Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მიმოხილვა


დღეს 27 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულის მეორე დღე.

26 მაისი, როგორც მოსალოდნელი იყო, დატვირთული ღონისძიებებითა და კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული ზეიმით აღინიშნა. დღესასწაულის ეიფორია უკვე გავლილია, თუმცა არა ყველასთვის. დღეს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „საქართველო და დიასპორა”. მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ჩამოსულმა 140–მდე დელეგატმა. ჩვენს თანამემამულეებს მთელი მსოფლიოდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გააცნო ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი. სტრატეგია უცხოეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოსთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის სამოქმედო დოკუმენტი გახდება. ეს - მომავალში. დღეს კი თბილისი და სრულიად საქართველო მათ მასპინძლობს, ვისაც ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციად მიიჩნევს. დღეისათვის ქართული დიასპორა მსოფლიოს ათობით ქვეყანაშია გაბნეული. უცხოეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი აქტიურადაა ჩართული მიმღები ქვეყნის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში და, ამავე დროს, ფართო მოღვაწეობას ეწევა ქართული კულტურის პროპაგანდისა და განვითარებისათვის. ისტორიულ–პოლიტიკური პროცესების შესაბამისად, საქართველოდან უცხოეთში საქართველოს მოქალაქეთა სამი ტიპის ემიგრაცია განხორციელდა – კულტურული, პოლიტიკური და სოციალური. აქედან პირველი ნებაყოფლობითი იყო, დანარჩენი ორი კი იძულებითი. ისტორიულ სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეებში სამივე ტიპის ემიგრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. 2007 წელი საქართველოში დიასპორის წლადაა გამოცხადებული, რასაც უცხოეთში მცხოვრები ქართველები სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ გამოჩენილი თანადგომის გამოხატულებად მიიჩნევენ.

[ქეთევან ჩალაგაშვილის ხმა]“ ჩვენ გვინდა ყურადღება და თანადგომა, მეტი არაფერი. იცით რა, ალბათ, მეტი დახმარება სჭირდება ფერეიდანს, მეტი დახმარება სჭირდება საინგილოს. და რუსეთის დიასპორა, მე მგონი, იქით უნდა დაეხმაროს საქართველოს. ოღონდ რაში, ეს უკვე აქედან უნდა ვიცოდეთ.“

გვითხრა მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა ქეთევან ჩალაგაშვილმა, რომლის თქმითაც, ბოლო ხანს რუსეთში ქართველებისადმი აგრესია ოდნავ შესუსტდა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში კი მიიჩნევენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა. ამის შესახებ 24 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა განაცხადა. იგი რუსეთის შესახებ მოხსენებით ვაშინგტონში „ჰელსინკის კომისიის“ წინაშე წარდგა. მან, ქართულ–რუსულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრების შემჩნევის მიუხედავად, რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტული ხელისუფლებების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. კონფლიქტის ზონებში გასული სამუშაო კვირის განმავლობაში რამდენიმე სერიოზული ინციდენტი დაფიქსირდა. ლიახვის ხეობაში ქართულ სოფლების მიმართულებით რამდენჯერმე გაიხსნა ცეცხლი. დაცხრილულია თამარაშენსა და აჩაბეთში მდებარე ძველი, მიტოვებული ფერმები. თვითმხილველთა განცხადებით, მინდვრებში აფეთქების ხმაც ისმოდა. საკუთარ ეზოში კი ნაღმზე აფეთქდა 40 წლის ქალბატონი. რაც შეეხება აფხაზეთს, იქ გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ტეფტის ვიზიტი იყო. როგორც საინფორმაციო სააგენტო ”აფსნი–პრესი” იუწყება, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს განუცხადა, რომ სოხუმი თბილისთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ განაახლებს, რაც ქართული მხარე ზემო აფხაზეთიდან ეგრეთ წოდებულ მარიონეტულ მთავრობას და თავის ძალებს გაიყვანს. აფხაზეთის ლიდერმა პრეტენზიები ამერიკელ დიპლომატთან შეერთებული შტატების, მისი შეფასებით, მიკერძოებული პოლიტიკის გამოც გამოხატა. „სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო შედეგს მოიმკის“–ეს კი ამონარიდია ელექტრონული ფოსტით გავრცელებული იმ წერილიდან, რომელიც მიმდინარე კვირაში ერთდროულად მიიღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა და საქართველოში მოქმედმა ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პოლიტიკურმა მოძრაობამ. წერილი ინგლისურ და ქართულ ენებზეა შედგენილი და მასში აღნიშნულია, რომ ისლამური მედიაფრონტი საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს მიმართავს და ალაჰის სახელით მოითხოვს, საქართველომ ერაყში შეიარაღებული ქვედანაყოფები აღარ გაგზავნოს და იქ უკვე მყოფი ჯარები უკან გამოიხმოს. საქართველოს პარლამენტს ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია პრეზიდენტის ინიციატივა ერაყში საქართველოს ჯარისკაცთა რიცხოვნობის გაზრდის შესახებ. თუმცა ქართული ჯარის თემა მიმდინარე კვირაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რამდენიმე ფაქტორის გათვალისიწინებით, მაინც მოხვდა. მათგან ორი - მიმდინარე წლის საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდა და სამხედრო აღლუმი - სამხედრო პროცესებთან პირდაპირ კავშირშია, თავდაცვის აკადემიის ყოფილი რექტორის გიორგი თავდგირიძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება კი - არაპირდაპირში. ეს საქმე ადამიანის უფლებათდაცვით სფეროსა და მართლმსაჯულებას უფრო განეკუთვნება და მიმდინარე კვირა ამ მიმართულებით საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. გიორგი თავდგირიძის პროცესზე განაჩენი 21 მაისს იქნა გამოტანილი. განაჩენი ბოლომდე გამამართლებელი არ აღმოჩნდა. გადამდგარი პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო დამნაშავედ და ჯარიმის გადახდა დააკისრა, თუმცა მისი გათავისუფლება ქართული მართლმსაჯულებისთვის მაინც პრეცედენტული იყო. ადვოკატი სოსო ბარათაშვილი განგვიმარტავს, რაში ედებოდა თავდაცვის ეროვნული აკადემიის ყოფილ რექტორს ბრალი:
[სოსო ბარათაშვილის xma]“ გიორგი თავდგირიძის ბრალდების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თითქოს თავდაცვის მინისტრის საწინააღმდეგოდ დaდო ხელშეკრულება პედაგოგებთან, შესაბამისად, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას; ასევე არ დაემორჩილა მეთაურის ბრძანებას, რაც არ დასტურდება არანაირად საქმეში არსებული მტკიცებულებებით. მოვიყვანეთ დოკუმენტური მტკიცებულებები, დავასაბუთეთ კვალიფიკაციის არასწორობა. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური იქნება, მან აუცილებლად უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. ”
გიორგი თავდგირიძის საქმისგან განსხვავებით, სასამართლომ დაცვის არგუმენტები არ გაითვალისწინა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრსა და პოლიტიკური მოძრაობა „წინ, საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ბათიაშვილს. მოსამართლე მაია თეთრაულმა განსასჯელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 25–ე და 315–ე მუხლებით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენაში. ირაკლი ბათიაშვილს ბრალი კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის მიერ მოწყობილი ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერაში ედება, რაც, სახელმწიფო ბრალმდებლის მტკიცებით, სატელეფონო საუბრების დროს მიცემულ რჩევებში გამოიხატა.
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა]“ მე რომ ვზივარ განსასჯელის სკამზე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მე ჩემს აზრებს და შეხედულებებს გამოვხატავდი, თანაც მოვუწოდებდი, რომ სისხლი არ დაღვრილიყო. ახლა ამისთვის რომ მასამართლებენ, ეს არის დიდი სირცხვილი ჩვენი სახელმწიფოსთვის.“(სტილი დაცულია)
განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე და თავის თავს სინდისის პატიმარი უწოდ. პატიმრის მხარდასაჭერად კი შეიქმნა საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც ექს-მინისტრი გიორგი ხაინდრავა უხელმძღვანელებს.

[გოგა ხაინდრავას ხმა]“ ეს არის საბჭოთ, ბოლშევიკური სამართალი და არაფერი გასაკვირი არ არის. მაგრამ როგორ მოუბრუნდებათ მათ ეს უკანონობა, ეს უმსგავსობა, ეს არაადამიანობა, მაგასაც ვნახავთ.“
ირაკლი ბათიაშვილის მხარდამჭერი საერთაშორისო კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ არა მარტო ბათიაშვილის, არამედ სინდისის ყველა პატიმრის უფლებების დასაცავად იბრძოლებენ. ადამიანის უფლებების უშუალო დამცველი სოზარ სუბარი კი გასული სამუშაო კვირის მიწურულს პარლამენტში 2006 წლის საანგარიშო მოხსენებით წარდგა. სახალხო დამცველის ანგარიში სრული შემადგენლობით მხოლოდ ოპოზიციამ მოისმინა. სოზარ სუბარის მისამართით დარბაზში მყოფი მცირერიცხოვანი უმრავლესობიდან შეკითხვა პრაქტიკულად არავის გასჩენია, თუ არ ჩავთვლით ნაციონალური მოძრაობა–დემოკრატების წარმომადგენელს ვახტანგ ბალავაძეს. სახალხო დამცველს კი მისთვის გამოყოფილი მცირე დროის გამო, ფაქტების ნაცვლად, იმ ტენდენციებზე მოუხდა ლაპარაკი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შეინიშნება. სახალხო დამცველმა ისაუბრა, როგორც პოზიტიურ,

[სოზარ სუბარის ხმა]“ არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც მდგომარეობა უმჯობესდება. იგივე პოლიციაში ცემის ფაქტები, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მდგომარეობა, ბავშვთა სახლები, ზოგიერთ ბავშვთა სახლში არის გაუმჯობესება.“(სტილი დაცულია)

ისე ნეგატიურ ტენდენციებზე, მათ შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთა მიერ შურისძიების მიზნით ჩადენილ დანაშაულებებზე. 2006 წლის გახმაურებულ საქმეებს სახალხო დამცველმა 2007 წლის კიდევ ერთი რეზონული საქმე დაუმატა:
[სოზარ სუბარის ხმა]“ იკვეთება დანაშაულის ნიშნები სოდის უფროსის ირაკლი კოდუას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების ქმედებაში. საქმე ეხება უდანაშაულო პირთა დაკავებას და მათ სისხლის სამართლებრივ დევნას შურისძიების მიზნით, ასევე დაკავებულ პირთა წამებას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, დაკავებულებისათვის ნარკოტიკების უკანონო ჩადებას და გაკეთებას.“
პირებმა, რომელთა კერძო ინტერესების დაცვას, რომ აღარაფერი ვთქვათ საჯარო ინტერესზე, სოზარ სუბარი შეეცადა, მოგვიანებით წინა ჩვენებები გადათქვეს, ნარკოტიკების ფლობა და მოხმარება აღიარეს და სახალხო დამცველს ბრალი სპეკულაციაში დასდეს. ამ საქმეში საზოგადოებისთვის ბუნდოვანი დეტალები თითქმის არ არსებობს, რასაც ვერ ვიტყვით პოლიტიკური მოძრაობა „ ენა, მამული, სარწმუნოების“ ლიდერის , პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე. გურამ შარაძე თბილისში, მელიქიშვილის გამზირისა და შანიძის ქუჩის გადაკვეთაზე, 20 მაისს მოკლეს. 25 მაისს იგი ვერის სასაფლაოზე შვილის გვერდით დაკრძალეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილ გიორგი ბარათელს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბარათელმა დანაშაული აღიარა. გამოძიების დასრულებამდე გურამ შარაძის გულშემატკივრები დარწმუნებულნი არიან, რომ მკვლელობა პოლიტიკურ ნიაგადზე განხორციელდა.


XS
SM
MD
LG