Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაზარბაევს სამუდამო პრეზიდენტობის შესაძლებლობა ეძლევა


ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც უშუალოდ მას, ნაზარბაევსვე ეხება:

ყაზახეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს ეძლევა შესაძლებლობა, სამუდამოდ, სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე. ეს სიახლე აშკარად მიანიშნებს პიროვნების კულტზე და ბევრს გაახსენებს საფარმურატ ნიაზოვს, თურქმენეთის აწ განსვენებულ პრეზიდენტს, რომელიც სამუდამოდ იყო არჩეული ქვეყნის ლიდერად. თუმცა, ნაზარბაევის შემთხვევაში საქმე მაინც სხვაგვარადაა...

საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში კვლავაც გაიმართება - მაგრამ, თუ აქამდე პრეზიდენტის პოსტზე ორი ვადით დარჩენა იყო შესაძლებელი, ახლა ნაზარბაევს შეეძლება მესამედ, მეოთხედ - რამდენჯერაც მოუნდება და შეძლებს, იმდენჯერ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.

ეს სიახლე მარტო ნაზარბაევს ეხება, როგორც ქვეყნის პირველ პრეზიდენტს. სხვებისთვის კონსტიტუცია, ვადებს რაც შეეხება, არ შეცვლილა - ყაზახეთში პრეზიდენტობა კვლავაც მაქსიმუმ ორი ვადით არის დაშვებული.

რაც შეეხება გამონაკლისს ნაზარბაევისთვის, ეს გამონაკლისი, რეგიონის ექსპერტის, ჯეინის სტრატეგიული ინფორმაციის ორგანიზაციის თანამშრომელ მეთიუ კლემენტსის შეფასებით, ცხადჰყოფს ამჟამინდელი პრეზიდენტის ძლიერ პოზიციას: [კლემენტსის ხმა] “ეს არის, ვფიქრობ გაგრძელება ნაზარბაევის პოლიტიკისა, რომელმაც მას ყაზახეთის პოლიტიკაზე ძალიან ძლიერი კონტროლის დამყარებამდე მიიყვანა. მაგრამ იმავდროულად საკონსტიტუციო ცვლილება მოიცავს რამდენიმე სხვა დამატებას, რომელთა მიზანიც არის დასავლეთისთვის ჩვენება იმისა, რომ ყაზახეთი კვლავაც დემოკრატიის გზაზე დგას”.

კლემენტსის განმარტებით, ეს “სხვა დამატებები”, რომელთაც დემოკრატიის განმამტკიცებლად მოიხსენიებენ, ითვალისწინებს პარლამენტის როლის გაზრდას პრემიერ-მინისტრის დანიშვნაში, აგრეთვე პრეზიდენტობის ვადის 7-დან 5 წლამდე შემცირებას. თუმცა, ყველაზე უფრო თვალშისაცემი ცვლილება მაინც ნაზარბაევის, სავარაუდოდ, სამუდამო პრეზიდენტობა გამოდგა. რამდენად საზიანოა ეს სიახლე ნაზარბაევის იმიჯისთვის დასავლეთში?

[კლემენტსის ხმა] “ვფიქრობ, ყაზახეთის მინერალური რესუსრების მიმართ სხვა ქვეყნების ინტერესი გადაწონის მათს შეშფოთებას”, - ნავთობით მდიდარი ქვეყნის მმართველი რეჟიმისადმი ამ პრაგმატულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს რეგიონის ექსპერტი მეთიუ კლემენტსი.

როგორც იუწყებიან, ჯერ არაფერი თქმულა, აპირებს თუ არა 66 წლის პრეზიდენტი ნაზარბაევი, ისარგებლოს საკონსტიტუციო ცვლილებით და მართლაც წამოაყენს თავისი კანდიდატურა მესამე ვადით. მისი მმართველობის ამჟამინდელი, მეორე ვადა 2012 წელს ამოიწურება.
XS
SM
MD
LG