Accessibility links

logo-print

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი 14-დან 12 წლამდე მცირდება


განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულებებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი 14-დან 12 წლამდე მცირდება.

ასეთი ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 23 მაისს მიიღო, თუმცა ის ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც არასრულწლოვანებისთვის სპეციალური სასჯელაღსრულების დაწესებულება მოეწყობა. ასე რომ არასრულწლოვანებისთვის კანონი ჯერ არ გამკაცრებულა, მაგრამ მკაცრდება. საქართველოს პარლამენტი ახლო მომავალში აპირებს მიიღოს კანონი ანტისოციალური ქმედებების შესახებ, რომელიც დაავალდებულებს სკოლების ადმინისტრაციებს და პოლიციის განყოფილებებს დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი მოზარდების მონიტორინგს და გამოკვეთს მშობლების პასუხისმგებლობასაც შვილების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, ფულადი ჯარიმის დაწესებით. მინდა გესაუბროთ 23 მაისს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ ცვლილებასა და მოზარდთა შორის დამნაშავეობასთან ბრძოლაზე.

ცვლილება, რომელიც მხარდაჭერილია, მაგრამ ძალაში შევა დაახლოებით ერთ წელიწადში, არასრულწლოვანთათვის სპეციალური სასჯელაღსრულების შენობის მოწყობის შემდეგ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, 12 წლამდე ამცირებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრისას ხაზგასმით შენიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება იმ სახით არ შევიდა, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული, და, ამდენად, საბოლოო ვარიანტი მისთვის სრულიად მისაღები იყო:

[ ელენე თევდორაძის ხმა] ”ძალიან ბევრი მუხლია ამოღებული იმათგან, რაც თავიდან იყო ჩაწერილი, დარჩა მხოლოდ მძიმე მუხლები. ეს არის ყაჩაღობა, მკვლელობა.. ”

რაც შეეხება შედარებით მსუბუქ დანაშაულს |მაგალითად, ცივი იარაღის ტარება|, კანონი გაითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს პირველად ჩადენის შემთხვევაში, უფრო მკაცრ ზომას კი დანაშაულის განმეორების შემთხვევაში აამოქმედებს. ამას გარდა, როგორც უკვე ვთქვით, პარლამენტი მიიღებს კანონს ”ანტისოციალური ქმედებების წინააღმდეგ”, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვანთა შორის დამნაშავეობასთან საბრძოლველად შემოღებული იქნება ადმინისტრაციული სასჯელი - ჯარიმა - მშობლებისთვის, შვილების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. კანონის გამკაცრების მომხრეებს ესმით, რომ პრობლემის დასაძლევად ყველა ეს ზომა საკმარისი არ არის. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიგა ბოკერიას აზრით:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”სახელმწიფო, თავისი ლეგიტიმური რეპრესიებით, ამასთან ერთად ოჯახი, სადაც ახალგაზრდა იზრდება, სკოლა, თემი, გნებავთ უბანი, ეს არის ის კომპონენტები, რომელთა ერთობლივი ძალისხმევის გარეშე ძალიან ძნელია მრავალწლიანი საშინელი ტრადიციების შემოტრიალება.”

მრავალწლიანი საშინელი ტრადიცია კი ჯერჯერობით გრძელდება. მოზარდთა შორის დამნაშავეობის საკითხისადმი გამკაცრების, ამ თემისადმი პოლიტიკოსების და მედიის დიდი ყურადღების პირობებში, მეორდება და მეორდება შემზარავი შემთხვევები. გიგა ბოკერია სტატისტიკას ახსენებს და ამბობს, რომ სტატისტიკა კი არ დამძიმდა, არამედ, უბრალოდ, თავად პრობლემა იქცა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგნად.

საინტერესო მოსაზრება შემოგვთავაზა მოზარდთა შორის დამნაშავეობის პრობლემაზე საუბრისას ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ. შეკითხვას, თუ რატომ დაემთხვა ერთმანეთს პრობლემისადმი საზოგადოების - განსაკუთრებით მედიის - ყურადღების მიპყრობა და მკვლელობები, ერთმანეთის მიყოლებით, ის უპასუხებს:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] ”შეიძლება იყოს იმიტაციის ეფექტი, რაც მოჰყვება ხოლმე მედიის მხრიდან ძალიან ფართო გაშუქებას ცალკეული შემთხვევებისა, მაგალითად, როდესაც გერმანიაში გამოვიდა გოეთეს ცნობილი რომანი ”ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”, გერმანიას გადაუარა თვითმკვლელობათა ტალღამ..”

არაერთ ქვეყანაში - სკოლებში და არამარტო სკოლებში - მოქმედებს სპეციალური პროგრამები, რომლის ფარგლებშიც მოზარდებს ასწავლიან, როგორ უნდა აიცილონ თავიდან კონფლიქტური სიტუაციები. გაგა ნიჟარაძის თქმით, ამ პრაქტიკით დაინტერესება საქართველოში არსებობს და მსგავსი პროგრამების ამუშავება (თუკი ეს მოხდება) იქნება ერთ-ერთი კარგი ნაბიჯი მოზარდთა შორის დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG