Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფიკო ჭიაურელი - 70


21 მაისს საქართველოს სახალხო არტისტს სოფიკო ჭიაურელს 70 წელი შეუსრულდა.

ასაკს არ მალავს. პირიქით, ამაყობს კიდეც, რომ ბევრი მოასწრო და კვლავაც ფორმაშია - თეატრში ”ვერიკო”, რომელიც თავის დროზე კოტე მახარაძესთან ერთად დააარსა, ზოგჯერ ყოველ საღამოს თამაშობს. თუმცა ნოსტალგიით იხსენებს წარსულს. შემთხვევითი არ არის, რომ ნოსტალგიური მელოდიების ფონზე საუბრობდა სოფიკო ჭიაურელი თავის ბენეფისზე.

[სოფიკო ჭიაურელის ხმა] ”წარმოიდგინეთ, რა რეჟისორებთან მქონდა საქმე, რამდენად ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ მე, ალბათ, ყველა კარგი რეჟისორის ხელში მოვხვდი, ამიტომ გამიღიმა ბედმა - ამიტომაც თითქმის ყველა ჩემი ფილმი სხვადასხვა ფესტივალის გამარჯვებულია.”(სტილი დაცულია)

და არამარტო რეჟისორებში გაუღიმა ბედმა. მშობლებს არ ირჩევენ, მაგრამ მას ამაშიც აღმოაჩნდა იღბალი. თუმცა ისტორია ცხადყოფს, რომ დიდ ხელოვანთ იშვიათად თუ ჰყოლიათ თავიანთი მსგავსი მემკვიდრენი... სოფიკო ჭიაურელი, რა თქმა უნდა, გამონაკლისია - ვერიკო ანჯაფარიძის და მიხეილ ჭიაურელის ღირსეული მემკვიდრე 60-იანი, 70-იანი წლების ქართული კინოს ”მუზად” ისე იქცა, რომ მშობლების, პირველ რიგში კი, დედის მიბაძვაზე არც კი უფიქრია. უფრო პირიქით, მისი კინემატოგრაფიული დებიუტი რეზო ჩხეიძის ფილმში ”ჩვენი ეზო”, გარკვეული თვალსაზრისით, უპირისპირდებოდა კიდეც იმას, რასაც ვერიკო ანჯაფარიძე ქმნიდა სცენასა და ეკრანზე: პათეტიკა - იმპროვიზაციამ, სილაღემ შეცვალა... თავად ამბობს, რომ არტისტულ სამყაროს მშობლების დახმარებით ეზიარა, თუმცა მიბაძვაზე არასდროს უფიქრია; უბრალოდ, მიხეილ ჭიაურელისთვის, როგორც სტალინის საყვარელი რეჟისორისთვის, კარი ყველგან ღია იყო: ჭიაურელს შეეძლო ენახა ის, რასაც ხალხს არ უჩვენებდნენ - მაგალითად, ენახა 30-იანი, 40-იანი წლების დასავლური კინოს შედევრები. სწორედ ეს იყო ჩემი სკოლაო, ამბობს ჩვენთან საუბარში სოფიკო ჭიაურელი:

[სოფიკო ჭიაურელის ხმა] ”რომ შევდიოდით, დავუშვათ, დიდ თეატრში, სტალინის ლოჟაში გვსვამდნენ, კარები ყველგან იღებოდა... კინოკომიტეტში შემიყვანდა, -პატარა გოგო ვიყავი, - სპეციალურად ჩემთვის მოდიოდა მთარგმნელი და დილიდან ღამემდე ვუყურებდი ამ საოცარ ფილმებს.”

უზრუნველი ბავშვობა სტრესით დაიწყო. სოფიკო ჭიაურელი ღიმილით ჰყვება თავისი დაბადების ისტორიას... როგორ გაათამაშეს, როგორ შეაშინეს ვერიკო ანჯაფარიძე, როცა მსახიობი ბავშვს ელოდებოდა - როგორი მასკარადი მოუწყვეს მსახიობებმა, რომლებიც ჭიაურელებს ლენინისა და სტალინის სახით მოევლინენ... თანაც როდის - 1937 წელს...

[სოფიკო ჭიაურელის ხმა] ”არ ვმალავ ჩემს წლებს. ამ წელს გავჩნდი...ეს ის დროა, როცა ხან ერთი მეგობარი გაქრება, ხან მეორე. დედაჩემს უკვე რაღაც ფუთა ჰქონდა მომზადებული....მუცლითაა დედა. სამ საათზე ბრახუნი, დედა ემშვიდობება და დგანან ლენინი და სტალინი... გაიკეთეს გრიმი ღამის სამ საათზე და გამოეცხადდნენ ჩვენებს...იმ დილით ამ ნერვიულობაზე გავჩნდი მეც - იმ სახლში გავჩნდი. ვერ მოასწრეს დედას გაყვანა.”

მერე სტალინის ეპოქა დასრულდა. მიხეილ ჭიაურელი, ფაქტობრივად, გადაასახლეს სვერდლოვსკში. სოფიკო ჭიაურელმა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი დაამთავრა. ქართულ თეატრში სრულიად განსხვავებული სახეები შექმნა - ჟანა დარკიც ითამაშა, ჯულიეტაც, ანტიგონეც... მარჯანიშვილის თეატრი მისი მეორე სახლი იყო. სწორედ მან აღადგინა ”ურიელ აკოსტა” - ვერიკო ანჯაფარიძის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი... თუმცა დიდ გამარჯვებებს მაინც კინოში მიაღწია - ”ხევსურული ბალადა”, ”წუთისოფელი”, ”ვერის უბნის მელოდიები”, ”რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე” და, რა თქმა უნდა, ”ნატვრის ხე” ... მარტო ფილმების ჩამოთვლა, სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით, დიდ დროს წაგვართმევს... 60-იან, 70-იან წლებში იგი ქართული კინოს ვარსკვლავია - წელიწადში რამდენიმე სურათში იღებენ. ყველა ფილმში განსხვავებულია. მიუხედავად თეატრში მოღვაწეობის გამოცდილებისა, არსადაა თეატრალური.

[სოფიკო ჭიაურელის ხმა] ”ჩემს კინოცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა სერგო ფარაჯანოვმა. ეს უცნაური მხატვარი იყო, გენიოსი - ნუ გვეშინია ამ სიტყვის. დღეს სერგოს ახსენებენ ფელინის გვერდზე. ჩვენ ეს კაცი გვყავდა, მან თავისი ხელით შექმნა მუზეუმი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ.”

ასეა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ კინოფესტივალებზე სოფიკო ჭიაურელმა პრიზები ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის შოთა მანაგაძის, ლანა ღოღობერიძის, თენგიზ აბულაძის ფილმებში მონაწილეობის შემდეგ მიიღო, დასავლეთში მას,პირველ რიგში, იცნობენ როგორც ”ფარაჯანოვის მუზას”... არადა, ერთი შეხედვით, ”საიათნოვაში” ბევრი არაფერი იყო სათამაშო - ჭიაურელი აქ უფრო მოდელია, ვიდრე მსახიობი. სხვა საქმეა, რომ ყველა დიდი მსახიობი როდი თანხმდება მოდელის როლზე, ყველას არ შეუძლია გადაიქცეს სურათად, მაქმანად, როგორც ამას სოფიკო ჭიაურელი აკეთებს ”საიათნოვაში”... როგორც ჩანს, მსახიობმა და რეჟისორმა მაშინ ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს:

[სოფიკო ჭიაურელის ხმა] ”მას შემდეგ, რაც სერგომ გადამიღო ფილმში ”საიათნოვა”, მან მითხრა, მე უშენოდ ფილმს არ გადავიღებო და მის შემდეგ ფილმებში მან უკვე მოიგონა როლები ჩემთვის, რომ მე იქ ვყოფილიყავი.”(სტილი დაცულია)

მაგრამ სერგო ფარაჯანოვმა სოფიკო ჭიაურელისთვის მხოლოდ ეპიზოდური როლები როდი მოიფიქრა. სიცოცხლის ბოლოს ფარაჯანოვი მუშაობდა სცენარზე ფილმისთვის ”შუშანიკის წამება”, რომელშიც მთავარი როლი სოფიკო ჭიაურელს უნდა შეესრულებინა. ფარაჯანოვმა სცენაზეც ნახა ჭიაურელი და პირველმა სცადა მსახიობის ამ ორი სტილის - კინო და თეატრალური სტილების გაერთიანება. მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს ”შუშანიკის” გადაღება შეუძლებელი გახდა:

[სოფიკო ჭიაურელის ხმა]”მე ვერ ვპატიებ ჩემს თავს, რომ არ ვიბრძოლე ”შუშანიკისთვის” , რომელიც სერგომ ჩემთვის დაწერა. მაშინ ატყდა დავა, რომ სომეხმა არ შეიძლება გადაიღოს ეს ფილმი... ”

მაგრამ სოფიკო ჭიაურელმა მაინც შეძლო ერთმანეთთან თითქოს დაპირისპირებული თეატრისა და კინოს ენის გაერთიანება. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის თეატრში, სადაც სივრცე ძალიან პატარაა და სადაც მაყურებელი, ფაქტობრივად, სცენაზე ზის, მას აღარ სჭირდება ხაზგასმული ჟესტიკულაცია და ხმამაღლა ლაპარაკი. პუბლიკასთან უშუალო კონტაქტი მიღწეულია, ამიტომ აქ მსახიობს იმპროვიზაციის მაქსიმალური შესაძლებლობა აქვს. სოფიკო ჭიაურელისთვის სწორედ ესაა ბედნიერება - მას დღეს მაყურებლამდე არა მარტო, უბრალოდ, ნიჭი (რომელიც მემკვიდრეობით ერგო), არამედ შემოქმედებითი გამოცდილებაც მოაქვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამდიდრებს მაყურებელს, რომელიც ფიქრის გორაზე გახსნილ თეატრს არასდროს აკლდება.



  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG