Accessibility links

logo-print

26 მაისის დღესასწაული - დიდი გამოწვევები და დიდი მიღწევები დამოუკიდებლობის გზაზე


26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საქართველოში გრანდიოზული სამხედრო აღლუმით, ახალი ობიექტების გახსნითა და სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

ყველა მოვლენას უშუალოდ ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ, დიდი აღმშენებლობის მიუხედავად, ქვეყნის დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ დგას დიდი გამოწვევებისა და სერიოზული მუქარების წინაშე, რასაც საქართველო მხოლოდ ერთიანი ძალით გაუმკლავდება. ერთი ასეთი გამოწვევა საქართველომ მიიღო 26 მაისის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე ”ერაყის ისლამური არმიის” სახელით, თუმცა ამ ფაქტს ქვეყანაში საზეიმო განწყობა არ შეუცვლია.


2007 წლის 26 მაისი მართლაც გამორჩეული იყო თვალისმომჭრელი სანახაობების სიმრავლით: საძირკველი ჩაეყარა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას, გაიხსნა გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის მიერ შექმნილი ”ვარდების რევოლუციის” მონუმენტი თბილისში, ახლად გარემონტებული აეროპორტი - ბათუმში და პატრიოტული ბანაკი - განმუხურში; თუმცა 26 მაისის დღესასწაულის საკვანძო ღონისძიება გახდა გრანდიოზული სამხედრო აღლუმი თავისუფლების მოედანზე. თბილისის ცენტრში ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე, მწყობრით თუ ავტომობილებით, ჩაიარა თითქმის მთელმა ქართულმა არმიამ, რომელმაც, პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, საქართველო ”გარე საფრთხისგან” უნდა დაიცვას:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”საქართველოს ერთიანობას ყველა თანაბრად დაიცავს და ყველა თანაბრად გაიხარებს საქართველოს გამარჯვებით; დღესაც ჩვენი ჯარის რიგებში დგანან ყველა ეროვნების წარმომადგენლები, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ისინი მზად არიან საქართველო დაიცვან ნებისმიერი გარე, შესაძლო, საფრთხისგან.”(სტილი დაცულია)

მაგრამ იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებით დაიცვას თავი გარე აგრესიისაგან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ”ერთ მუშტად შეკვრა” და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა. საზეიმო მიმართვის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილმა ”განსაკუთრებული სოლიდარობა” გამოხატა უკრაინელი და ესტონელი ხალხისადმი და ტრიბუნაზევე ღირსების ორდენი გადასცა ესტონელ ვეტერან აჰტო ლაინელოს, რომელმაც 1956 წლის მარტში, როგორც საბჭოთა ოფიცერმა, უარი თქვა დაერბია საპროტესტო მიტინგი სოხუმში.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”გუდაუთის სამხედრო ნაწილს დაავალეს სოხუმში გამოსული მოქალაქეების დახვრეტა. და ეს ჩააბარეს იმ შენაერთს, რომელსაც ბატონი აჰტო მეთაურობდა. და მან 56 წელს, უსასტიკესი საბჭოთა რეჟიმის პირობეში, დემონსტრაციულად უარი თქვა ქართველებისთვის ცეცხლის გახსნაზე, ქართველების დახვრეტაზე, რისთვისაც დაპატიმრებულ იქნა და 8 წელი მიესაჯა ციმბირში პატიმრობის მოხდა.”

აჰტო ლაინელომ მოედანზე შეკრებილ ქართველ ხალხს მოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი სიტყვით მიმართა:

[აჰტო ლაინელოს ხმა] ”ძალიან მოხარული ვარ, ვიხილო ახალი ქართული არმია და თანაც ასე ბევრი. თქვენც ნატოსკენ გიჭირავთ გეზი. ერთი ქართველი მხედართმთავარი უკვე იყო ნატოში და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც იქნება. დაგლოცოთ ღმერთმა. ”

ეყოლება საქართველოს თუ არა ნატოში კიდევ ერთი მთავარსარდალი, იმაზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა ქვეყანა ამ კლუბის წევრი. თავის მხრივ, საქართველო ახორციელებს აუცილებელ რეფორმებს და ზრდის სამხედრო კონტინგენტს ყველა საერთაშორისო ოპერაციაში, სადაც ალიანსის წევრები მონაწილეობენ. სულ მალე საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის წინადადებას, ერაყში დამატებით 1600 სამხედროს გაგზავნის თაობაზე. მანამდე კი, 24 მაისს, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრმა, ამ გადაწყვეტილების გამო, მუქარის შემცველი ანონიმური მესიჯი მიიღო ერაყის ისლამური არმიის სახელით. 26 მაისს საქართველოს ხელისუფლების გეგმა ერაყში კონტინგენტის გაზრდის თაობაზე ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკრიტიკა:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ”ეს აქცია ჩვენ მოგვიტანს ძალიან მძიმე შედეგებს არა მარტო დღეს, არამედ მომავლში, ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის თუ სხვა გეოპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის დროს.”

დამოუკიდებლობის დღე საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებასთან ერთად არ უზეიმიათ. საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ და მერაბ კოსტავას საზოგადოებამ საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაღუპვის ადგილას, ხარაგაულში, 26 მაისს მემორიალი გახსნეს. ხოლო თანასწორობის ინსტიტუტმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო თავისუფლების მოედანზე, ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG