Accessibility links

logo-print

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილს 7 წელი მიუსაჯა


თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრსა და პოლიტიკური მოძრაობის „წინ, საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ბათიაშვილს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე მაია თეთრაულმა განსასჯელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 315-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ირაკლი ბათიაშვილს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2006 წლის 29 ივლისს დააკავა, ბრალი ედება კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის მიერ მოწყობილი ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერაში, რაც, სახელმწიფო ბრალმდებლის მტკიცებით, სატელეფონო საუბრების დროს მიცემულ რჩევებში გამოიხატა. აპირებენ თუ არა განაჩენის გასაჩივრებას ირაკლი ბათიაშვილის ადვოკატები და ვის მიმართავს დახმარების თხოვნით განსასჯელის მეუღლე?

[ისმის ხმები] „მიკროფონი ჩართეთ, რა! მიკროფონი ჩართეთ!“

სასამართლო პროცესზე მისული ადამიანების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, მოსამართლე მაია თეთრაულმა განაჩენის წაკითხვისას მიკროფონი მაინც არ ჩართო. არადა, დარბაზში, სადაც ირაკლი ბათიაშვილი გაასამართლეს, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა - სასამართლო რეფორმის ჯერჯერობით ყველაზე თვალსაჩინო სიკეთე - გამართულად მუშაობდა. მოსამართლემ, გაურკვეველი მიზეზით, უარი თქვა ტექნიკურ საშუალებებზე და განაჩენი შორიახლოს მდგომი მანდატურების გასაგონად წაიკითხა. პროცესზე მისულმა საზოგადოებამ მოგვიანებით შეიტყო, რომ მაია თეთრაულმა პროკურორის მიერ მოთხოვნილ ათ წელიწადს სამი დააკლო და ირაკლი ბათიაშვილს თავისუფლების შვიდი წლით აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენით აღშფოთებული ჩანდა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა:

[გოგა ხაინდრავას ხმა] „ეს არის საბჭოთა, ბოლშევიკური სამართალი და არაფერი გასაკვირი არ არის. ჩვენ უკვე გუშინ ვიცოდით, რომ 7 წელიწადს მისცემდნენ... მაგრამ როგორ მოუბრუნდებათ მათ ეს უკანონობა, ეს უმსგავსობა, ეს არაადამიანობა, მაგასაც ვნახავთ.“

გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ, ირაკლი ბათიაშვილის სახით, ხელისუფლება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სდევნის. თავად განსასჯელმა ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე საკუთარ თავს სინდისის პატიმარი უწოდა:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] „მე რომ ვზივარ განსასჯელის სკამზე მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მე ჩემ აზრებს და შეხედულებებს გამოვხატავდი, თანაც მოვუწოდებდი, რომ სისხლი არ დაღვრილიყო... ახლა ამის გულისთვის რომ მასამართლებენ, ეს არის დიდი სირცხვილი ჩვენი სახელმწიფოსათვის.“(სტილი დაცულია)

ირაკლი ბათიაშვილის ამ განცხადებამ აზრი ვერ შეაცვლევინა სახელმწიფო ბრალმდებელს. პროკურორ ირაკლი კობიძის განმარტება:

[ირაკლი კობიძის ხმა] „შედარებით განსაზღვრულ სანქციებთან გვაქვს საქმე, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაცია განხორციელდეს. საქმის კონკრეტული გარემოებებიდან და განსასჯელის პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელი შეესაბამება... თუმცა, საბოლოო სასჯელს სასამართლო განსაზღვრავს.“(სტილი დაცულია)

საბოლოოდ, როგორც უკვე ვთქვით, მოსამართლე მაია თეთრაულმა ირაკლი ბათიაშვილს თავისუფლების შვიდი წლით აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა განსასჯელის ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი ამბობს, რომ სიმართლის დამტკიცებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში შეეცდება:

[იოსებ ბარათაშვილის ხმა] „სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდება აუცილებლად სააპელაციო სასამართლოში. მიგვაჩნია, რომ უკანონოა და დაუსაბუთებელი სასამართლოს პოზიცია, ვინაიდან ბრალდების მხარეს საერთოდ არ გააჩნდა რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, მივყვებით ინსტანციებს და, თუ საქართველოში ვერ მივაღწევთ სამართალს, მაშინ ევროპის სასამართლოში გავაგრძელებთ საქმეს.“

ირაკლი ბათიაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გარდა, დიდ იმედს ამყარებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დემოკრატიული სახელმწიფოების მთავრობებზე. მაია ბათიაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ჩადენილ უკანონობას ცივილიზებული სამყარო უყურადღებოდ არ დატოვებს:

[მაია ბათიაშვილის ხმა] „მე იმედი მაქვს, რომ ყველა - და, მათ შორის, ამერიკის საელჩო - გამოეხმაურება. ჩვენი ადვოკატი შეხვდა მათ წარმომადგენლობას და გვითხრეს, რომ ველოდებით პროცესის დასრულებასო. იმედი მაქვს, რომ ისინი თავისას იტყვიან და მოითხოვენ ამ საშინელი, ვანდალური ფაქტის აღკვეთას.“(სტილი დაცულია)



ოჯახის წერების გარდა, ირაკლი ბათიშვილისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც აღაშფოთა. ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მთელი ოპოზიციური სპექტრის დაშინებას ცდილობს:

[კობა დავითაშვილის ხმა] „აი, ასე უსაფუძვლოდ, სიტყვისთვის ჩვენ შეგვიძლია დავიჭიროთ ყოველი თქვენგანი, ამიტომ გეშინოდეთ - ეს არის გზავნილი ხელისუფლებისა. ჩვენი გზავნილია, რომ მაინც არ გვეშინია და ეს ყველაფერი შეუბრუნდება ხელისუფლებას უკან. ჩვენ ამ ბრძოლას ნამდვილად არ შევწყვეტთ და საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე გადავა ეს ყველაფერი, ხოლო ის, რომ სინდისის პატიმარია ირაკლი ბათიაშვილი, მთელმა მსოფლიომ იცის.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG