Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ”მოსკოვისთვის აუცილებელია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიმართ ახალი სტრატეგიის შექმნა”

- ასეთი სათაურით აქვეყნებს დღევანდელი ”ნეზავისიმაია გაზეტა” აშშ-ის მსოფლიო უსაფრთხოების რუსული და აზიური პროგრამების დირექტორის ნიკოლაი ზლობინის სტატიას. გემახსოვრებათ, რომ ნიკოლაი ზლობინი, რუსული წარმოშობის ერთ-ერთი გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკური ექსპერტი, რამდენიმე თვის წინ თბილისს სტუმრობდა - ის მონაწილეობდა თბილისში გამართულ დისკუსიაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებს ეხებოდა. პოლიტოლოგი პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ პოლიტიკას იმპულსურ-რეაქტიულს უწოდებს. რას გულისხმობს ნიკოლაი ზლობინი ახალი სტრატეგიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრისას?


ნიკოლაი ზლობინის შეფასებით, დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარდება ღრმა და ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესები, რასაც გავლენის გასაძლიერებლად მიმდინარე მძაფრი ბრძოლა კიდევ უფრო ართულებს. ორ მოთამაშედ, რომელიც რუსეთის გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ უფრო ამცირებს, აშშ და ჩინეთი სახელდება. რაც შეეხება რუსეთს, ”რუსეთმა თანამშრომლობის სივრცე გეოპოლიტიკური კონკურენციის მძაფრ არენად აქცია. მოსკოვი და ვაშინგტონი, ერთი მხრივ, ცდილობენ კონტროლი დაამყარონ ენერგომატარებლის სატრანსპორტო გზებზე, მეორე მხრივ - თავიდან აიცილონ რეგიონის დესტაბილიზაცია. შედეგად, ევრაზიული რეგიონი რჩება არასტაბილურ, შიგნიდან გახლეჩილ ტერიტორიად.” ნიკოლაი ზლობინის აზრით, არსებული ვითარება ყველაზე მეტად აზარალებს რუსეთს, რომლისთვისაც ვაშინგტონსა თუ ევროკავშირთან ურთიერთობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ურთიერთობა უშუალო მეზობლებთან. ურთიერთობების მოსაგვარებლად კი ”რუსეთმა უარი უნდა თქვას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ იმპერიულ პოლიტიკაზე, ამბიციებზე, უფროსი ძმის სინდრომზე და ა.შ. და არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ რიტორიკაშიც - მოსკოვსაც ხომ ხშირად აღიზიანებს არა იმდენად ვაშინგტონის პოლიტიკა, რამდენადაც ის, თუ როგორ ელაპარაკება მას თეთრი სახლი. მეორე - აუცილებელია უახლოესი მეზობლების დარწმუნება იმაში, რომ რუსეთი დაინტერესებულია ევრაზიის გაძლიერებითა და მსოფლიო პოლიტიკის გავლენიან ცენტრად ქცევით. და მესამე - აქტიურობის იმიტაციის ნაცვლად, აუცილებელია მოსკოვმა რეალური კავშირები დაამყაროს რეგიონის ქვეყნებთან, იმ რეგიონულ გაერთიანებებშიც კი გაწევრიანდეს, რომელიც, მოსკოვის აზრით, მისი პოლიტიკის საპირწონედ შეიქმნა.”
კიდევ ერთი თემა, რომელიც, როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში რუსეთის მედიაში წამყვანი იქნება, ქართულ პოლიტიკაში თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო დაბრუნებაა. დღევანდელ გაზეთ ”იზვესტიას” ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ გააქტიურებასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს: ერთი, რომ იქმნება რეალური და ძლიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც მძაფრ კონკურენციას გაუწევს მმართველ პარტიას, და, მეორე, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან არის შეთანხმებული. მიზანი კი ე.წ. ჯიბის ოპოზიციის შექმნაა. ასეა თუ ისე, გაზეთის ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო დაბრუნება პოლიტიკაში დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს არც მოსკოვში, არც ვაშინგტონში და არც საქართველოს ხელისუფლებაში.
XS
SM
MD
LG