Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო მოსაკრებლის ორ ვარიანტს განიხილავს


კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიღების შემდეგ,

საქართველოს პარლამენტში კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო მოსაკრებლის კანონპროექტის განხილვა დაიწყეს. ამ პროექტში ჩადებული სარეაბილიტაციო მოსაკრებლის მაქსიმალური ზღვარი, 1,5 ლარი, კულტურული მემკვიდრეობის კანონის განხილვისას თავის დროზე ოპოზიციისა და მმართველი ძალის დაპირისპირების მიზეზი იყო. ამ პრობლემის გადასაწყვეტად მმართველი პოლიტიკური ძალა, ”ნაციონალური მოძრაობა”, მოსაკრებლის სპეციალური კანონით განსაზღვრის ინიციატივით გამოვიდა. ახლა მას ოპოზიცია ალტერნატიულ კანონპროექტს უპირისპირებს. რაში მდგომარეობს ამ ორი ინიციატივის არსი?

საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ მომზადებული კანონპროექტი კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. მასში კულტურული რეაბილიტაციის ზონის დროებითი მოსაკრებლის მაქსიმალური ზღვარი 1.5 ლარს შეადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი, ამ კანონპროექტის ძირითად არსს განმარტავს:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ”თანხა, რომელიც გათვალისწინებულია წარმოდგენილი კანონპროექტით, არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მას ჰქონდეს ფისკალური ეფექტი ან მნიშვნელოვანი იყოს როგორც შემოსავლის წყარო იმ სამუშაოებისათვის, რომელიც ხორციელდება ამ არეალში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობის მონაწილეობა ამ სამუშაოებში არის მნიშვნელოვანი. მათი ჩართულობა არის წარმატების საფუძველი.”(სტილი დაცულია)

ოპოზიციას არ ესმის, თუ რატომ არის მაქსიმალური ზღვარი 1,5 ლარი, მით უმეტეს მაშინ, თუ მას ფისკალური ეფექტის მიღების მიზნით არ აწესებენ. კითხვით, თუ რა გაანგარიშებით დასახელდა 1,5 ლარი, კულტურის მინისტრს გოკა გაბაშვილს მივმართე.

[გოკა გაბაშვილის ხმა] ”გაანგარიშებებს უნდა დაეყრდნოს უკვე კონკრეტული პროექტი კონკრეტული სარეაბილიტაციო არეალისა. კანონი არ ეყრდნობა კონკრეტულ პროექტს, კანონში არის მხოლოდ ზედა ზღვარი.”

კულტურის მინისტრის მსგავს პასუხს იძლევიან მმართველი პოლიტიკური ძალის სხვა წარმომადგენლებიც. ეს კი ოპოზიციას საფუძველს აძლევს გააკეთოს დასკვნა, რომელიც ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი იაშვილმა, გაახმოვანა:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”როგორც ჩანს, ამაზე ლოგიკური პასუხი არ არსებობს, ეს არის და მორჩა...”

ირაკლი იაშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკის გამოცდილებას ეყრდნობა და კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის მიზნით მოსაკრებელს იმ მოქალაქეებისთვის აწესებს, რომლებიც რეაბილიტირებული უძრავი ქონებიდან შემოსავალს იღებენ.

მოსაკრებელი, რაც ”ახალი მემარჯვენეების” პროექტში 9 ლარს შეადგენს, ეკისრებათ აგრეთვე უცხოელ ტურისტებს. ამასთან, მოსაკრებელი მუდმივი ხასიათისაა და მას ფისკალური დატვირთვა აქვს. ირაკლი იაშვილის კომენტარი:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”შემოთავაზებულ ვარიანტში ჩვენ ვაძლევთ სახელმწიფოს რეალური შემოსავლების მიღების საშუალებას - ეს არის თანაზომადი სახსრები იმ ხარჯებისა, რაც სახელმწიფომ უნდა გასწიოს რეაბილიტაციისთვის. მათ ვარიანტში ეს არის სიმბოლური თანხები სოლიდარული მონაწილეობისთვის და ერთჯერადი და, ჩვენი აზრით, რეაბილიტაცია არ არის ერთჯერადი და მას მუდმივი შემოსავლები სჭირდება.”(სტილი დაცულია)

მმართველი უმრავლესობა მოსაკრებლის ამგვარი სისტემის წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან მას მოსახლეობისთვის სოციალურად უფრო მძიმე ტვირთად მიიჩნევს:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ”ჩვენ თუ ასეთ ხელოვნურ დამატებით მექანიზმებს შემოვიღებთ, ჩვენი მდგომარეობა ამ კუთხით გაუარესდება.”

ეს კამათი გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის უახლოეს სესიაზე, როდესაც ”ახალი მემარჯვენეები” თავიანთ კანონპროექტს საპარლამენტო სხდომაზე განსახილველად გაიტანენ.
XS
SM
MD
LG