Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტს აეჭვებს რუსეთის დემოკრატიულობა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ორშაბათს გააკეთა კრიტიკული განცხადება რუსეთის შესახებ

და მიუთითა დაძაბულობაზეც, რომელიც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობაში არსებობს.

რატომ მიაჩნია პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთი დემოკრატიის გზაზე დგას? ამის განმარტებას მოელის რუსი კოლეგისაგან აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ვლადიმირ პუტინს, სავარაუდოდ, მალე შეხვდება. შეხვდება “დიდი 8”-ის სამიტზე, რომელიც 6 ივნისს გერმანიაში იწყება. თვით ჯორჯ ბუშს, როგორც მან ორშაბათს უთხრა საინფორმაციო სააგენტო “როიტერსს”, “ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება”, რომ რუსეთი არ დგას დემოკრატიის გზაზე. იქვე ბუშმა ვლადიმირ პუტინის საყურადღებოდ ერთგვარი რჩევა გამოთქვა, რომ “რუსეთის ინტერესები დასავლეთს უკავშირდება” და რომ რუსეთს და დასავლეთს თანამშრომლობა ჰმართებთ.

ორშაბათსვე პრეზიდენტი ბუში ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეეხო თემას, რომელიც რუსეთის მწვავე რეაქციას იწვევს: ცენტრალურ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას. [ბუშის ხმა] “მე თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი გავაგზავნე რუსეთში პრეზიდენტ პუტინთან და მისი მთავრობის წევრებთან საუბარში იმის სრულად და გარკვევით ასახსნელად, რომ ეს ანტისარაკეტო ფარი მიმართული არ არის მათს წინააღმდეგ, არამედ მიმართულია სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთაც შესაძლებელია, გავლენა მოახდინონ მშვიდობაზე ევროპაში. მე ძალიან ვაფასებ იმ გარემოებას, რომ ნატო-რუსეთის საბჭო ჩართულია გენერალური მდივნის გეგმაში, რუსეთისთვის სრულად გასაგები გახადონ ჩვენი მიზნები”.

ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც პრეზიდენტის ტეხასის რეზიდენციაში გაიმართა.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის ვიზიტისას, ვერ მოხერხდა რუსეთთან უთანხმოების მოგვარება, რომელსაც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაც იწვევს. თუმცა, ამერიკისა და რუსეთის მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნაკლებად მწვავე საჯარო განცხადებებს გააკეთებენ ერთმანეთის მისამართით.
XS
SM
MD
LG