Accessibility links

logo-print

დსთ-ის ზოგ ქვეყანაში ოპოზიციას შიდა უთანხმოება აბრკოლებს


შაბათ-კვირას ბელორუსიაში ოპოზიციის კონგრესი გაიმართება. ამჟამინდელი რჟიმის პირობებში ოპოზიციონერებს,

ჩვეულებრივ, უჭირთ ხოლმე შესაკრებად სათანადო დარბაზის ორგანიზება, მაგრამ ამჯერად პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლებას ხელი არ შეუშლია პოლიტიკური მეტოქეებისთვის - შესაძლოა, აშშ-ისა და ევროკავშირისაგან მიღებული გაფრთხილების გამო, რომ ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ, თუ ლუკაშენკას რეჟიმი არ შეწყვეტს ოპონენტების შევიწროვებას.

მაშ ასე, ოპოზიციამ ერთი დაბრკოლება გადალახა - თავყრილობა ჩატარდება. მაგრამ სხვა პრობლემაა უთანხმოება თვით ოპოზიციაში- სხვათა შორის პრობლემა, რომელიც ბელორუსიის გარდა, არაერთ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც არსებობს.

მაგრამ ჯერ ბელორუსიაზე: იქ ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ოპოზიციის მიერ ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. ლუკაშენკას რეჟიმი, ტრადიციულ მოკავშირე რუსეთთან ენერგიის საფასურზე უთანხმოების გამო, დასავლეთთან კავშირის გაუმჯობესებით არის დაინტერესებული.

მაგრამ ექსპერტებს, მათ შორის მინსკელ პოლიტოლოგ ვალერი კაბალევიჩს, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ბელორუსიის ოპოზიციამ შაბათ-კვირის ყრილობაზე ეთრსულოვნებას მიაწღიოს თუნდაც საერთო ლიდერის ვინაობაზე.

[კაბალევიჩის ხმა] “რეალობა ისეთია, რომ ოპოზიციის აშკარა, ყველას მიერ აღიარებული ლიდერი არ არსებობს. საკითხი ისე დგას, რომ ლიდერს ან ხელოვნურად ირჩევენ, ან ირჩევენ როტაციის სისტემას, რომელიც რამდენიმე ლიდერის თანათავმჯდომარეობას ითვალისწინებს. ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა სწორედ თანათავმჯდომარეობის სისტემის მხარდაჭერისაკენ იხრება.”

როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ოპოზიცია ალექსანდრ მილინკევიჩის კანდიდატურაზე შეთანხმდა 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოსთვის კონკურენციის გასაწევად. მილინკევიჩი პრეზიდენტობის საერთო, ოპოზიციურ კანდიდატად აირჩიეს 2005 წლის ოქტომბერში. მაგრამ გასული წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მილინკევიჩი დამარცხდა, რის შემდეგაც მას მხარდაჭერაზე უარი უთხრა ოპოზიციის არაერთმა წარმომადგენელმა.

შაბათ-კვირის კონგრესზე კენჭს უყრიან ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციის თავმჯდომარეობის განაწილებას ხუთ რეგიონულ ლიდერს შორის, ან როტაციის შემოღებას, რომლის მეშვეობითაც თავმჯდომარედ მუშაობის საშუალება ოპოზიციის ნებისმიერ ლიდერს მიეცემა. მილინკევიჩმა (ის ბელორუსი ოპოზიციონერების ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია უცხოეთში) გასულ კვირაში განაცხადა, რომ არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას თანათავმჯდომარის პოსტზე, რადგან თანათავმჯდომარეობის სისტემას “სუსტად და არაეფექტიანად” მიიჩნევს.

ოპოზიციის რიგებში უთანხმოება არა მარტო ბელორუსიაშია თვალშისაცემი. რუსეთში, ოპოზიციური ძალები, უმეტესწილად, ცალ-ცალკე უპირისპირდებიან პოლიტიკურ სარბიელზე დომინანტურ, კრემლის მომხრე პარტია “ერთიან რუსეთს”.

ოპოზიციური და უფლებადამცველი ჯგუფების ნაწილი 2006 წლის ივლისში გაერთიანდა კოალიციაში სახელწოდებით “სხვა რუსეთი”, რომელიც რუსეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით სულ უფრო აქტიურად საქმიანობს. მაგრამ ამ კოალიციაში, ექსტრემიზმისაკენ მიდრეკილი ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტიის მონაწილეობის გამო მასში შესვლისაგან თავს იკავებენ ისეთი ავტორიტეტიანი ოპოზიციური პარტიები, როგორიცაა “იაბლოკო”, ან მემარჯვენე ძალთა კავშირი.

რუსი ჟურნალისტი მაშა ლიპმანი ასე განმარტავს ოპოზიციის გაფანტულობის მიზეზს: [ლიპმანის ხმა] “ისეთ ვითარებაში, როცა კრემლი 100 პროცენტით აკონტროლებს პოლიტიკურ ცხოვრებას ქვეყანაში, ადვილი გასაგებია, რატომ არ არის ერთსულოვნება ოპონენტთა რიგებში. კოალიციის შექმნის შესაძლებლობას დიდწილად განაპირობებს რწმენა, რომ ერთად ყოფნით ვიუმჯობესებთ ხელისუფლებაში მოსვლის შანსებს. ხოლო როცა ასეთი შანსები არ არსებობს, არ არსებობს არც გაერთიანების სტიმული”.

მსგავსია ვითარება ცენტრალურ აზიაშიც. მაგალითად ყაზახეთში ოპოზიციურმა პარტია “აკ ჟოლმა” ერთი მანდატი მოიპოვა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად. პარლამენტის ერთადერთი ოპოზიციონერი წევრი ალიხან ბაიმენოვი გახდა.

მაგრამ 5-ოდ თვეში ბაიმენოვმა მოიწვია “აკ ჟოლის” საგანგებო ყრილობა, რომელზეც დააყენა თავისივე პარტიის რამდენიმე თანათავმჯდომარის მიმართ უნდობლობის საკითხი. მიზეზი? ბაიმენოვის უკმაყოფილება გამოიწვია “აკ ჟოლის” ამ, რამდენიმე ლიდერის გეგმამ, შეექმნათ ოპოზიციური კოალიცია პრეზიდენტ ნაზარბაევისთვის 2005 წლის დეკემბრის არჩევნებში სერიოზული კონკურენციის გასაწევად.

“აკ ჟოლი” გაიხლიჩა: გადაყენებულმა ლიდერებმა, მათ შორის ალტინბეკ სარსენბაევმა, პარტიის ალტერნატიული ფრთა შექმნეს. აქვე უნდა ითქვას, რომ სარსენბაევი გასული წლის თებერვალში მოკლეს.

დასკვნა კი ოპოზიციისთვის არასახარბიელოა: ყაზახეთში, რუსეთში, ბელორუსიაში, რამდენიმე სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც მმართველი რეჟიმები ძლიერ პოზიციას ინარჩუნებენ.
XS
SM
MD
LG