Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ხელისუფლების მიერ ირაკლი ბათიაშვილის დევნაზე სასაუბროდ შეიკრიბა


თბილისში დასასრულს მიუახლოვდა მოძრაობა ,,წინ, საქართველოს” ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის სასამართლო პროცესის პირველი ეტაპი.



კოდორის ამბოხების ორგანიზატორად მიჩნეული ემზარ კვიციანის ინტელექტუალურ მხარდაჭერაში ბრალდებული ირაკლი ბათიაშვილის დასჯა პროკურორმა ათწლიანი პატიმრობით ამ კვირაში მოითხოვა. მომავალ სამშაბათს მოსამართლე განსასჯელის ადვოკატების დაცვით სიტყვას მოისმენს და, თავად ირაკლი ბათიაშვილის საბოლოო სიტყვის შემდეგ, განაჩენს გამოიტანს. მოძრაობა ,,წინ, საქართველოს” ლიდერის პოლიტიკურ პატიმრობაზე სასაუბროდ დღეს ჟურნალისტთა სახლში საგანგებოდ შეიკრიბნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.


ხელისუფლება თავისი პოზიციისგან განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება და ოპონენტთა ერთი ნაწილის დასჯით სხვებში შიშის დათესვას ცდილობს - ირაკლი ბათიაშვილის დაპატიმრებას ზოგადად ამ არგუმენტებით ხსნიან როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები. თავად მოძრაობა ,,წინ, საქართველოში,” რომლის ლიდერიც ირაკლი ბათიაშვილია, მის დასჯას იმით ასაბუთებენ, რომ სწორედ ბათიაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ,,ვარდების რევოლუციისას” პარლამენტში იმჟამინდელი ოპოზიციის შეჭრა გააპროტესტა, მოგვიანებით კი, თავის პოლიტიკურ მოძრაობასთან ერთად, ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონში 2004 წლის სამხედრო ოპერაციის, უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენებისა და, საერთოდ, წარმოებული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა. ამავე მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი კობახიძე ირაკლი ბათიაშვილის სასამართლო პროცესს უპრეცედენტოდ მიიჩნევს:

[კობახიძის ხმა] ,,ეს პროცესი არის უკანონოც და უსამართლოც ერთდროულად. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი. სხვა იქ არაფერი არ არის და არც იკითხება და არც შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ ირაკლი ბათიაშვილის ყველა საუბარი პარალელურად შემდეგ გრძელდებოდა ზარებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრესკონფერენციებით, სადაც ვთავაზობდით ხელისუფლებას, რომ შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც ერთ-ერთი წარმომადგენელი ბათიაშვილი იქნება, როგორც იქ ავტორიტეტის მქონე პიროვნება. ჩავიდეს იქ და დაარეგულიროს პროცესი.” (სტილი დაცულია)

ირაკლი ბათიაშვილისთვის ემზარ კვიციანის ინტელექტუალური მხარდაჭერის ბრალდება მათ სატელეფონო საუბრებს ეფუძნება. თუმცა, როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი განმარტავს, თავად გამოძიების მიერ წარდგენილი ნივთიერი თუ ზეპირი მტკიცებულებებიც კი რეალურად დაცვის მტკიცებულებებად იქცა:


[ნიკოლაიშვილის ხმა] ,,პროკურორიც დაგვეთანხმა ამაში, რომ ირაკლი ბათიაშვილს შეუძლებელია, ამ ფარული ჩანაწერებიდან გამომდინარე, სცოდნოდა, აპირებდა თუ არა ის შეიარაღებულ ამბოხებას, ხელისუფლების დამხობის და კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მიზნით. ან საერთოდ თუ აპირებდა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ ის, რომ ირაკლი ბათიაშვილმა არ იცოდა, ეს არის დადასტურებული აბსოლუტურად.” (სტილი დაცულია)

ირაკლი ბათიაშვილის საქმეს ხელისუფლების მიერ ნებისმიერი წინააღმდეგობის ნებისმიერი მეთოდით ჩახშობის გამოვლინებად აფასებს ,,მემარჯვენე ოპოზიციაც.” მისი წევრი, დეპუტატი მანანა ნაჭყებია ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესს ცინიზმად მიიჩნევს:

[ნაჭყებიას ხმა] ,,ოღონდ ცინიზმის ხარისხი - აი, ამ პროცესის დროს - უკვე აღმატებულ ხარისხშია, მე მგონი, აყვანილი. ამაზე მეტი უკვე შეუძლებელია! ეს არის საზოგადოების დაცინვა და ჩვენი საზოგადოება არ უნდა შეურიგდეს ამას. მე ვთვლი, რომ ხელისუფლებამ თუ ეს გაიტანა, მაშინ ის ეცდება ყველაფერი გაიტანოს. ირაკლის მაგალითი იმ დროს გამოადგათ, რაღაც საბაბი მიეცათ. არ იქნებოდა ირაკლი, იქნებოდა - სხვა. მათ ყოველთვის სჭირდებათ თითო პრეცედენტი. ამ შემთხვევაში ეს აღმოჩნდა ირაკლი.” (სტილი დაცულია)

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ირაკლი ბათიაშვილის საქმის ობიექტურად განხილვა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია შესაძლებელი. თუმცა სტრასბურგამდე ჯერ კიდევ ხანგრძლივი პროცედურაა დასასრულებელი. ამ კვირაში პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ბათიაშვილის ათწლიანი პატიმრობით დასჯა მოითხოვა. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გამოძიების მიერ კონკრეტულ დანაშაულად მიჩნეულ ფაქტს არც ერთი მოწმე არ ჰყავს:

[ნიკოლაიშვილის ხმა] ,,დღევანდელი ჩვენი სასამართლოს სახეა და ჩვენი მართლმსაჯულების ის, რომ ასეთი აბსურდული და საერთოდ არაფერზე, ჰაერში გამოკიდებული მტკიცებულებების მიუხედავად და მხოლოდ ფარული ჩანაწერებით, არც ერთი მოწმე როდესაც არ არსებობს, შეუძლია მოითხოვოს პროკურატურამ და ნუ, მე არ გამიკვირდება, რომ სასამართლომაც ეს დააკმაყოფილოს, რა თქმა უნდა, ათი არა, მაგრამ შვიდი-რვა წელი და ჩაგვითვლიან იმად, რომ აი, ჩვენ როგორი გულმოწყალება გამოვიჩინეთ.” (სტილი დაცულია)

რამდენად გამართლდება ადვოკატის ეს პროგნოზი, მომავალ კვირაში გაირკვევა, როდესაც სასამართლო პროცესზე დასკვნით სიტყვას ჯერ დაცვის მხარე იტყვის, შემდეგ კი, საბოლოოს, - თავად ირაკლი ბათიაშვილი. იმის გამო, რომ გამამართლებელ განაჩენს თბილისის საქალაქო სასამართლოსგან პრაქტიკულად არავინ ელის, ირაკლი ბათიაშვილის პროცესი სააპელაციო ინსტანციაში გაგრძელდება.

  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG