Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაისის თვის საჯარო დისკუსია ჰაინრიხ ბიოლის ფონდში


მაისის თვის საჯარო დისკუსია ჰაინრიხ ბიოლის ფონდში

თემაზე ”ბოდიშის კამპანია - რატომ უნდა მოვუხადოთ ბოდიში აფხაზებს?” თანაბრადაა როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული ცხოვრების მოვლენა. ბიოლის ფონდის მესვეურების თქმით, აქ გამართული დისკუსიების მიზანი ჭეშმარიტების დადგენა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ არის. უბრალოდ, საზოგადოება სწავლობს დისკუსიას... და ეს პროცესი, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

თემა რომ აქტუალურია, ეს ჯერ კიდევ დისკუსიის წინა დღეს გახდა ნათელი, როცა ბიოლის ფონდმა განცხადება გამოაქვეყნა ქართულ ინტერნეტსაიტებზე. ”ბოდიშის კამპანიაზე” მსჯელობაც კი უამრავმა ადამიანმა მიუღებლად და დამამცირებლად მიიჩნია. ეს ხალხი ბიოლის ფონდის ოფისშიც მოვიდა. საერთოდ, დარბაზი, გასასვლელები ხალხს ვერ იტევდა და ზოგიერთს ფეხზე დგომა მოუხდა 2 საათის განმავლობაში. ძირითად მომხსენებლებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ - დარბაზის რეპლიკებისა და ხმაურის ფონზე მოუხდათ საუბარი.

ხმაური ჟურნალისტთა ასოციაცია ”პოსტ-ფაქტუმის” თავმჯდომარის მანანა დარჯანიას გამოსვლის დროს დაიწყო:

[მანანა დარჯანიას ხმა] ”ეს ბოდიში სჭირდება, პირველ რიგში, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვჭირდება და არა, აფხაზებს [ხმაური - ”ვისთვის ბოდიში?”]. ბოდიში ჩვენ გვჭირდება, თორემ აფხაზებმა დღეს ბოდიში შეიძლება არც მიიღონ [ხმები ”რა გავაკეთეთ ასეთი?]. რა გავაკეთეთ? საომარი მოქმედებები დავიწყეთ ქართველებმა” [ხმაური].

მანანა დარჯანია ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველია, რომელმაც სოხუმი დატოვა. აფხაზეთიდან დევნილმა ჟურნალისტმა ძალიან ემოციურად უამბო საზოგადოებას თავისი ბოლო დღის შესახებ სოხუმში:

[მანანა დარჯანიას ხმა] ”ჩვენ, იცით, როგორ დავცილდით ერთმანეთს, როცა ომი იწყებოდა? ზღვის სანაპიროზე გავედით, როცა წითელ ხიდთან სროლა ისმოდა, ზღვაზე გავედით და ვთქვით, შეხედეთ, რა ლამაზია, რას ვერჩით ერთმანეთს. აფხაზებმა მითხრეს, უკვე დაგვიანებულია, ამაზე ადრე უნდა გეფიქრათო.”

ასეთი ემოციური გამოსვლის მიუხედავად, ბიოლის ფონდში მობრძანებული საზოგადოების ერთი ნაწილი დისკუსიის ბოლომდე აგრესიული იყო ”ბოდიშის კამპანიის” მიმართ. მანანა დარჯანია შეეცადა აეხსნა, რატომ და როდის გაუჩნდა აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდის სურვილი. გაიხსენა არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ავსტრიაში, სადაც მასპინძლებმა ქართველებსა და აფხაზებს კონფლიქტოლოგიაში მიღებულ ერთ თამაშში ჩართვა შესთავაზეს:

[მანანა დარჯანიას ხმა] ”გვათამაშეს თამაში ”აკვარიუმი”. აფხაზებს სვამენ წრეში, უკან უსხედან ქართველები და, პირიქით. ”როლური თამაშია”. აფხაზებმა, როცა ქართველების როლი გაითამაშეს, თქვეს, იქნებ ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ აფხაზებს. ამან ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ვთქვი, დადგება დრო, როცა ქართული საზოგადოება ბოდიშს მოითხოვს. მითხრეს, ამას შენ ჩვენთან ამბობ, შენს საზოგადოებაში ვერ გაბედავო. მე ვთქვი, რომ ვიტყვი და ვამბობ კიდეც.”

და თქვა კიდეც. მათ შორის, ბიოლის ფონდში მობრძანებული ყოფილი მეომრების, დევნილების, სახელმწიფო საბჭოს ყოფილი წევრების (დისკუსიას ”სახალხო ფრონტის” ლიდერი ნოდარ ნათაძე ესწრებოდა), პოლიტიკოსებისა და კონფლიქტოლოგების წინაშე.

[მანანა დარჯანიას ხმა] ”ასეთები აფხაზეთში ბევრნი არიან... რომლებიც რუსეთისკენ იყურებიან, რადგან აი, ასეთი საზოგადოება გვყავს დღემდე.
ბატონო ნოდარ, როცა თქვენ იყავით იქ, ავტომატით ხელში, სამთავრობო აგარაკზე... [”არ ვიყავი”]... მე გნახეთ, ინტერვიუ ავიღე თქვენგან!”

ხმაურმა კიდევ უფრო იმატა ადამიანის უფლებების საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის გამოსვლის შემდეგ. ”ბოდიშის მოხდის კამპანია” ცოტა ხნის წინ სწორედ ამ ორგანიზაციის მესვეურებმა წამოიწყეს:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ”ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო კამპანია ”ბოდიში” - ჩვენ ბოდიშს ვიხდით იმის გამო, რომ ვერ შევაჩერეთ ომი, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ გავაკეთეთ. თუ არ შევაფასეთ 92 წლის მოვლენები, თუ არ დავამყარეთ დიალოგი აფხაზებთან, აფხაზეთის დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. სამწუხაროდ, ჩვენმა ამ კამპანიამ დაადასტურა, რომ როგორც სახელმწიფო, ასე საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ ანტაგონისტურადაა განწყობილი აფხაზებისადმი. სამშვიდობო პოლიტიკა ცარიელი რიტორიკაა და კვლავ მილიტარისტულ განწყობასთან გვაქვს საქმე.”

უჩა ნანუაშვილის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც ქართველი მშვიდობისმყოფელები ბოდიშს უხდიან აფხაზებს 1992 წელს ომის დაწყების გამო და მშვიდობისთვის ერთად ლოცვას სთავაზობენ. ”ბოდიშის მოხდის კამპანიის” მომხრეები საზოგადოებას სთავაზობენ ახლებურად შეფასდეს 1992 წლის მოვლენები და ქართული საზოგადოების წევრებმა აღიარონ, რომ არაფერი გააკეთეს ომის თავიდან ასაცილებლად. დისკუსიის კიდევ ერთი მონაწილე, გოგა ხაინდრავა, მიიჩნევს, რომ ბოდიშის მოხდა ინტიმური აქტია და ასეთ კამპანიას მხოლოდ ნაწილობრივ ემხრობა. მით უმეტეს, რომ დაპირისპირება ცალმხრივი არ არსებობს და ამ ომში, ისევე როგორც ყველა ომში, ორივე მხარეა დამნაშავე. მესამე მხარეს, ე.ი. რუსეთს, გოგა ხაინდრავა არ ანიჭებს ისეთ მნიშვნელობას, როგორც ბიოლის ფონდში სადისკუსიოდ მობრძანებული საზოგადოების (რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ) უმრავლესობა.




[გოგა ხაინდრავას ხმა] ”ყოველთვის მომხრე ვარ იმისა, რომ საკუთარ თავში ეძებო ბრალეულობა. ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები ქართული აგრესიულობის, როცა დღემდე... [ხმა: ”ტერიტორიის დაბრუნება აგრესიაა?”]... არა... ტერიტორიის დაბრუნებას შრომა სჭირდება.ნუ მოიტყუებთ თავს: აფხაზეთში გვეომებოდნენ აფხაზები და ომი მოგვიგეს აფხაზებმა და ოსეთში - ოსებმა [ხმაური ”ტყუი, უნამუსოდ ტყუი! იდიოტო!]... მე ძალიან მიჭირს საუბარი, როცა საქართველოში პროფესორი სიტყვა ”იდიოტს” ხმარობს”... და ტყუილი მოიკითხეთ საკუთარ გონებაში, თქვე ფაშისტებო, თქვენა!”

ასეთი რეპლიკებით, ასეთი გადაძახილ-გადმოძახილებით გაიმართა დისკუსია ჰაინრიხ ბიოლის ფონდში. როგორც ხდება ხოლმე ასეთი დისკუსიების დროს, დარბაზი თემას ასცდა - გაიხსენეს მე-20 საუკუნის დასაწყისი, 70-80-იანი წლები... დარბაზში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ომი გაცილებით უფრო ადრე დაიწყო - და დაიწყეს... ზოგმა რუსი თქვა, ზოგმა აფხაზი. მერე ერთმანეთს ეგრეთ წოდებული ”ზვიადისტები” და ყოფილი მეომრები დაუპირისპირდნენ და კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ საქართველო ჯერ მხოლოდ სწავლობს დისკუსიას. ბიოლის ფონდში მობრძანებული ჟურნალისტის ნინია კაკაბაძის გამოსვლას, რომლის მიზანი ძირითად თემასთან დაბრუნება იყო, ისევ ხმაური მოჰყვა.

[ნინია კაკაბაძის ხმა] ”მე, პირადად, ვიღებ პასუხისმგებლობას და მზადა ვარ ბოდიში მოვუხადო აფხაზს, იმ აფხაზს, რომელმაც მე ბიძაშვილი მომიკლა, იმისათვის, რომ გადავდგა პირველი ნაბიჯი მათთან ურთიერთობის დასაწყებად... ესაა დიდი პრობლემა, რომ ჩვენ მხოლოდ ტერიტორიას ვხედავთ და გვავიწყდება, რომ ადამიანები ცხოვრობენ, რომლებთანაც ერთად ცხოვრება გვინდა” [ხმაური].
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG