Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი გაზეთები დაწვრილებით მოუთხრობენ მკითხველს გუშინდელ სასამართლო პროცესზე, რომელზეც საქალაქო


დღევანდელი გაზეთები დაწვრილებით მოუთხრობენ მკითხველს გუშინდელ სასამართლო პროცესზე, რომელზეც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მოძრაობა ”წინ,

საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ბათიაშვილს, განაჩენი გამოუტანა. ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ოპოზიციონერი დეპუტატი დავით საგანელიძე ამბობს: ”მე ძალიან მრცხვენია, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ირაკლი ბათიაშვილი ქვეყნის მოღალატედ არის შეფასებული. იმ მასალებიდან გამომდინარე, რაც მოვისმინე სასამართლო პროცესის დროს პროკურატურის მხრიდან, წარმოუდგენელია ასეთი რამის გამო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს. ირაკლი ბათიაშვილის ყველა საუბარი, რომელიც წაკითხული იყო, ასაბუთებდა, რომ ამ ადამიანს მართლა უყვარს ქვეყანა და ამ ქვეყნის პატრიოტია. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას სხვა მიდგომები აქვს. მათთვის მთავარია დაკვეთა, ვიღაცა დააშინონ და იმ შიშის საფუძველი შექმნან, რომელიც მართლა არსებობს”, - განუცხადა დეპუტატმა საგანელიძემ ”ახალ თაობას”.

”ალია” იმ ინციდენტის დეტალებს ჰყვება, რომელიც კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამას, იური ვაზაგაშვილს, უკავშირდება. გუშინ პატრული მასთან ავტომანქანის ჩამორთმევის საბაბით მივიდა და, როგორც თავად ვაზაგაშვილი ამბობს, მისი დაკავებაც სურდათ, რომ არა ადგილზე ატეხილი აჟიოტაჟი. ”ალიასთან” საუბარში იური ვაზაგაშვილი განმარტავს, რომ მისი ”დევნა-დაშინება აჭარის პოლიციის მაღალჩინოსან ზურაბ ბაქრაძის დაგეგმილი იყო: ”2002 წელს ზურა ბაქრაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში მუშაობდა. ისა და დავით კეკუა ძმაკაცები არიან. ჩემი შვილი რესტორანში გოგოსთან ერთად იმყოფებოდა და კეკუას ნათესავმა დაჭრა. ჩემი შვილი საავადმყოფოში წაიყვანეს, მეორე დღეს კი იმას, ვინც დაჭრა, რაღაც უბედური შემთხვევა მოუვიდა. არ ვიცი, რა უნდოდათ, მაგრამ ამაში ჩემს შვილს ვერ დაადანაშაულებდნენ და ამის მერე დაიწყეს მისი შევიწროება. უნდოდათ, დაეკავებინათ, მაგრამ როცა მე მიმყავდა პოლიციაში და ვეკითხებოდი, რა გინდათ, აგერ მოვიყვანე-მეთქი, ეს არ სიამოვნებდათ. გასაგები იყო, რომ უნდოდათ, რაღაც ჩაედოთ. აქედან გრძელდება ეს დაპირისპირება და ახლა, როცა ჩემი შვილის მკვლელებად კეკუა, ცაავა და სხვები დავასახელე, ესენი ერთი საძმაკაცოა და ბაქრაძემ შურისძიება გადაწყვიტა”, - ამბობს იური ვაზაგაშვილი ”ალიასთან” საუბარში.

”24 საათის” მთავარი პუბლიკაცია დღეს პარლამენტის მუშაობას შეეხება. ”22 მაისს გამართულ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა ”ეშმაკურად” მოიქცა: ისარგებლა რა იმით, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა, პარასკევის დღის წესრიგში შეტანილი ერთ-ერთი აქტუალური კანონპროექტი სამშაბათისთვის გადმოიტანა და დოკუმენტი პოლიტიკური ოპონენტების მონაწილეობის გარეშე განიხილა. საქმე ეხება ”ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას, რომლის მიხედვითაც, კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო მოსაკრებლის ზედა ზღვარი თვეში 1.5 ლარი უნდა იყოს”, - წერს ”24 საათი”.

”რეზონანსის” თანახმად, ”ცხინვალის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჯავის რაიონში, მინერალური წყლის - ”ბაგიათის” მოპოვება ლეგალური გახდება. გარემოს დაცვის სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი უკვე გამოაცხადა”, - წერს ”რეზონანსი”, რომლის კორესპონდენტი იმითაც დაინტერესდა, რამდენად იქნება უზრუნველყოფილი აუქციონის შემდეგ გამოვლენილი ლიცენზიის მფლობელის მუშაობის უსაფრთხოება რეგიონში. დროებითი ადმინისტრაციის მეთაური ზურაბ ბედიანაშვილი ასე უპასუხებს ჟურნალისტის შეკითხვას: ”როგორ მოვახერხებთ უსაფრთხოების დაცვას და აუქციონში გამარჯვებულისთვის სამუშაო პირობების შექმნას, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებთ, მაგრამ გარწმუნებთ, ამის მექანიზმები გაგვაჩნია. მწარმოებელი იქნება საქართველოში რეგისტრირებული ლიცენზიანტი და ეს აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესი იქნება”, - ამბობს დროებითი ადმინისტრაციის აპარატის უფროსი პაატა ბედიანაშვილი. მის კომენტარებს ”რეზონანსი” ბეჭდავს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG