Accessibility links

ირაკლი ოქრუაშვილის ”მეორედ მოსვლის” მოლოდინი


ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქართულ პრესასა და პოლიტიკურ სპექტრში არ წყდება მითქმა-მოთქმა ირაკლი ოქრუაშვილზე,

ყოფილი თავდაცვის მინისტრზე, რომელიც, თურმე, კვლავ პოლიტიკაში დასაბრუნებლად ემზადება. ვერსიები ზოგჯერ სრულიად ურთიერთგამომრიცხავია. თუმცა ამით ოქრუაშვილის ”მეორედ მოსვლის” მოლოდინი არ იკლებს, რასაც, შესაძლოა, ისიც ამძაფრებდეს, რომ თავად ქართული პოლიტიკის მთავარი ”ქორი” კვლავ არ ჩნდება საზოგადოების წინაშე. ირაკლი ოქრუაშვილის მოლოდინის ანატომიასა და მისი პოლიტიკაში დაბრუნების პერსპექტივაზე მინდა გესაუბროთ.


2006 წლის 17 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრად ერთი კვირის დანიშნული ირაკლი ოქრუაშვილი თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოშორდა. მას მერე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, საზოგადოების წინაშე პირველად და უკანაკსნელად 31 მარტს გამოჩნდა. სვეტიცხოველში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პანაშვიდზე მისულ ირაკლი ოქრუაშვილს არაფერი უთქვამს არც თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგომის შესახებ და არც თავის მომავალ გეგმებზე. სამაგიეროდ, ირაკლი ოქრუაშვილის ”მეორედ მოსვლაზე” ბევრს წერს ქართული პრესა.
სულ ბოლოს გაჩნდა ცნობა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ პარტიას ქმნის, რის შესახებაც მომავალ კვირაში თავად განაცხადებს შიდა ქართლში. 16 მაისს ეს ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. სააგენტოს დირექტორმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ინფორმაცია სარწმუნოა და ცნობილია ისიც, რომ ოქრუაშვილის პარტია ოპოზიციური იქნება.

[ბაია ცანავას ხმა] ”ინფორმაცია, რომ საპატრიარქოსთან იქნება პარტიის ოფისი, თბილისში, და ის, რომ შიდა ქართლში აპირებს ამის შესახებ განცხადების გაკეთებას, სარწმუნოა. უბრალოდ, ზუსტი დრო ჯერ დადგენილი არ არის. სავარაუდოდ, ეს იქნება იქით კვირას.”

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შანსებს სერიოზულს უწოდებენ პოლიტიკოსები. მათ შორის არის პარლამენტის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც მცირე ხნის წინ შეხვედრაც კი ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილთან. ლევან ბერძენიშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნით შეუძლია საერთოდ შეცვალოს პოლიტიკური ნახაზი საქართველოში:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ”ეს ყველაფერი დამოკიდებულია მასზე პირადად, შეძლებს თუ არა ის პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. მე მაგალითად, - მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს რაღაც პოტენციალი, -როგორც პირიოვნებას, ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე საპრეზიდენტო არჩევნებში გავიდეს და რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე.”

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე დუმილს ამჯობინებენ პარლამენტში მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც სულ რაღაც ერთი წლის წინ ყოფილ თავდაცვის მინისტრს საკუთარი გუნდის წევრად მიიჩნევდნენ. ნიკა რურუას, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჩემს შეკითხვაზე ასეთი რეაქცია ჰქონდა:

[ნიკა რურუას ხმა] ”ნო, კომენტ, ჩემო კობა.”

სამაგიეროდ, კომენტარებზე უარს არ ამბობენ ის ჟურნალისტები, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს სამხედრო სფეროში თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ოქრუაშვილის მმართველობის უხეშ სტილზე წერდნენ. გაზეთ ”რეზონანსის” კორესპონდენტი თამთა ქარჩავა ამბობს, რომ ოქრუაშვილი სწორედ ამ შებღალული წარსულის გამო ვერ გაბედავს დაუპირისპირდეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს:

[თამთა ქარჩავას ხმა] ”როდესაც საუბარია, რომ მან ამდენი თანხები გაფლანგა, რაზეც ადრე ამბობდა, მაგრამ დღეს აღარაფერს არ ამბობს კონტროლის პალატა... და როცა პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილი მოდის პოლიტიკაში, - ჩემი აზრია, რომ ეს, ალბათ, არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული პოლიტიკური პარტია, ანუ ხელისუფლებასთან შეთანხმებული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი დგამს.” (სტილი დაცულია)


მოსაზრებას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პრეზიდენტ სააკაშვილის ორბიტაზეა, ის ფაქტიც აძლიერებს, რომ ჯერჯერობით სამხედრო უწყებაში - როგორც თავდაცვის სამინისტროში, ისე გენერალურ შტაბში - რჩებიან და მუშაობას განაგრძობენ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დანიშნული კადრები, მაღალჩინოსნები, ვისთან ერთადაც ”ქართული პოლიტიკის მთავარი ქორი” 1 იანვარს ცხინვალში შეხვედრას გეგმავდა.
XS
SM
MD
LG