Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ აქტივობას მისი ოპონენტის ციხიდან გათავისუფლებით უპასუხა


მთელი განვლილი კვირის განმავლობაში

პოლიტიკური სპექტრისა და მედიის ნაწილი მოუთმენლად ელოდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას, რის შესახებაც ოქრუაშვილს მრავალჯერ აქვს გაკეთებული ანონსი. მაგრამ ახალი ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ნათლობა არ შედგა. თუმცა საქართველოს მართლმსაჯულებაში ადგილი ჰქონდა ფაქტს, რომელიც მოვლენის მნიშვნელობას იძენს სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მომავლის კონტექსტში.

გასულ კვირაში საზოგადოება მოუთმენლად ელოდა ირაკლი ოქრუაშვილის ”მეორედ მოსვლას” ქართულ პოლიტიკაში. 16 მაისს ეს ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო ”ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. სააგენტოს დირექტორმა ბაია ცანავამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ინფორმაცია სარწმუნოა და ცნობილია ისიც, რომ ოქრუაშვილის პარტია ოპოზიციური იქნება:

[ბაია ცანავას ხმა] ”ინფორმაცია, რომ საპატრიარქოსთან იქნება პარტიის ოფისი, თბილისში, და ის, რომ შიდა ქართლში აპირებს ამის შესახებ განცხადების გაკეთებას, სარწმუნოა. უბრალოდ, ზუსტი დრო ჯერ დადგენილი არ არის. სავარაუდოდ, ეს იქნება იქით კვირას.”(სტილი დაცულია)

მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილმა ან ტაიმ-აუტი აიღო, ან ხელისუფლებამ ფარულად იმუშავა, რათა ხელი შეეშალა მისი რეინკარნაციისათვის. ამ ჩანაფიქრში ეწერება სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძისა, რომელსაც მედია ოქრუაშვილის ”პირად პატიმარს” უწოდებდა.

თავდაცვის აკადემიის ყოფილმა რექტორმა გიორგი თავდგირიძემ პატიმრის საკანში 8 თვე და 15 დღე დაყო. თუმცა, სასამართლოს რომ გაეზიარებინა პროკურატურის ბრალდება ყველა წაყენებულ მუხლებში, გიორგი თავდგირიძეს გარანტირებული ჰქონდა 15 წლამდე პატიმრობა.
მაგრამ რატომ მოიქცა ასე სასამართლო, რომელიც, წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალაში თითქმის უცვლელად ტოვებდა ბრალდების მოთხოვნებს?

პირველი ზოგადი პასუხი, რომელსაც არსებობის უფლება ჰიპოთეტურად აქვს, არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლება ნელ-ნელა თავისუფლდება აღმასრულებელი ხელისუფლების ზეგავლენისაგან - უფრო ზუსტად, თავისუფლდება ხელისუფლების ყოფილი წევრების ზეგავლენისაგან.

საქალაქო სასამართლოს წინ შეკრებილი თავდგირიძის ახლობლები და მეგობრები პირად საუბრებში არ მალავდნენ, რომ სასამართლო პროცესი ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს რომ გამართულიყო, ვერდიქტი გაცილებით უფრო მკაცრი იქნებოდა. ისე, როგორც ეს იყო ლოგისტიკის სარდლის პოლკოვნიკ მამუკა ლომსაძის შემთხვევაში, რომლის საქმესაც თავის დროზე საერთაშორისო რეზონანსიც კი ჰქონდა.

გავიხსენოთ: სამხედრო პოლიციამ ყოფილი სარდალი და მისი ორი თანამშრომელი დააპატიმრა საქმეზე, რომელიც შეეხებოდა უკრაინიდან უვარგისი საბრძოლო ტექნიკის (ჯავშანმანქანების და ჯავშანტრანსპორტიორების) შემოტანას. იმხანად ქართულ მედიაში რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მასალა დაიბეჭდა და ტელესიუჟეტი მომზადდა, სადაც აშკარად ჩანდა, რომ სამხედრო უწყების წინა ხელმძღვანელობა ცდილობდა არასწორი ექსპლუატაციის შედეგად მწყობრიდან გამოყვანილი ტექნიკის გამო დაესაჯა “მეისრე” და დასაჯა კიდეც. ლოგისტიკის ყოფილ სარდალ მამუკა ლომსაძეს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შესაბამისად, იბადება კითხვა, რატომ დასაჯა უფრო მკაცრად სასამართლომ პოლკოვნიკი ლომსაძე და არა თავდგირიძე, რომლის სახელის ხსენებაც კი ოქრუაშვილს ხასიათს უფუჭებდა?

როგორც ცნობილია, სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი და ბუნდესვერის (გერმანიის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის) კურსდამთავრებული გიორგი თავდგირიძე, მის მომხრე რამდენიმე ოფიცერთან ერთად, “ახალ მემარჯვენეებში” გაერთიანდა და ირაკლი ოქრუაშვილის მმართველობის პოლიტიკურ ოპონენტად იქცა.

საქმე ის გახლავთ, რომ სასამართლო პროცესი ლომსაძის საქმეზე ოქრუაშვილის ზეობის დროს ჩატარდა და ვერდიქტიც, შესაბამისად, მკაცრი იყო. თავდგირიძის შემთხვევაში კი თავდაცვის გავლენიანი ყოფილი მინისტრი 7 თვის შეცვლილი იყო, რის გამოც ბრალდების მხარეს სასამართლო პროცესის მსვლელობისას ზედიზედ ეცლებოდა ხელიდან ყველა მოწმე, რომლებიც ერთი წლის წინ სიამოვნებით აძლევდნენ ჩვენებას სამხედრო პოლიციის გამომძიებლებს სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორის წინააღმდეგ.
ნიშანდობლივია ისიც, რომ გიორგი თავდგირიძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა 21 მაისს, იმ კვირაში, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილმა, წინასწარი ინფორმაციით, ხმამაღლა უნდა განაცხადოს საკუთარი პოლიტიკური პარტიის დაარსების შესახებ - პარტიისა, რომელიც, ყველა შეფასებით, ოპოზიციური იქნება და რომელმაც ნიადაგი უნდა მოუმზადოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის გაპრეზიდენტებას შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი, რომლებსაც მოსვენებას უკარგავდა ირაკლი ოქრუაშვილის ზედმეტი დამოუკიდებლობა და სტაბილურად მზარდი რეიტინგი, ვერაფრით დაუშვებენ იმას, რომ ქართული პოლიტიკის “მთავარმა ქორმა” საკუთარი დროშის ქვეშ დაქსაქსული პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება სცადოს.

არავინ დაობს, რომ, სააკაშვილის ორბიტიდან გარიყული სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი ხაინდრავასაგან განსხვავებით, ირაკლი ოქრუაშვილს სერიოზული პოლიტიკური გაერთიანებისათვის ქარიზმაც უფრო მეტი აქვს და ფინანსური რესურსებიც.
თანაც, ოქრუაშვილმა იცის ის, რაც არავინ იცის – თუ როგორ მზადდებოდა და ფინანსდებოდა “ვარდების რევოლუცია”, იცის( რადგან გენერალური პროკურორი იყო) რევოლუციის შემდგომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იძულებით თუ ნებაყოფლობით მიღებული დიდძალი თანხების მოძრაობა, როგორც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, აქვს ინფორმაციები გახმაურებული მკვლელობების დამკვეთთა ვინაობასა და საქართველოს პრეზიდენტის კარის დიდი თუ მცირე საიდუმლოებების შესახებ – ერთი სიტყვით, იცის “ხეზე ცოცვა.” და, თანაც, არც ხელისუფლებაში უჩივის აშკარა თუ ფარულ მომხრეებს.
რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, გენერალურ პროკურატურაში ჩაიკარგა და ჯერჯერობით მსვლელობა არ მისცემია კონტროლის პალატის შემოწმების შედეგად სამხედრო უწყების ფინანსურ საქმიანობაში 2005-2006 წელს აღმოჩენილ დარღვევებს, რომლებიც რამდენიმე ასეული მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე მეტყველებს.
არანაკლებ პარადოქსულია ისიც, რომ სამხედრო უწყების სათავეში რჩება რამდენიმე მაღალჩინოსანი, რომლებიც ორი წლის განმავლობაში უხვად საზრდოობდნენ ირაკლი ოქრუაშვილის განუსაზღვრელი ძალაუფლებით და საპყრობილისაკენ ისტუმრებდნენ პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძეს, რომლის საკანი, შესაძლოა, გათავისუფლდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას სამართლიანობის უფრო მეტი გრძნობა გაუჩნდა. გიორგი თავდგირიძის გათავისუფლებით საქართველოს ხელისუფლებამ ერთგვარი “მესიჯი” გაუგზავნა ირაკლი ოქრუაშვილსა და მის პოტენციური მომხრეებს, თუ სად შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი ზედმეტი პოლიტიკური ამბიციებისა შემთხვევაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG