Accessibility links

logo-print

საქართველოში გაიხსნა პროგრამა საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ბერძენი ახალგაზრდების ინტეგრაციისთვის


”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი”, საქართველოში საბერძნეთისა და შვეიცარიის საელჩოების მხარდაჭერით,

იწყებს ახალი პროგრამის განხორციელებას, სახელწოდებით ”ბერძნული თემის ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოში”. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრები 12 ბერძენი ახალგაზრდა გაივლის, ერთდროულად, სტაჟირებას სახელმწიფო სტრუქტურებში და ინტენსიურ წვრთნას ”სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფონდში”. პროგრამის პრეზენტაცია 17 მაისს საღამოს შედგა. პრეზენტაციაზე 12 სტაჟიორს პირველი სტიპენდია გადაეცა. სტიპენდიას ისინი მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ.

აპლოდისმენტებითა და პირველი სტიპენდიის დარიგებით გაიხსნა ერთწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრები 12 ბერძენი ახალგაზრდა, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში სტაჟირების პარალელურად, ”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში” მოისმენს უაღრესად საინტერესო ლექციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პატარა ქვეყნის როლი საერთაშორისო სისტემაში, ნაციონალიზმი და ასე შემდეგ. პროგრამაში მონაწილე ბერძენი ახალგაზრდები ინტენსიურად იმეცადინებენ ქართულ ენაშიც...

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”ეს პროექტი გულისხმობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ბერძნების ინტეგრირებას საქართველოს სახელმწიფოში. ჩვენი ეროვნული უმცირესობები ხანდახან განზე დგანან ხოლმე და ჩვენ გვინდა ისინი უფრო მჭიდროდ იყვნენ ჩვენთან დაკავშირებულნი. ”

”საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ სამომავლოდ მსგავსი პროგრამის განხორციელება იგეგმება საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდებისთვის.
რაც შეეხება ბერძნებს, მართალია, სამწუხარო მიზეზების გამო ბერძნების რიცხვმა საქართველოში მნიშვნელოვნად იკლო, მაინც რთული იყო 12 ახალგაზრდის შერჩევა, გამომდინარე იქიდან, რომ კონკურსში მონაწილეობა გაცილებით მეტმა მიიღო.

12 ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეირჩა, მათ შორის, წალკიდან... პროგრამაში მონაწილეობას ისინი დიდი ენთუზიაზმით იწყებენ, იმ იმედით, რომ გაიღრმავებენ ცოდნას, დახვეწენ ქართულს და დასაქმებისთვის გარკვეულ გარანტიებს შეიქმნიან.

[ერთ-ერთი ბერძენი ახალგაზრდის ხმა] ”ვცხოვრობ საქართველოში და ვცდილობ ვიცოდე ქართული, რადგან სახელმწიფო ენაა და უნდა ვიცოდეთ. დავიწყე სწავლა და, მე მგონი, რაღაცას მივაღწევ ბოლოს...”

გვითხრა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად წალკიდან თბილისში ჩამოსულმა მარია მურადოვამ, რომელიც 1 წლის მანძილზე სტაჟირებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაივლის. მისი და პროგრამაში მონაწილე სხვა ახალგაზრდების აზრით, მსგავსი პროგრამების განხორციელება ადრე რომ დაწყებულიყო, საქართველოდან ბერძნების ემიგრაციის ტალღა ასეთი მასშტაბური არ იქნებოდა:

[ბერძენი ახალგაზრდის ხმა] ”ძალიან კარგი პროგრამაა ბერძენისთვის, კარგი იქნებოდა ასეთი პროგრამა ადრეც ყოფილიყო...”

”ეს შეაჩერებდა ემიგრაციასო”, - ასე ფიქრობს ბერძნული თემის ახალგაზრდა წარმომადგენელი.

საქართველოში ბერძნების პირველი დასახლებების გაჩენა შავი ზღვის სანაპიროების ინტენსიურ ბერძნულ კოლონიზაციას უკავშირდება. ბერძნული მოსახლეობა საქართველოში ანატოლიიდანაა გადმოსახლებული. ბერძნების მცირე ჯგუფი საქართველოში მე-18 საუკუნეშიც ჩამოსახლდა, როცა, ერეკლე მეორის ინიციატივით, ვერცხლისა და ტყვიის მოპოვება დაიწყო. მაშინ ანატოლიიდან საქართველოში ამ საქმის ოსტატები მოიწვიეს. უკვე მე-19 საუკუნეში ბერძნები ჩასახლდნენ აჭარასა და აფხაზეთში, სადაც თამბაქოს გაშენებას მისდევდნენ. 1926 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 54000 ბერძენი ცხოვრობდა, 1989 წელს - 100 000 -ზე ცოტა მეტი, 2002 წლის აღწერამ კი აჩვენა, რომ ამ დროისთვის საქართველოში 15166 ეთნიკური ბერძენი იყო დარჩენილი.....

და გვიან, მაგრამ მაინც, საქართველოში, საბერძნეთისა და შვეიცარიის საელჩოების მხარდაჭერით, დაიწყო საქმე, რომლის მიზანიც საქართველოს სახელმწიფოში ბერძნული თემის ინტეგრირებაა, ამ ეტაპზე 12 ბერძენ ახალგაზრდასთან მუშაობით. მათთან დაკავშირებით, აი, რა გვითხრა საქართველოში საბერძნეთის ელჩმა:

[საბერძნეთის ელჩის ხმა] ”ჩვენ გვჯერა, რომ ამ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა იმისთვის, რომ, ხელშეწყობის პირობებში, მიაღწიონ წარმატებებს თქვენს ქვეყანაში. ეს ახალგაზრდები საქართველოს მოქალაქეები არიან და საქართველოს სიმდიდრეს წარმოადგენენ. თქვენს ქვეყანაში ბერძნების მთავარ პრობლემას საქართველოს სახელმწიფოში ინტეგრირება წარმოადგენს და ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ დახმარება გავუწიოთ მათ ამ პრობლემის დაძლევაში..”
XS
SM
MD
LG