Accessibility links

logo-print

საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაშლას ითხოვს


საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი 25 მაისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საანგარიშო მოხსენებით წარდგება.

ანგარიში, ძირითადად, გასულ - 2006 - წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და ტენდენციებს შეეხება. თუმცა სახალხო დამცველი არ გამორიცხავს მიმდინარე დარღვევებზე საუბარსაც. ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელზეც სოზარ სუბარი დეპუტატთა ყურადღებას გაამახვილებს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის - სოდის - უფროსის ირაკლი კოდუასა და მასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რამდენიმე თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უდანაშაულო პირთა დევნას შეეხება. ამ საქმეზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება არასაპარლამენტო ოპოზიციამ საგანგებოდ სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებით გამოსვლამდე სცადა.

საქმე, რომელზეც სახალხო დამცველმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და რომელზეც სტუდია „მონიტორმა“ სპეციალური ფილმი გადაიღო, მასმედიის საშუალებების უმრავლესობამ ზერელედ გააშუქა.

[სოზარ სუბარის ხმა]“ყველაფერს ველოდი, გარდა დუმილისა.“

სახალხო დამცველმა ეს განცხადება რადიო ”თავისუფლების” დილის ეთერში 23 მაისს გააკეთა. იმავე დღეს საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა თემურ ნერგაძემ პლენარული სხდომის თავმჯდომარეს საქმეზე სპეციალურ მომხსენებელთა გამოყოფა სთხოვა. დავალება მიხეილ მაჭავარიანისაგან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ მიიღო:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა]“ ქალბატონ ელენეს ვთხოვ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნებ წინასწარი მასალა მოამზადოს და მერე ბიუროზე მომახსენეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ. ორშაბათის ბიუროზე.“

ორშაბათის ბიურომდე კი სახალხო დამცველი პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან აპირებს იმ საქმის დეტალების გახმაურებას, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი 19 თებერვლიდან სწავლობს და რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა სამი პირის მიმართ აწარმოა.

[სოზარ სუბარის ხმა]“ იკვეთება დანაშაულის ნიშნები სოდის უფროსის ირაკლი კოდუას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების ქმედებაში. საქმე შეეხება უდანაშაულო პირთა დაკავებას და მათ სისხლის სამართლებრივ დევნას შურისძიების მიზნით, ასევე დაკავებულ პირთა წამებას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, დაკავებულებისათვის ნარკოტიკების უკანონოდ ჩადებასა და გაკეთებას.“

საქმე ეხება 18 თებერვალს სოდის თანამშრომლების მიერ მესტიის რაიონში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დასაკავებლად დაგეგმილ და ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც დაკავებული იქნა სამი პიროვნება. დაკავებულები რამდენიმე დღეში საპროცესო შეთანხმებით და მინიმალური სასჯელით გაათავისუფლეს – მათ ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდათ.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ყველაფერი ხორგუანის მობილური ტელეფონიდან მისი მეგობრის მიერ ღამის სამ საათზე ერთ-ერთ ნომერზე გაშვებულ სატელეფონო ზარს მოჰყვა. ნომერი ნატოს საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნანუკა ჟორჟოლიანს ეკუთვნოდა, მუქარა კი - სოდის უფროსს ირაკლი კოდუას. 18 თებერვალს მესტიაში სპეცოპერაცია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად კი არა, პირადი შურისძიების მიზნით, სამსახურებრივ უფლებამოსილებათა ბოროტად გამოყენებით მოხდა, მიიჩნევს სახალხო დამცველი, რომელმაც რეაგირებისათვის რეკომენდაციით უკვე მიმართა გენერალურ პროკურატურას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს, თავის მხრივ, უფრო ფართოდ აყენებს საპარლამენტო ოპოზიცია:

[კოკა გუნცაძის ხმა]“ ჩვენ მოვითხოვთ დაიშალოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე უწყებად, გამოეყოს მას ცალკე უშიშროების სამსახური, გაუქმდეს სოდი და კუდი, ჩამოყალიბდეს მუნიციპალური პოლიცია და გატარდეს ფუნდამენტური რეფორმა ამ სტრუქტურაში. ეს არის ჩვენი მოთხოვნები.“

ამბობს ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრი კოკა გუნცაძე, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციის ერთიან პოზიციას აფიქსირებს. მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე კი ეგრეთ წოდებულ მესტიის ოპერაციას პირდაპირ უკავშირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაუსჯელობის სინდრომსა და სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის გახმაურებული საქმეების შედეგებს. საზოგადოებისა და მედიის აქტიურობის გარეშე ლაშა ხორგუანი და გოჩა და ხვიჩა მილდიანები არც მომავალში არიან დაცულები. სახალხო დამცველის აპარატის ამ სიფრთხილეს იზიარებენ ოპოზიციონერი პარლამენტარებიც. რაც შეეხება მედიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ მესტიის რაიონში 18 თებერვალს ჩატარებული სპეცოპერაციის მიზეზებსა და დეტალებზე სტუდია მონიტორმა ფილმიც გადაიღო. ფილმის პრეზენტაცია 24 მაისს გაიმართა. აი, რა გვითხრა პროექტზე ფილმის ერთ–ერთმა ავტორმა, ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა:

[ნინო ზურიაშვილის ხმა]“ ერთ-ერთი რიგითი ჟურნალისტური გამოძიება გავაკეთე. ნამდვილად არ გავაკეთებ არანაირ პოლიტიკურ განცხადებას, ჩემი ინტერესი არის ნულის ტოლი. უბრალოდ, გავაკეთე ჩემი საქმე.“
XS
SM
MD
LG