Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებებს მსოფლიოში ''შიშის პოლიტიკა'' უპირისპირდება


"ამნესტი ინტერნეიშენალის" 2007 წლის ანგარიში, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას ასახავს, საკმაოდ კრიტიკულია.

ყურადღების ცენტრშია "შიშის პოლიტიკა", რომელიც მსოფლიო პრობლემა გახდა. ორგანიზაციის ექსპერტთა დაკვირვებით, მთავრობები და შეიარაღებული ჯგუფები ბევრ ქვეყანაში იყენებენ შიშს, როგორც პოლიტიკური გავლენის იარაღს. ეს კი ქსენოფობიასა და ხალხთა შორის დაპირისპირებას უყრის საფუძველს. ექსპერტთა განსაკუთრებული კრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთისკენ არის მიმართული.

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის "ამნესტი ინტერნეიშენალის" ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური გავლენის იარაღად შიშის ფაქტორის გამოყენება შექმნის მსოფლიოს, სადაც არავინ იქნება დაცული და უსაფრთხოებით უზრუნველყოფილი. ამ სერიოზული ბრალდების ძირითადი ნაწილი მიმართულია "ტერორიზმის წინააღმდეგ ომის" გლობალურ პროცესზე, რომელსაც, საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვირვებით, ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთი ფაქტი მოჰყვა და რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების ატმოსფერო მოწამლა.

ჯოშუა რუბინშტეინი, "ამნესტი ინტერნეიშენალის" ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის დირექტორი, ამბობს, რომ კრიტიკის ადრესატია მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, მაგრამ ყველაზე მძიმედ ის შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მსოფლიოში აღარ მიიჩნევა ლიდერად ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში:

(რუბინშტეინის ხმა) "ეგრეთ წოდებული "ტერორიზმის წინააღმდეგ ომის" წარმოებით, ამერიკის შეერთებული შტატები თვალს ხუჭავს წამებაზე, გუანტანამოს ციხეში აპატიმრებს ადამიანებს ბრალის წაყენებისა და გასამართლების გარეშე და ცდილობს ადვოკატებიც არ შეუშვას მათთან. ეს საშინელი მაგალითია დანარჩენი მსოფლიოსთვის."

"ამნესტი ინტერნეიშენალის" გენერალური მდივანი ირენ ხანი 2007 წლის ანგარიშის დანართში აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა "ტერორიზმის წინააღმდეგ ომის" ეგიდით ადამიანის უფლებების დარღვევას გლობალური სახე მისცა და რომ ეს ქვეყანა მსოფლიოს ერთ მთლიან "ბრძოლის ველად" აღიქვამს.

ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ მუსლიმანურ და არამუსლიმანურ სამყაროს შორის დაპირისპირების კიდევ უფრო გაზრდა, რაც გასულ წელს აღინიშნებოდა, დასავლეთის დისკრიმინაციული ანტიტერორისტული სტრატეგიითაა გამოწვეული. მსოფლიოში გასულ წელს ასევე გაიზარდა რასიზმისა და ქსენოფობიის შემთხვევათა რიცხვიც. ამ კუთხით კრიტიკის განსაკუთრებული სამიზნე რუსეთი ხდება:

(რუბინშტეინის ხმა) "იმ გზამ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოიყენა კონფლიქტთან მიმართებით კავკასიაში, კერძოდ – ჩეჩნეთში, შექმნა ატმოსფერო, სადაც კიდევ უფრო გაძლიერდა ძალადობა უმცირესობების და იმ ხალხის მისამართით, რომლებიც რუსეთში რატომღაც შავკანიანებად მიიჩნევიან. შეტევა ხორციელდება კავკასიელებზე, აფრიკელ სტუდენტებსა და ებრაელებზე. დიახ, რუსეთში ქსენოფობიისა და შოვინიზმის ატმოსფეროა და ჩვენ არ გვჯერა, რომ ქვეყნის მთავრობა საკმარისად მონდომებული იყოს ყოველივე ამის შესაჩერებლად და დამნაშავეთა დასასჯელად."

რუსეთთან მიმართებით "ამნესტი ინტერნეიშენალს" არც დამოუკიდებელი მედიის შევიწროებისა და მიტინგების მასობრივი დარბევის ფაქტები გამორჩენია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG