Accessibility links

რატომ ხოცავენ მოზარდები (და არამხოლოდ მოზარდები) ერთმანეთს


გასულ კვირაში, რომელიც დატვირთული იყო




როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ინფორმაციით, საზოგადოების განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია სამმა მოვლენამ: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებმა, სოფელ ფერიაში მშენებარე ეკლესიის დემონტაჟმა და თბილისის ქუჩებში ნიკა ბუსკანძისა და გურამ შარაძის მკვლელობებმა. აქვს თუ არა საერთო საფუძველი ზემოთ ჩამოთვლილ მოვლენებს და მათში საზოგადოების ემოციურ ჩართულობას?


ერთი შეხედვით, თითქოს, რა უნდა აკავშირებდეს ერთმანეთთან არჩევნებს ფეხბურთის ფედერაციაში, ეკლესიის მშენებლობას, 15 წლის მოზარდისა და 67 წლის პროფესორის მკვლელობას. თუმცა, თუ მაინც მოვძებნით პასუხს კითხვაზე, რატომ მიიტანეს ადამიანებმა გულთან ახლოს ფაქტები, რომლებიც მათ უშუალოდ არ შეჰხებია, ადვილად დავინახავთ საზოგადოების გამაერთიანებელი შფოთვის საფუძველს - ძალადობას.

მართალია, ნოდარ ახალკაცმა განაცხადა, რომ არჩევნებში ხელისუფლების ჩარევის ვერსია აბსურდულად მიაჩნია, მაგრამ მისთვის ჟურნალისტებს არ დაუსვამთ მარტივი და ლოგიკური შეკითხვა: მაშ, თავად რით ახსნიდა გამარჯვებული გიორგი ნემსაძის გადადგომის ფაქტს? ხომ ცხადია, რომ ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანები ასე საკუთარი ნებით არ იქცევიან?

სინამდვილეში, ეჭვი არავის ეპარება, რომ ნემსაძე აიძულეს, გადამდგარიყო. ძალადობის ფაქტი “კადრს მიღმა” დარჩა, შედეგი კი ყველამ ვიხილეთ.

დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭომ დახურული კენჭისყრით გენერალურ დირექტორად ბიზნესმენი გიორგი ლეჟავა აირჩია. მაშინ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია საჯაროდ დაუპირისპირდა არჩეულ დირექტორს და მიზეზად “სილქ როუდ ჯგუფთან” მისი თანამშრომლობა დაასახელა. გიორგი ლეჟავამ მეორე დღესვე გამოაქვეყნა განცხადება გადადგომის შესახებ. თავი რომ დავანებოთ იმის განხილვას, თანდათან როგორ ანდო და გადააბარა მთავრობამ “სილქ როუდ ჯგუფს” ნახევარი საქართველო, მთავარი მაინც ის პრეცედენტია, რომ პირველივე არჩეული დირექტორი ერთ დღეში გადადგა ხელისუფლების მხრიდან ღია ზეწოლის გამო.

დღეს, მაშინდელი შემთხვევისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტის გადადგომას საზოგადოება მწვავედ განიცდის. ორ კანდიდატთან დაახლოებული ადამიანები ცალ-ცალკე ამბობენ, რომ გიორგი ნემსაძის მიერ მოპოვებული ხმები ადგილობრივი ხელისუფლების ნაღვაწია, ხოლო ნოდარ ახალკაცის ხმები თვით პრეზიდენტის ჩარევამ უზრუნველყო. გამოდის, არჩევით თანამდებობაზე ხან ერთი დაინიშნა, ხან - მეორე; ოღონდ იმ ერთმა, მეორისგან განსხვავებით, არჩევნები მოიგო, თუმცა, საბოლოოდ, მაინც წაგებული დარჩა. საზოგადოება ამ უცნაურ ლაბირინთში მთელი ემოციით ჩაერთო, მაგრამ ძალის აშკარა დემონსტრირებას მეტი ვერაფერი დაუპირისპირა.

ვითარება განსხვავებული აღმოჩნდა ფერიის ეკლესიის შემთხვევაში: მრევლმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ გამგეობის მიერ ღამით დანგრეული ეკლესიის მშენებლობა დღისით თავიდან დაიწყო. ცუდი ის არის, რომ საზოგადოებას თვითორგანიზებისთვის ძალა არ ეყო და პოლიტიკური ოპოზიციის ზურგს ამოეფარა. ადგილობრივ ხელისუფლებას უხეში ძალის პრინციპით რომ არ ემოქმედა, თავის ხალხს ოპოზიციის ნაპირზე არ გარიყავდა.

ყველაზე გულსაკლავი მაინც გახშირებული და წრეგადასული ძალადობაა, განსაკუთრებით, მოზარდებს შორის. გასულ კვირაში, ნიკა ჩანქსელიანისა და სალომე მამაცაშვილის შემდეგ, მორიგი მსხვერპლი მეათეკლასელი ნიკა ბუსკანძე აღმოჩნდა. მისი მკვლელობა მეცხრეკლასელმა არჩილ შარაბიძემ აღიარა, რომელმაც, თავისივე მონათხრობის თანახმად, საკმაოდ არააგრესიული საუბრის პროცესში ტყვია ბუსკანძეს პირდაპირ გულში დაახალა. კვირა საღამოს კი თბილისის ცენტრში გურამ შარაძე მოკლეს.

ზოგადად, ძალადობის დიდი ტალღა რევოლუციამ მოიტანა, რომელმაც ვარდებით ხელში და უსისხლოდ კი შემოაბიჯა, მაგრამ დროთა განმავლობაში სიცოცხლის გაუფასურებას დაუდო სათავე. დღეს აღარავის უკვირს რევოლუციური ხელისუფლების კანონიერი თუ უკანონო აგრესია: აქცენტი ყველა ორთაბრძოლაში გამარჯვებაზე, მაინცდამაინც, ძალის გამოყენებით; დანგრეულის შენება და აშენებულის ნგრევა; პროცედურების უგულებელყოფა; ცინიზმი, მუქარა და, თუ შევაჯამებთ, დიადი მიზნებისთვის ბრძოლაში ადამიანის ბედის მიმართ გულგრილობა. ახლა, როდესაც ძალადობა ხელისუფლებიდან ადამიანებს შორის ურთიერთობაზე გადადის და განსაკუთრებული სისასტიკით აისახება მოზარდების ქცევაზე - საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს, გულწრფელ შფოთვას იწყებს. გასულ კვირას ემოციურმა ჩართულობამ საეტაპო ნიშნულს მიაღწია.


XS
SM
MD
LG