Accessibility links

ირანის ბირთვული პროგრამა სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს


ირანი, სავარაუდოდ, 3-დან 8-მდე წელიწადში შეძლებს ატომური იარაღის შექმნას, თუ ამის გაკეთება მოინდომა - ასეთია შეფასება,

რომელიც ხუთშაბათს გამოთქვა გაეროს ატომური უწყების თავმჯდომარემ, მოჰამედ ელ-ბარადეიმ. ამ, თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხზე ელ-ბარადეიმ ისაუბრა ატომური ენერგიის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. წინა დღეს კი გაეროს ატომური ენერგიის უწყებამ განაცხადა, რომ ირანი ბოლოხანს კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს ბირთვულ პროგრამაზე მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ გაერო მის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს.

ელ-ბარადეის გამოსვლა კონფერენციაზე ლუქსემბურგში, როგორც ჩანს, ასახავს შიშს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დავამ საქმე შესაძლოა “მასშტაბურ კონფრონტაციამდე” მიიყვანოს. ელ-ბარადეიმ როგორც ირანს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, მოლაპარაკების მეშვეობით მოაგვარონ სადავო საკითხები.

[ელ-ბარადეის ხმა] “ირანმა ყური უნდა დაუგდოს საერთაშორისო თანამეგობრობას. მან უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, მხარეებს შორის ნდობის ხელშესაწყობად. მაგრამ იმავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს ირანის ფართომასშტაბიან დიალოგში ჩასართავად”.

იქვე ელ-ბარადეიმ გაიმეორა გაეროს ატომური უწყების დასკვნა, რომ ირანს შესწევს ურანის 5-მდე პროცენტით გამდიდრების უნარი.

[ელ-ბარადეის ხმა] “მე შეშფოთება გამოვთქვი იმიტომ, რომ ურანის გამდიდრების მასშტაბის ზრდა ხდება მაშინ, როცა ჩვენს სააგენტოს არა აქვს საშუალება, სრულად ჩაატაროს შემოწმება, საფუძვლიანი შემოწმება. და ეს ხდება მაშინ, როცა არ გვაქვს საშუალება, შევამოწმოთ ამ პროგრამის მიმდინარეობა. ჯერ არის მოუგვარებელი საკითხები”.

ელ-ბარადეის გამოსვლის ის ნაწილი, რომელმაც ყველაზე მეტი ყურადღება დაიმსახურა, ალბათ, მაინც დროს ეხება - რამდენ ხანში შეძლებს ირანი ატომური იარაღის დამზადებას, თუ ეს დააპირა: [ელ-ბარადეის ხმა] “ჩვენი ანალიზის საფუძველზე, ახლოს ვარ პოზიციასთან, რომელსაც გამოთქვამენ (აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე) ჯონ ნეგროპონტე და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ახალი დირექტორი, რომლებიც ამბობენ, რომ ირანი - ბირთვული იარაღის შექმნა რომ სურდეს კიდეც - ამას ვერ გააკეთებს ამ დეკადის ბოლომდე, ან მომავალი დეკადის შუა რიცხვებამდე. სხვაგვარად თუ ვიტყვით, დღეიდან 3-დან 8 წლამდე პერიოდში”.

ახლა ძნელი სათქმელია, რამდენად ძლიერ გავლენას იქონიებს ელ-ბარადეის მიერ გამოთქმული შეფასება იმ სახელმწიფოების პოზიციაზე, რომელთაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, არ დაუშვან ირანის ხელში ატომური იარაღის ჩავარდნა. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უკვე მიანიშნეს, რომ აქტიურად მიემხრობიან ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების გამკაცრებას, რათა თეირანს ხელი ააღებინონ ამჟამინდელ კურსზე.

თუმცა, თუ ირანის პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლით ვიმსჯელებთ, ის არ აპირებს უკან დახევას: პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადმა აღნიშნა, რომ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა კვლავაც გაგრძელდება, მანვე გაიმეორა, რომ საქმე ეხება მშვიდობიან ბირთვულ პროგრამას.
XS
SM
MD
LG