Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით წარდგა


25 მაისს, საღამოს, საქართველოს პარლამენტის წინაშე

სახალხო დამცველი საანგარიშო მოხსენებით წარდგა. სოზარ სუბარს, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, 2006 წლის ვითარება უნდა შეეჯამებინა, თუმცა თავის გამოსვლაში ის 2007 წლის ფაქტებსაც შეეხო, მათ შორის, მესტიაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელთან დაკავშირებითაც ამ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კოდუა შურისძიების მიზნით თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. როგორ ჩაიარა პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენამ, როგორ შეაფასა სოზარ სუბარმა საქართველოში ვითარება, უფლებების დაცვის თვალსაზრისით?

არის გარკვეული გაუმჯობესება გარკვეული მიმართულებებით, თუმცა მდგომარეობა მაინც მძიმეა - ძალიან მოკლედ ასე შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა ვითარება, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. სად არის გაუმჯობესება?

[სოზარ სუბარის ხმა] ”არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც მდგომარეობა უმჯობესდება - იგივე პოლიციაში ცემის ფაქტები, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მდგომარეობა, ბავშვთა სახლები, ზოგიერთ ბავშთა სახლში არის გაუმჯობესება.. ”(სტილი დაცულია)

გაუმჯობესება აშკარაა იმ მხრივაც, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში აღარ უკავიათ თანამდებობები პირებს, რომლებიც სახალხო დამცველმა პატიმრების წამებაში ამხილმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პატიმრების მიმართ ღირსების შემლახავ ქმედებებს ადგილი აღარა აქვს. გაუმჯობესება ცალკეული მიმართულებებით არ ნიშნავს, რომ, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში საერთო სურათი დადებითია. პარლამენტში გამოსვლისას სახალხო დამცველს ერთ-ერთმა დეპუტატმა ჰკითხა, სხვა ქვეყნებში, საქართველოსთვის მისაბაძ ქვეყნებში, როგორი რეაგირება არის ხოლმე სახალხო დამცველის შენიშვნებსა და რეკომენდაციებზეო.

[სოზარ სუბარის ხმა] ”სხვა ქვეყნებში როგორ ხდება? ომბუდსმენი როცა იტყვის დარღვევის შესახებ, წარმოუდგენელია ის საქმე არ იყოს გამოძიებული და თანამდებობაზე დარჩეს ის პირი, ვის პასუხისმგებლობასაც დააყენებს... ” (სტილი დაცულია)

ჩვენთან, როგორც თავად სუბარმა აღნიშნა, რეაგირება მოჰყვა პატიმრების წამებაში შემჩნეული პირების მხილებას, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სახალხო დამცველი
გაცილებით მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხსს სვამს?

[სოზარ სუბარის ხმა] ”თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პირების მიმართ მოხდა გაუგონარი დანაშაული.......”

პარლამენტში გამოსვლისას სოზარ სუბარმა გაუგონარი დანაშაული უწოდა ამა წლის თებერვალში მესტიაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც დაკავებულ იქნა სამი პიროვნება, როგორც ორგანიზებული ბანდის წარმომადგენლები. საქმეში ჩაიწერა, რომ მათ თან ჰქონდათ ნარკოტიკები და ხელყუმბარები, იყვნენ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და 3 დღეში პირობითი სასჯელით იქნენ გათავისუფლებულნი. სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით დაადანაშაულა სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი შურისძიების მიზნით თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. სუბარის მოთხოვნის საფუძველზე, გენერალური პროკურატურა საქმის შესწავლას შეუდგა, ამასობაში კი მესტიაში დაკავებულებმა და შემდეგ პირობითი სასჯელის შეფარდებით გაშვებულებმა უარყვეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის მიცემული ჩვენები, თქვეს, რომ ნარკოტიკებიც და ხელყუმბარებიც ჰქონდათ და მათ წინააღმდეგ მტკიცებულებების ფაბრიკაციას ადგილი არ ჰქონია, ისე როგორც ეს რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა საკუთარ პრესკონფერენციაზე აღნიშნა. სუბარი ფიქრობს, რომ ეს ადამიანები შეაშინეს, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კი გამოძიების დასრულებამდე ასეთი დასკვნის გაკეთებას უპასუხისმგებლობის გამოვლინებად მიიჩნევს... 25 მაისს პარლამენტში სახალხო დამცველის მოხსენების შემდეგ, ძირითადად, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ, მათ შორის -დავით ბერძენიშვილი და კოკა გუნცაძე:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”უჯაროდ დარჩენილი გენერლები გვყავს, უმრავლესობის ლიდერების სახით. დაახლოებით 20 კაცია ”ნაციონალური მოძრაობიდან”. იგნორირება არის სისუსტის დამადასტურებელი..”

[კოკა გუნცაძის ხმა] ” საზოგადოება ითხოვს ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს. თქვენ ქმნით დემოკრატიის ფასადს, რომლის ძირშიც ცდილობთ ტოტალიტარიზმის საფუძველი ჩაყაროთ, არ გამოვა ..”

ასეთი მძაფრი შეფასებები იყო ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, პარლამენტის წინაშე გამოსვლის შემდეგ ჩვენ სოზარ სუბარს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რამდენად ელის მის მიერ პარლამენტში წამოწეულ ფაქტებზე რეაგირებას:

[სოზარ სუბარის ხმა] ” ომბუდსმენის ინსტიტუტი ძლიერია მაშინ, როცა ის უპირისპირდება არა სისტემას, არამედ კონკრეტული პირების დანაშაულს. მაგრამ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ საკუთრების უფლების დარღვევაზე, ეს ხდება არა კონკრეტული პირების თავნებობის გამო, არამედ იმის გამო, რომ პოლიტიკაა ასეთი. მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ჩვენი შრომა შედეგებზეა ორიენტირებული და შედეგები მოაქვს თუნდაც იმით, რომ რაღაც გადახედვა ამ პოლიტიკის ხდება...”(სტილი დაცულია)

ასეთი იყო ჩემს შეკითხვაზე საქართველოს სახალხო დამცველის პასუხი პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ. სუბარი ფიქრობს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ერთ-ერთი ქმედითი ინსტიტუტია არა მხოლოდ აღმოსავლეთ, არამედ მთელ ევროპაში და, ამიტომაც, როგორც ოპტიმისტი, ის მოელის, რომ ადამიანის უფლებებისათვის სახალხო დამცველის აპარატის ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს.
ასე რომ, სახალხო დამცველი შედეგებს ელის, მიუხედავდ იმისა, რომ ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება მან საქართველოს პარლამენტის ნახევრად ცარიელ დარბაზში წაიკითხა.





















XS
SM
MD
LG