუქტურის არსებობა, დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის სახით, არაფრით უშლის ხელს, რომ კოკოითთან დიალოგი წარვმართოთ. ამისათვის ორმხრივი ნების არსებობაა საჭირო. კოკოითი კვლავ რჩება კონფლიქტის ერთ–ერთ მხარედ. ნებისმიერი მოლაპარაკება სჯობს კონფრონტაციას და გაუთვალისწინებელ შედეგებს, რომელიც შეიძლება გაუცხოებას მოჰყვეს.“

რა კომპრომატებს უქექავს ფინანსური პოლიცია რომან დალაქიშვილს? მკითხველის ყურადღება ამ საკითხზე დღეს გაზეთმა ”ალიამ” შეაჩერა, რომლის თანახმად, საგზაო დეპარტამენტს მაკონტროლებელი სწორედ ”ალიაში” გამოქვეყნებული ერთ–ერთი პუბლიკაციის შემდეგ ეწვია. დეპარტამენტი წლიურად 400 მილიონამდე ლარს განკარგავს; თუ რამდენად სწორად, ეს ფინანსური პოლიციის დასკვნაში მალე აისახება, - შენიშნავს ”ალია” და გვაუწყებს, რომ ფინანსურ პოლიციაში საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარღვევების მომცველი საჩივარიც გაგზავნეს. როგორც ამბობენ, საქმე საკმაოდ სქელტანიანი გამოვიდა, - ნათქვამია გაზეთ ”ალიას” პუბლიკაციაში.
XS
SM
MD
LG