Accessibility links

logo-print

ევროპის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება კრემლის პოზიციას მკაფიოდ გამოკვეთს


რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკის მესვეურები

ელცინის დროინდელ რუსეთსა და ევროკავშირს შორის 1994 წელს დადებულ ხელშეკრულებას სისუსტედ მიიჩნევენ. ახლა, როცა ევროპა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთის ნავთობსა და გაზზე, მოვლენების შეფასებამ სულ სხვაგვარი სახე მიიღო. რუსეთის ბიზნესისა და პოლიტიკის გავლენიან წრეებს სულაც აღარ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი ისეთივე მნიშვნელოვანია ახლა, როგორც ის გასული საუკუნის 80-იან წლებში, ანუ მაშინ იყო, როდესაც რუსეთს დასავლეთის დახმარება ესაჭიროებოდა და ეკონომიკური იზოლაციის ეშინოდა.


რუს ეკონომისტებს ხშირად უყვართ შედარება და იმის გამეორებაც, რომ მათ ქვეყანაში წლიური ეკონომიკური ზრდა 6 პროცენტზე მეტია, ხოლო ევროკავშირში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 1,5-2,5 პროცენტს შეადგენს. ჰოდა, მაშინ რატომ უნდა გვასწავლოს ევროკავშირმა ჭკუა? - კითხულობენ ისინი.
სამარაში ახლახან გამართულ რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე ვლადიმირ პუტინმა ასე შეაფასა ეს შეხვედრა:

(პუტინის ხმა)
"ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, განვაგრძოთ დიალოგი რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობის სტრატეგიულ საკითხებზე. მწვავედ იგრძნობა აუცილებლობა ძალისხმევის კოორდინაციისა, გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების გამოსაკვეთად და კომფლიქტური პოტენციალის ზრდის აღსაკვეთად, არა მხოლოდ ჩვენს კონტინენტზე, არამედ – მთელ მსოფლიოში."



ჩვენი რადიოს რუსეთის საკითხთა ექსპერტი ვიქტორ იასმანი გამოყოფს ორ ძირითად პრობლემას: პირველია ენერგოპოლიტიკის სფეროში მკვეთრი დიფერენცირება, მეორე კი - რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური დაპირისპირება პოლონეთსა და ესტონეთთან. სამარაში გამართულ რუსეთ-ევროკავშირის სამიტსაც ხომ დიდი იმედით არავინ უყურებდა, არავის ეგონა, რომ გამოსავალი იქნებოდა ნაპოვნი. ძნელი სათქმელია, რა შედეგს მოიტანს პრეზიდენტ პუტინის გუშინდელი მითითება სოფლის მეურნეობის სამინისტროსადმი, რომ პოლონეთის ხორცის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის თაობაზე მოლაპარაკება უფრო ინტენსიურად წარმართონ. თუმცა სიახლე არის: ევროპის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის კომისრის მარკოს კიპრიანუს წარმომადგენელმა ფილიპ ტოდმა განაცხადა, რომ გაჩნდა რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკების შესაძლებლობა, თუმცა თარიღი არ დაუსახელებია. მანვე პოლონურ მხარესთან შეხვედრის შედეგებზე ილაპარაკა:

(ტოდის ხმა)
“თანამშრომლობს რა პოლონეთის წარმომადგენლებთან, ევროპის კომისიამ დეტალურად წარადგინა ყველა პრობლემა, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებს აქვთ ამ სფეროში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა შესაძლებელია წინსვლა აკრძალვის გაუქმების მხრივ.”

როგორც ითქვა, ეს ტექნიკური სვლა სამიტს მოჰყვა. სამიტთან დაკავშირებით სწორედ ამ პრობლემაზე ლაპარაკობდა ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი:

(მერკელის ხმა)
“მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ინტერესი გვაქვს, პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება კიდევ განვიხილოთ. ზოგიერთ საკითხზე აქაც ვილაპარაკეთ - ისინი წევრ ქვეყნებს ეხება და არ არის მოგვარებული. ამ პრობლემებზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.”
ვიქტორ იასმანს ევროკავშირისკენ მიმართული ხისტი პოლიტიკა რუსეთის გავლენიანი პოლიტიკური წრეების ევროპისადმი ანტიპათიის გამოხატულებად მიაჩნია - ანტიპათიისა მთლიანად ევროპის და მისი ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების მოდელის მიმართ. რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ ევროპა მეტისმეტად არის შეპყრობილი სამოქალაქო თავისუფლებების, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების იდეებით და მეტისმეტად ლმობიერად ეკიდება იმიგრაციის საკითხს. მათი აზრით, ევროკავშირი ზედმეტად ბიუროკრატიული და სოციალისტურია. ასევე გაისმის მუდმივი ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპელები სათანადოდ არ აფასებენ რუსეთის როლს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მეორე მსოფლიო ომის დროს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროკავშირი კვლავაც რჩება რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად. რუსეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობაზე ქვეყნის მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 52 პროცენტი მოდის. ამავე დროს, რუსეთის ეკონომიკაში დაბანდებული უცხოური კაპიტალის 70 პროცენტი სწორედ ევროკავშირის ანგარიშზეა, ხოლო რუსეთის 370 მილიარდ დოლარიანი სავალუტო რეზერვის დაახლოებით 40 პროცენტი ევროშია შენახული.

თუმცა, შესაძლოა, მომავალში ყველაფერი შეიცვალოს. პრემიერ- მინისტრის პირველი მოადგილის სერგეი ივანოვის არაერთგზის გაკეთებული განცხადების მიხედვით, 21-ე საუკუნეში პოლიტიკურად და ეკონომიკურად, ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი განვითარდება.


გლებ პავლოვსკიმ, კრემლის წამყვანმა პოლიტტექნოლოგმა, წამოაყენა ევროპის მოდელი ორი - აღმოსავლური და დასავლური - ცენტრით. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა წინ წასწიოს ვაჭრობა აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით – ნავთობით მდიდარ არაბულ ქვეყნებთან და BRIC -ის არაფორმალურ გაერთიანებაში შემავალ ქვეყნებთან. აქვე ვიტყვი, რომ, რუსეთის გარდა, ამ გაერთიანებაში შედის ბრაზილია, ინდოეთი და ჩინეთი, სადაც, Goldman Sachs -ის თანახმად, ეკონომიკა უახლოესი 20 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად განვითარდება. პრეზიდენტმა პუტინმა, მიუნხენში ავადსახსენებელი გამოსვლის დროს, აღნიშნა ისიც, რომ BRIC -ის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლების ჯამი უკვე აღემატება ევროკავშირის შესაბამის მონაცემებს და რომ ეს განსხვავება კიდევ უფრო გაიზრდება.

იმას, რომ რუსეთის ინტერესი ევროკავშირის მიმართ სულ უფრო მცირდება, კიდევ ერთი მიზეზი აქვს: რუსეთი ევროპის კავშირს სერიოზულ სამხედრო მოწინააღმდეგედ არ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ გაუთავებლად აპროტესტებს ნატოს გაფართოებასა და ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტების პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიებზე დამონტაჟებას.


ევროპის მიმართ ანტიპათიას, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, რუსეთის მოქალაქეებიც იზიარებენ. მოსკოვში ლევადას ცენტრის მიერ თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დაახლოებით 2000 რუსი რესპონდენტიდან 71 პროცენტი თავს ევროპელად არ მიიჩნევს. 45 პროცენტს მიაჩნია, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გამოკითხულთა 75 პროცენტის აზრით, რუსეთი უბადლო ქვეყანაა და მან თავისი საკუთარი გზით უნდა იაროს.
XS
SM
MD
LG