Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერები და უფლებადამცავები პროტესტს გამოთქვამენ რუსეთის მედიაში გამეფებული ცენზურის წინააღმდეგ


"ძირს პუტინის ტელევიზია!" - ასეთი მწყობრი შეძახილები გაისმოდა გუშინ რუსეთის დედაქალაქში, ოსტანკინოს სატელევიზიო ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რადიო "თავისუფლების" მოსკოველი კორესპონდენტის ცნობით, ხუთასზე მეტი ადამიანი იქ იმისთვის შეიკრიბა, რათა პროტესტი გამოეხატა რუსეთის ტელევიზიაში გამეფებული ცენზურის წინააღმდეგ. უფრო დაწვრილებით ამ აქციის შესახებ დავით კაკაბაძე გესაუბრებათ.

მოსკოვი ჟურნალისტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის სამასპინძლოდ ემზადება. კონფერენციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე საპროტესტო აქციის მოწყობით რუსეთის ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობის აქტივისტებს სურდათ, ფართო საზოგადოების ყურადღება მედიაში გამეფებული ცენზურისთვის მიეპყროთ. მიტინგზე გამომსვლელები ძირითადად მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შორის ყველაზე მასობრივის - ტელევიზიის სავალალო მდგომარეობაზე და მასზე ხელისუფლების გავლენაზე საუბრობდნენ.

[გრიგორი იავლინსკის ხმა] "ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, ხელს არ გვაძლევს, ჩვენში პროტესტს იწვევს სიცრუე ტელევიზიაში, უხამსობა ტელევიზიაში, არაპროფესიონალიზმი ტელევიზიაში, პოლიტიკური ცენზურა ტელევიზიაში. ეს ძალიან სახიფათოდ მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის."

ასეთი სიტყვებით მიმართა საპროტესტო აქციაზე შეკრებილთ პარტია "იაბლოკოს" ლიდერმა გრიგორი იავლინსკიმ. "იაბლოკოსთან" ერთად აქციის ორგანიზატორები იყვნენ "მოძრაობა ადამიანის უფლებებისთვის" და მოსკოვის "ჰელსინკის ჯგუფი". აქცია სანქცირებული იყო და მშვიდობიანად დასრულდა. მას წინ უძღოდა რამდენიმე ინციდენტი, რომლებმაც ჟურნალისტთა დიდი ნაწილისა და ადამიანის უფლებათა დამცველების სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. სულ რამდენიმე დღის წინათ, 18 მაისს, თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა რუსეთის ახალი ამბების სამსახურის რვა თანამშრომელმა. ეს იყო მათი რეაქცია ახალ სარედაქციო პოლიტიკაზე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა "დადებით შუქში" წარმოჩენას მოითხოვს.

კიდევ უფრო ადრე, 15 მაისს, შენობა დააცლევინეს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს - ორგანიზაციას, რომელიც ასი ათასზე მეტ პროფესიონალ ჟურნალისტს აერთიანებს. ამის მიზეზად ოფიციალური ვერსია ჟურნალისტთა კავშირის მხრიდან შენობის ქირის კონტრაქტის დარღვევას ასახელებს. თუმცა, თავად კავშირი ამ გადაწყვეტილების უკან სულ სხვა მიზეზებს ხედავს.

სხვათა შორის, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი აქტიურად მონაწილეობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო კონგრესის მომზადებაში. ეს კონგრესი 28 მაისს, მოსკოვში გაიმართება და მისი მონაწილეები ყურადღებას პრესის თავისუფლების საკითხებზე გაამახვილებენ..
XS
SM
MD
LG