Accessibility links

logo-print

”ამნესტი ინტერნეშენალის” 2006 წლის ანგარიში და საქართველო


ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, ”ამნესტი ინტერნეშენალის”, ყოველწლიურ ანგარიშში



საქართველოში 2006 წლის განმავლობაში არსებულ მდგომარეობას სულ ორი გვერდი აქვს დათმობილი. თუმცა გვერდების სიმცირე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ, ”ამნესტი ინტერნეშენალის” შეფასებით, 2005 წლის შემდეგ ვითარება საქართველოში, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, გაუმჯობესდა.

საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის 2005–2006 წლების შედარებითი ანალიზი ”ამნესტი ინტერნეშენალის” მიზანი არც ყოფილა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საანგარიშო პერიოდში სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და ციხის ბუნტი მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც ხელისუფლებისთვის, ”ამნესტი ინტერნეშენალის” ანგარიში მწვავე და ანგარიშგასაწევი დოკუმენტი უფროა, ვიდრე სიახლის მომცველი. ”ამნესტი ინტერნეშენალის” შეფასებით, ადამიანის უფლებები საქართველოში განსაკუთრებულად ირღვევა რამდენიმე მიმართულებით. ეს მიმართულებებია: წამება და დაკავებულებთან ცუდად მოპყრობის ფაქტები პენიტენციალურ დაწესებულებებში, ოჯახური ძალადობა და გამოხატვის თავისუფლების რისკი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

[უჩა ნანუაშვილის ხმა]“ მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ამნისტიამ ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად ტენდენციებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული წლის განმავლობაში, და საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. აქ არის სწორედ რამდენიმეგან საუბარი ამაზე, რომ, მიუხედავად დაპირებისა, ხელისუფლებამ არ განაახლა წამების საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმა, რომელიც დასრულდა 2005 წელს. არ იქნა გათვალისწინებული სხვა რეკომენდაციები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოამზადეს.“(სტილი დაცულია)

ამბობს „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ დირექტორი უჩა ნანუაშვილი, რომლის აზრითაც, საერთაშორისო რეკომენდაციების შეუსრულებლობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ერთგვარ ტენდენციად იქცა. და ვინაიდან ამაზე ”ამნესტი ინტერნეშენალი” საგანგებოდ მიუთითებს, შეიძლება ითქვას, რომ, წინა საანგარიშო წელთან შედარებით, ნაბიჯი უკან სრულიად აშკარაა.

მეორე საკვანძო და საგულისხმო საკითხი, რომელზეც ”ამნესტი ინტერნეშენელი” 2006 წლის ანგარიშში ამახვილებს ყურადღებას, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებასა და მიკერძოებულ გამოძიებას შეეხება. ამის ერთ–ერთი მაგალითი, ”ამნესტი ინტერნეშენალის” მიხედვით, არის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებული საქმე, როდესაც, სასამართლოს მიერ დამნაშავე პირთა გამოვლენის მიუხედავად, ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა. ამგვარ საქმეთა რიგში, ანგარიშის მიხედვით, არის ასევე 2006 წლის 27 მარტის ციხის ბუნტი: “არაოფიციალური წყაროების თანახმად, სპეციალურმა ძალებმა აჯანყებულებზე კონტროლის მშვიდობიანი გზებით დამყარება არც კი სცადეს და პირდაპირ ცეცხლსასროლი იარაღი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულთა უმეტესობას დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. ზოგიერთ შემთხვევაში კი ექიმებმა დაშავებულებთან შეღწევა მხოლოდ სახალხო დამცველის ჩარევის შემდეგ შეძლეს”, - ვკითხულობთ ანგარიშში. ბუნტის თაობაზე სასამართლო განაჩენი 7 პირის მიმართ იქნა გამოტანილი. განაჩენი გასაჩივრებულია და სოზარ სუბარი წინასწარ მოსალოდნელი შედეგის პროგნოზირებისგან თავს იკავებს. კითხვაზე კი რა ძალა აქვს ”ამნესტი ინტერნეშენალის” ყოველწლიურ ანგარიშს, რომლის რეკომენდაციების აღსრულება ხელისუფლებას პირდაპირ არ ევალება, შემდეგნაირად გვიპასუხებს:

[სოზარ სუბარის ხმა]“ ნატოსთან პარტნიორობის ხელშეკრულებაში პირველი საკითხი რაც არის და უმთავრესი, ეს არის ადამიანის უფლებები, შემდეგ მოდის ბრძოლა კორუფციასთან და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. ადამიანის უფლებები არის ნომერ პირველი საკითხი დღის წესრიგში ნატოსთანაც, ევროკავშირთანაც, ევროსაბჭოში, თავისთავად. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას.“(სტილი დაცულია)

”ამნესტი ინტერნეშენალის” გასული წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში ცალკე ქვეთავი მიეძღვნა მდგომარეობის აღწერას ოჯახური ძალადობის თვალსაზრისით. ანგარიშის თანახმად, კანონის მიღება ოჯახური ძალადობის შესახებ უდავოდ პოზიტიური ფაქტია, თუმცა მან გარკვეულწილად შეაფერხა ქალთა და ბავშვთა თავშესაფრების გახსნა. როგორც ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარემ ნატო შავლაყაძემ განგვიმარტა, კანონის თანახმად, თავშესაფრების გახსნა 2008 წლიდან იგეგმება, დარღვევა კი ისაა, რომ სამოქმედო გეგმა არ შეიქმნა:

[ნატო შავლაყაძის ხმა]“ სამოქმედო გეგმა უნდა ყოფილიყო მიღებული კანონის მიღებიდან 4 თვეში, ანუ 9 ოქტომბერს, და დღესაც არ არის მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შემცირდა და შემოკლდა ის ვალდებულებები, რაც იქ გაიწერა. 2006–2008 წელზეა ლაპარაკი. იგი ჯერ კიდევ არაა მიღებული და ეს ნამდვილად პრობლემაა.“

ამბობს ნატო შავლაყაძე. ”ამნესტი ინტერნეშენალის” მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემათა ჩამონათვალი კი გაცილებით გრძელია. ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში ამ ორიოდე კვირის წინაც იმყოფებოდნენ. ”ამნესტის” ქართველი პარტნიორების ინფორმაციით, ისინი პოლიტპატიმრების საკითხს სწავლობდნენ. 2006 წლის პერიოდული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ 2007 წლის შუალედური დოკუმენტი, ”ამნესტის” ქართველი პარტნიორების ინფორმაციით, სწორედ პოლიტპატიმრების თემაზე მომზადდება.
XS
SM
MD
LG