Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის წლიური ანგარიში


90-იანი წლები ტრავმატული პერიოდი იყო აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები მილიონობით ადამიანისთვის.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის წლიური ანგარიში, რომლის დასკვნებს ბიძინა რამიშვილი გაგაცნობთ, მოწმობს, რომ კომუნიზმის დამხობა და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა დღემდე მტკივნეულად აღიქმება მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ.

კომუნისტური სამყაროს დაშლის შემდეგ 15 წელზე მეტი გავიდა და ამ ხნის მანძილზე ამ რეგიონმა უზარმაზარი ცვლილებები განიცადა.

მრავალი გამოკველვა ცხადყოფს, რომ ამ პერიოდში გატარებულმა რეფორმებმა წარმატებით ჩაიარა. საერთო ვითარება გაუმჯობესდა.

მაგრამ ეს გამოკვლევები იშვიათად სვამენ კითხვას: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა ამ რეფორმების წარმატებით?

გამოკვლევა, რომელიც ერთობლივად ჩაატარეს რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა და მსოფლიო ბანკმა, სწორედ ამ შეკითხვის გარშემო ტრიალებს.

ანგარიშის თანახმად, რომელსაც ეწოდება "ცხოვრება გარდამავალ პერიოდში", კაპიტალიზმზე გარდამავალი პერიოდი მეტად მტკივნეული გამოდგა.

გამოიკითხა 29 ათასი ადამიანი 29 ქვეყანაში. ანგარიში გამოქვეყნდა ყაზანში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს.

გამოკვლევა ნათელყოფს, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი ცხოვრება გაუმჯობესდა 1989 წლის შემდეგ. საინტერესოა, რომ საქართველოში ეს მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია და 50-დან 64 წლის ასაკის ჯგუფში მხოლოდ 12 პროცენტს შეადგენს.

ამავე დროს გამოკითხულთა ორი მესამედი ფიქრობს, რომ კორუფცია უტოლდება ან აღემატება კიდეც 1989 წლის დონეს. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად, აქ კორუფციამ, განსაკუთრებით ქრთამის მიცემამ, დრამატულად იკლო.

ჩვენი რადიო ტელეფონით დაუკავშირდა ყაზანში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ეკონომისტს, ერიკ ბერგლოფს.

[ბერგლოფის ხმა] "ხშირ შემთხვევაში ვხედავთ უკმაყოფილებას 90-იან წლებში მომხდარის მიმართ და იმის აღიარებას, რომ საქმე გაუმჯობესდა. მიაჩნიათ - ყოველ შემთხვევაში, უმეტეს ქვეყანაში -, რომ იკლო მოულოდნელობებმა, ცხოვრება უფრო სტაბილური გახდა, საზოგადოების წინსვლის პროცესში ხელი ეწყობა სწორ ღირებულებებს. მაგრამ ეს ძალიან ძვირადღირებული პროცესი იყო და მრავალი ადამიანი მიიჩნევს, რომ ხელი მოეცარა ძალიან ტრავმატული 90-ინი წლების მანძილზე."

გამოკვლევავ დაადასტურა ის, რაც ამ რეგიონში მცხოვრები მრავალი ადამიანისთვის უკვე ცნობილია. საზოგადოება გახლეჩილია. გარდამავალ პერიოდში ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის უფსკრული გაიზარდა.

ბერგლოფის თქმით, რეფორმების შედეგებით ძირითადად მოსახლეობის ახალგაზრდა და განათლებული ნაწილია კმაყოფილი, რომელსაც უკეთესი სამომავლო პერსპექტივები აქვს.

[ბერგლოფის ხმა] "მე ვიტყოდი, დიდი მრავალფეროვნებაა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს შორის, სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფს, სხვადასხვა განათლების მქონე ჯგუფს შორის. ახალგაზრდები უფრო დადებითად აფასებენ მიღწევებს და უფრო დადებითად უყურებენ მომავალს. რაც უფრო კარგი განათლება გაქვთ, მით უფრო შეძლებული ხართ".

მაგრამ ახალგაზრდა და განათლებული მოსახლეობა უმცირესობას წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ ანგარიშში ასეთ დასკვნას ვკითხულობთ: "გამოკვლევა ნათელყოფს, რომ მრავალი ადამიანი ჯერაც უნდობლად არის განწყობილი საბაზრო ღირებულებებისა და დემოკრატიის მიმართ."

ბერგლოფის აზრით, აღმოსავლეთ ევროპასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში პოლიტიკოსები სერიოზულად უნდა დააფიქროს ამ ტენდენციამ.

მაგრამ, მიუხედავად ამ ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილებისა, არის ოპტიმისტური ტენდენციებიც. მაგალითად, გამოკითხულთა 54 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ შვილებს უკეთესი ცხოვრება ექნებათ. საინტერესოა, რომ საქართველოში აწმყოთი ფართო უკმაყოფილების მიუხედავად მომავლის მიმართ ოპტიმისტთა რიცხვი 70 პროცენტს აღწევს.
XS
SM
MD
LG