Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”წარღვნამდელი” ჰაუპტვახტები და თანამედროვე თვითმფრინავები ნატოს წევრობის მსურველი ქვეყნის დამცველებისთვის


გასულ კვირაში საქართველოს დელეგაციამ

ბრიუსელში წარმატებით წარადგინა ნატოსთან ”ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის”, IPAP-ის, განახლებული ვარიანტი. მიღწევებზე ბევრი ითქვა, თუმცა ალიანსის წარმომადგენლების რეკომენდაციები უცვლელია - პროგრესი ყველა სფეროში უნდა იქნეს მიღწეული, ხოლო სამხედრო უწყება უნდა ექვემდებარებოდეს დემოკრატიულ სამოქალაქო კონტროლს; ამასთან, სამხედრო მოსამსახურეების უფლებები ყველგან უნდა იყოს დაცული. ადამიანური რესურსის სწორ მართვაზე დიდად არის დამოკიდებული იმ სამხედრო ტექნიკის სწორი ექსპლუატაცია, რომლის შესყიდვაზეც საქართველოს ხელისუფლება დიდი თანხების დახარჯვას აპირებს. დღევანდელ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” სწორედ სამხედრო ჰაუპტვახტების მდგომარეობასა და ჩეხური თვითმფრინავების შესყიდვის გეგმაზე მინდა გესაუბროთ.

ინფორმაციამ, რომ საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი ორჯერ გაიზრდება და თითქმის მილიარდ ლარს მიაღწევს, უკვე მოიარა მსოფლიო პრესის ფურცლები. თუმცა საკმარისი ინფორმაცია, თუ რაზე დაიხარჯება დამატებით გამოყოფილი ასიგნებები, არა აქვთ არათუ უბრალო მოქალაქეებს, არამედ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც, სავარაუდოდ, კვლავ ერთხმად დაუჭერენ მხარს ბიუჯეტის ცვლილების პროექტს. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ”მრეწველების” წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა არ გამორიცხა, რომ თავდაცვის სამინისტროსათვის ბიუჯეტის გაზრდა უკავშირდებოდეს ერაყში 2000 ქართველი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას, რაც ივნისის ბოლოს იგეგმება:

[გიორგი ცაგარეიშვილის ხმა] ”არ გამოვრიცხავ, რომ [ბიუჯეტის ზრდა] ასევე უკავშირდებოდეს ერაყში მისიას და თუ ეს ასეა, ჩვენ მით უმეტეს უნდა ვეცადოთ გავიგოთ, რაში იხარჯება თანხები.”

აღმოჩნდა, რომ საქართველოს სამხედრო უწყება შეეცდება გაზრდილი საბიუჯეტო თანხები ასევე გამოიყენოს საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების შესაძენად. ინფორმაცია ამის შესახებ გასულ კვირაში ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო ჩტკ-ამ გაავრცელა, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის მარტინ ბართაკზე დაყრდნობით, რომელიც 12 მაისს საქართველოში ახლდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მირეკ ტოპოლანეკს. ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩეხური წარმოების სამხედრო თვითმრინავ L-159-ის შესყიდვას. ინფორმაციაში მითითებული არ არის, თუ რა ფასად და რამდენი ცალი თვითმფრინავის შესყიდვას აპირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს საქართველოს სამხედრო უწყება, რომელიც, როგორც შემსყიდველი მხარე, დროზე ადრე ვერ გაამხელს პროექტის დეტალებს. თუმცა სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მხარეს L-159-ების შეძენის სურვილი 9 წლის წინაც ჰქონდა, რადგან მიჩნეულია, რომ ჩეხურ სამხედრო თვითმფრინავს აქვს რამდენიმე უპირატესობა:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ”ჩეხური წარმოების თვითმფრინავი L-159 შექმნილია გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში და იგი ერთგვარ გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს კარგად ცნობილი L-39-”ალბატროსისას”. იგი განეკუთვნება მსუბუქი ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, მაგრამ შეუძლია შეასრულოს ერთგვარი მოიერიშეების ფუნქციაც.”

ამ მრავალფუნქციური დანიშნულების გარდა, ჩეხური L-159 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები იოლი საექსპლუატაციოა, რადგან ქართველ პილოტებს ამ მოდელის თვითმფრინავების მართვის გამოცდილება აქვთ. გარდა ამისა, როგორც ირაკლი ალადაშვილი ამბობს, L-159 ტიპის თვითმფრინავს აქვს ერთი არსებითი უპირატესობაც:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ” L-159 90-იანი წლების ბოლოს იქმნებოდა. და ეს თვითმფრინავი, მეტ-ნაკლებად, უახლოვდება ნატოს სტანდარტებს.”

ნატოს სტანდარტებზე კი თანდათან უნდა გადავიდეს სამხედრო სისტემის ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი, რადგან ამას მოითხოვს თავსებადობა ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო სისტემასთან. თუმცა ამ სტანდარტების მიღწევა სასურველია დაიწყოს სამხედრო მოსამსახურეების დონის ამაღლებით, რადგან ყველა საქმეში და, მით უფრო, არმიის ორგანიზებაში სწორედ ”კადრები წყვეტენ ყველაფერს”. ამ თვალსაზრისით, ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები ახლა გაცილებით უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე თუნდაც ორი წლის წინ - მათ შრომისა და სწავლის პირობებიც ნორმალური აქვთ და ანაზღაურებაც, რასაც დახარჯული ოფლის საფასურად ღებულობენ. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას რატომღაც მხედველობიდან გამორჩა თანამედროვე სტანდარტების დონეზე გაერემონტებინა სამხედრო მოსამსახურეების დანაშაულის აღკვეთის ადგილები, ე.წ. ჰაუპტვახტები, რომელთა არა მხოლოდ სახელწოდება აღმოჩნდა ძველი, არამედ იერსახეც. სახალხო დამცველის ოფისის მიერ გასული წლის დეკემბერში 6 სამხედრო ბრიგადაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ვითარება ჰაუპტვახტებში შეფასდა, როგორც კატასტროფული:

[სოზარ სუბარის ხმა] ”უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, რა, ზამთრის სიცივე, უფანჯრო ოთახი, ბეტონი - ქვემოთ, სადაც არ არის არანაირი ფიცარნაგიც კი და არანაირი საწოლი. ღამე შემოაქვთ ფიცარნაგი, დღის განმავლობაში ჯარისკაცი ვერ ჯდება. ღამესაც იმ ფიცარნაგზე ათევს. უბრალოდ, შინელი თუ აქვთ, იმით წვებიან, არანაირი ლეიბი და არანაირი საბანი. ან, პირიქით, ფანჯრიანი, ოღონდ მინების გარეშე.”(სტილი დაცულია)

გასულ კვირაში სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა კვლავ განაახლეს ჰაუპტვახტების გეგმიური მონიტორინგი და სენაკის ბრიგადას ეწვივნენ. საჩვენებელ ბრიგადაში ჰაუპტვახტიც ახალი აღმოჩნდა. მოთხოვნებს აკმაყოფილებს სამხედრო საკანი ვაზიანშიც, თუმცა დანარჩენ ოთხ გარნიზონში ჰაუპტვახტების მდგომარეობა უცვლელია. შესაბამისად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაციაც: ნატოს წევრობის მსურველმა სახელმწიფომ ჯარისკაცის უფლების დაცვა უნდა უზრუნველყოს ყველგან - ბრძოლის ველზეც, პოლიგონზეც, ყაზარმაშიც და თავისუფლების აღკვეთის ადგილებშიც, ე.წ. ჰაუპტვახტებში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG