Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ შარაძე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გურამ შარაძეს ხუთშაბათს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სავარაუდოდ, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში, სადაც მას პანაშვიდს გადაუხდიან, ბოლო პატივის მისაგებად ბევრი ადამიანი მივა - გურამ შარაძე ქართველ პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელსაც გულშემატკივარიც და ოპონენტიც მრავლად ჰყავდა.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი, ივანე მაჩაბლის საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო, მემედ აბაშიძის, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, რამდენიმე მონოგრაფიისა და წიგნის ავტორი, პარიზის ეროვნული საბჭოს და ჟურნალ ” მებრძოლი საქართველოს” რედაქციის წევრი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი, პოლიტიკური მოძრაობა ” ენა, მამული, სარწმუნოების” ლიდერი - ასეთია გურამ შარაძის ოფიციალური ბიოგრაფია. არაოფიციალურს რაც შეეხება - შეურიგებელი და უხერხული ოპონენტი, რომელთანაც დისკუსიაში შესვლას ბევრი ერიდებოდა; რელიგიური უმცირესობების, კონკრეტულად, იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის აქტიური მონაწილე; ქართული საგანძურის უცხოეთში გატანის მოწინააღმდეგე; პროფესორი, რომელიც 2004 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ გამოფენაზე პლაკატების ჩამოხევისთვის საპატრული პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, 2006 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მორალური შეურაცხყოფისთვის 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ის რადიკალი იყო, რასაც საკუთარ ღირსებად მიიჩნევდა. წიგნში ” ვინ ვინ არის საქართველოში” საკუთარ მრწამსს ასე აყალიბებს: ”სიმართლე - რაც არ უნდა მწარე იყოს.” საკუთარ მოსაზრებასაც რადიკალურად იცავდა - ეს რადიო ”თავისუფლების” ქართულმა რედაქციამ საკუთარ თავზე გამოსცადა, როცა, ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, მაშინ პარლამენტის წევრი გურამ შარაძე რადიო ”თავისუფლების” დახურვას და თბილისის ბიუროს თანამშრომლების საქართველოდან გასახლებას ითხოვდა. და ეს მაშინ, როცა მას წლების მეგობრობა აკავშირებდა რადიო ”თავისუფლების” მაშინდელ ხელმძღვანელთან, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელთან - გულნარა პატარიძესთან.
გურამ შარაძის სახელი საქართველოში ცნობილი გახდა სწორედ ქართულ ემიგრაციასთან კავშირებით. ის, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, მჭიდროდ თანამშრომლობდა საფრანგეთის ემიგრაციასთან. საქართველოში ემიგრანტთა არქივის ნაწილის ჩამოტანაც მის სახელს უკავშირდება. მოგვიანებით, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, მისი ცხოვრების ამ ეტაპთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაჩნდა -მაგალითად, რატომ არ ეკრძალებოდა გურამ შარაძეს ის, რისთვისაც სხვები მკაცრად ისჯებოდნენ? ერთ-ერთი ასეთი ბრალდების შემდეგ - ბრალდება ხმამაღლა უკვე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერიდან გაისმა - გურამ შარაძემ ამ საკითხის გამოძიებამდე დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა:

[ გურამ შარაძის ხმა] ” თუ ის, რაც ”რუსთავი 2”-ის ავტორიტეტულ სტუდიაში გაცხადდა, თუ ეს მართალია, მე, გურამ შარაძეს, არა მაქვს უფლება, ვიყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ჩემს კოლეგებს, 254 წევრს, თვალებში ხომ უნდა შევხედო. თუ ეს მართალი არ არის, ეს ჩემი პრობლემა არ არის. იმან აგოს პასუხი, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს. და სანამ ეს გაირკვევა ან არ გაირკვევა, - ამას არა აქვს მნიშვნელობა, - დღეს მე კატეგორიულად ვაცხადებ და ვამბობ: მე ვტოვებ საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის მანდატს პარლამენტის ერთი რიგითი წევრის ღირსებისა და პატივის შელახვისთვის.”(სტილი დაცულია)

გურამ შარაძე 2003 წლის ნოემბრის არჩევნებშიც მონაწილეობდა. ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ის რამდენჯერმე მოექცა ყურადღების ცენტრში - როცა ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის გადმოსვენების დღეებში. ცოტა ხნის წინ მისი ავტორობით გამოიცა წიგნი, რომელიც აკაკი წერეთელს ეხება. გავრცელებული ცნობებით, ის კიდევ რამდენიმე წიგნზე მუშაობდა.
XS
SM
MD
LG