Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


მანანა ქოჩლაძე რით ცხოვრობდა განვლილი კვირის მანძილზე

მანანა ქოჩლაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელი?

20 მაისი, კვირა
კვირა დღე ადრე გათენდა. ზურიკომ თვალი გაახილა და პირველი სიტყვა, "ტკა-ტკა" და "ამაო", მითხრა. რძე დალია და ცოტა კიდევ დავიძინეთ. მერე ფეხშიშველა გატანტალდა ბებია-ბაბუასთან, მე კი კვლავ ძილი გავაგრძელე. ისე, ომამდე, ტანკისტი როცა ვიყავი, "ძილ-ღვიძილის ფიზიოლოგიაში" ვსპეციალიზდებოდი. პირველად რომ ვუთხარი ჩემებს, ბევრი იცინეს: ნამდვილად საშენო პროფესია აგირჩევიაო. საშინლად მიყვარს ძილი, თუმცა ჩემს გულს რომ გაეხარდება იმდენი ვეღარ მძინავს...
დღე ჩვეულებრივად გავიდა. ვცდილობდი, დამესვენა და თავს ვაიძულებდი, არ მეფიქრა რამე სერიოზულზე. ვკითხულობდი რაღაც ინგლისურ ბესტსელერს. გამოირჩეოდა ბანალობით და იმით, რომ არაფერი ხდებოდა და თავისი მოვალეობა შეასრულა – საღამომდე არაფერზე მიფიქრია.
დღის განმავლობაში ვცდილობდი, ზურიკოს პანტომიმები ამეხსნა. სულ ორიოდე სიტყვა იცის, თუმცა ყველაფერი გადასარევად ესმის და ბრაზობს, თუ მისი ნათქვამი თუ ახსნილი იმწუთშივე ვერ გაიგე. ვნახეთ უამრავი მულტფილმი, მერე წიგნები ვიკითხეთ, ბევრიც ვიტირეთ - ძილი მოეძალა, მაგრამ ხომ არ გატყდებოდა! ჩემი ძმისშვილი თავის თანატოლად მიაჩნია, თუმცა ათი წლით მასზე უმცროსია და იმის მოსვლას ჯერ როგორც დღესასწაულს, ისე ელოდებოდა, მერე კი სულ აკონტროლებდა, რას აკეთებსო.
საღამოს, საინფორმაციო გადაცემებთან ერთად, მთელი დღის სიწყნარე დაინგრა და რეალობას შევეჯახე. კანონი, რომელიც ჯერ დაწერილი არ არის (იდეის დონეზეც კი!), დეტალებში განხილვის და შეხლა-შემოხლის საბაბია; ნარკომანები, რომლებიც კანონმდებლობით, თურმე, შეიძლება ერთდროულად ავადმყოფებიც იყვნენ და დამნაშავეებიც; და ძალადობა ქუჩაში, ძალადობა ბავშვებში, ძალადობა თავისი ყველანაირი გამოვლინებით. "ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს" - ძალადობის უმაღლესი ფორმა, რომელიც იწვევს აგრესიას და ხელს უწყობს ფიზიკური ძალადობის გამოვლენას, დაუცველობისა და დაუსჯელობის განცდასთან ერთად. ძალადობაზე ძალადობით პასუხი, მე როგორც გამიგია, უფრო დიდ ძალადობას იწვევს, მაგრამ, ეტყობა, საქართველო კვლავ ცდილობს, "საკუთარი, განუმეორებელი" გზით იაროს.
ზურიკო დავაძინე და დასაწყნარებლად სამუშაო ფაილები გავხსენი. დილის 3 საათამდე ვკითხულობ მსოფლიო ბანკის დოკუმენტებს. ვულფოვიცი გადადგა, კიდევ ერთი "ვულფი" მოიშორა ბანკმა, თუმცა, ვინ იქნება ახალი პრეზიდენტი და რამდენად აქტიური იქნებიან ევროპის ქვეყნები, კიდევ საკითხავია.

21 მაისი, ორშაბათი
დღეს, როგორც იქნა, კომპიუტერამდე მივაღწიე და საჩივარს ვწერ ერთ-ერთი საერთაშორისო ბანკის მიერ გარემოსდაცვითი პოლიტიკის დარღვევაზე. უკანასკნელი რამდენიმე კვირის ფონზე, რომელიც გამოირჩეოდა დაუსრულებელი შეხვედრებით, დღე ნაყოფიერი და წარმატებული იყო.
ირაკლი მეკითხება, საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარება უნდათ ტყეებთან დაკავშირებით და როგორ გამოვიყენოთ ეს პოტენციალიო. როგორც მას, ისე მეც, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. უკვე თითქოს ყველაფერი ვცადეთ. საკმაოდ ბევრი ქართველი თუ უცხოელი ექსპერტის აზრით, სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმები დასაშვებზე მეტად მოუმზადებელია. თუმცა, ჩვენი ხელისუფლებისთვის ამას, ეტყობა, მნიშვნელობა არა აქვს. ამ რამდენიმე დღის წინ გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე მხოლოდ 15 კაცი იდგა გარემოს დაცვის სამინისტროს წინ, რაც, მთავრობის განცხადებით, მათ სიმართლეზე მიუთითებს. ნამდვილად "მომგებიანი" არგუმენტია მთავრობისათვის: გამოვიდა, რომ კიდევ ერთხელ კუნთებზე დაიხედეს და ჩვენ მეტნი ვართო, გვითხრეს. თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უმეტესობა ამ ყველაფერს გაცნობიერებულადაც კი არ აკეთებს. როცა საერთოდ არ გესმის სფერო, რომლის მართვის უფლებაც მოგანიჭეს, რაღა დაგრჩენია, მუშტების ბრახუნის გარდა?
მერე რუსიკო რეკავს და მიყვება, როგორ ებრძოდა დილას ძაღლმჭერებს და პატრულს მერიის წინ. თან მაძლევს რიტორიკულ შეკითხვას, როგორ შეიძლება ასეთ ქვეყანაში ცხოვრებაო...
ქეთისთან ერთ-ერთი სოფლის მოსახლე კონსულტაციას გადის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე. გვიყვება თავის ამბავს. დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ მეასე ადამიანი რომ გიყვება, იძულებული ხარ, დაიჯერო. ყველას ფარულ კამერას ხომ ვერ მიაბნევ? არადა, საქართველოში ქრთამის აღების იქით, კორუფციის პრობლემებს არ ცნობენ.
შვიდისთვის სახლში ვარ, ზურიკო მიყვება დღის ამბებს, ხელებით მიხსნის, რომ მასაჟი არ მოსწონებია. ვეკითხები, ხვალ ხომ წახვალ-მეთქი. პასუხს არ მცემს. დავჯექი სამუშაოდ, რომ საჩივარი დამესრულებინა. ამასობაში ზურიკოს პუდრი უშოვნია და თავ-ფეხიანად თეთრია. ვხატავთ, ვუყურებთ მულტფილმს. ზურიკოს დაძინების პროცესი დაიწყო. მე ვთვლემ, ზურიკო ერთობა. როგორც იქნა, პირველისთვის თვალი დახუჭა და შემიძლია რამე წავიკითხო. ისევ დილის 3 საათამდე ვკითხულობ.

22 მაისი, სამშაბათი
ლატვიის საელჩოში ვიყავი ვიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მომიწია მისვლა, აღფრთოვანებული ვარ მათი მუშაობის სტილით! ასეთი ყურადღება დიდი ხანია, არც ერთ ორგანიზაციაში არ მენახა.
ვისმენ რადიოგადაცემას დაცულ ტერიტორიებზე და მესმის რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის პრობლემა ბათუმში უმაღლეს დონეზე ყოფილა აყვანილი. მაგალითად, მათ ადგილობრივ სტრუქტურებთან ერთად ეკოტურიზმის ბროშურები მოუმზადებიათ. გამახსენდა გიორგი ძამუკაშვილის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა გარემოს დაცვის სამინისტროში, სადაც მომუშავეთა 80 პროცენტი საზოგადოების მონაწილეობას ხეების ერთობლივად დარგვაში და საერთო დასუფთავების აქციებში ხედავს. ახლა, ეტყობა, ამ ჩამონათვალს ბროშურების ერთობლივი მომზადება დაემატა. არც ერთის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა ცოტა უფრო მეტია, ვიდრე სამინისტროს და, სამწუხაროდ, ზოგ არასამთავრობოს ჰგონია...
შემთხვევით, სამინისტროს ვებსაიტზე, სატყეო პოლიტიკა აღმოვაჩინეთ - დაუწერიათ და ტენდერების გვერდით დაუდიათ. შესაძლოა, ხვალ მთავრობის სხდომაზე გაიტანონო, ვარკვევთ კომპეტენტურ პირებთან.

23 მაისი, ოთხშაბათი
დილას ჩართვა მაქვს რადიო "მწვანე ტალღის" გადაცემაში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ. გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მცირეა დაინტერესება გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობისა და ქვეყანაში სულ რამდენიმე სასამართლო საქმეა აღძრული გარემოსდაცვითი უფლებების დარღვევაზე. თუმცა, სამინისტრო გულმოდგინედ ცდილობს, შეასრულოს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა.
ზრდილობიანად ვუთითებ, რომ საზოგადოების მონაწილეობაზე და სამართლისადმი ხელმისაწვდომობაზე საუბარი ნაადრევია მაშინ, როდესაც ინფორმაციის მოპოვება პრობლემურია. მაგალითად სატყეო პოლიტიკა მომყავს, რამდენიმე თვე რომ იწერებოდა, უამრავი ფული რომ დახარჯეს მის შემუშავებასა და განხილვებზე. მერე მიჩუმდა ყველაფერი და უცებ გაჩნდა რაღაც გაურკვეველი დოკუმენტი, სადაც მარტო ტერმინი "დახურული ეკოსისტემები" რად ღირს!
განსაკუთრებულად ვცდილობ, თავი შევიკავო, რომ ზრდილობიანად ვთქვა სათქმელი. ალბათ, ჩემზეც მოქმედებს ეს გაუთავებელი აგრესია, იმის ძახილი, რომ ყველაფერი კარგად არის და რომ ყველაზე უკეთ თვითონ იციან, რა სჭირდება ქვეყანას. იგივე გარემოს დაცვის სამინისტრომ უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ყველა კანონით ბოლომდე შეზღუდა საზოგადოების მონაწილეობა. წინა დღეს რომ 10 ტომ დოკუმენტაციას მოგაწვდიან და გეტყვიან, ხვალ დილას შენიშვნები მითხარი, შუადღემდე ნებართვა მაქვს გასაცემიო, მათთვის საზოგადოების მონაწილეობის კარგ პრაქტიკას წარმოადგენს. მერე ყველას ერთად უკვირს, მოსახლეობა ხან გაფიცვებს რომ აწყობს და ხან სტიქიით დაზარებული სახელმწიფოს რომ ლანძღავს და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
შეხვედრა მაქვს მსოფლიო ბანკში ხუდონის მშენებლობაზე. კიდევ ერთი გიგანტური პროექტი, დღევანდელი საქართველოს სავიზიტო ბარათში რომ უნდა ჩაჯდეს. საკმაოდ საინტერესო შეხვედრაა, ველაპარაკები უცხოელ ექსპერტებს და რაღაცნაირად მიხარია, რომ გაიგეს პრობლემის არსი. ვსაუბრობთ სვანეთზე, სვანების როლზე საქართველოს განვითარებაში და იქაურ გარემოზე. სამწუხაროდ, ხუდონის გარშემო უკვე განადგურებულია გარემო, თევზი მდინარეში აღარ ტოფობს (ენგურის კაშხლის გამო), ნადირ-ფრინველი მშენებლობის გაპარტახებულ ადგილს ხომ არ მიეტანება, ტყე კი უკონტროლოდ იჩეხება უკვე რამდენი ხანია და ამას ახლა ოფიციალური ჭრაც დაემატება. ხუდონჰესის მშენებლობას დამანგრეველი გავლენა ექნება თვითონ რეგიონის ბიომრავალფეროვნებაზე. ვაძლევ ჩემს მიერ ხუდონზე მომზადებულ ანგარიშს, ვთანხმდებით, რომ მივაწოდებ კვლევების იმ შედეგებს, რომლებიც ვერ იშოვნეს.
დღეს ვულფოვიცის შემცვლელზე ალაპარაკდა ამერიკის მთავრობა. თუმცა, პირველად მსოფლიო ბანკის ისტორიაში ბანკის დირექტორთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბანკის პრეზიდენტი ღია არჩევნებით უნდა აირჩიონ. ეს პირველი შემთხვევაა და, როგორც ჩანს, ლათინური ამერიკის ქვეყნებს უკვე საკუთარი კანდიდატიც ჰყავთ. გასაოცარია: ორი წლის წინ არასამთავრობოების პროტესტს ვულფოვიცის დანიშვნასა და თავისუფალ არჩევნებზე პრინციპში არც ერთი ქვეყანა არ უჭერდა მხარს. საინტერესოა, რისი ბრალია ამჟამად მიმდინარე მოვლენები – არასამთავრობოების კარგი მუშაობის თუ ვულფოვიცის წარმატებული პრეზიდენტობის? რატომღაც მგონია, რომ მეორე ფაქტორმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ამ ყველაფერში. კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით მოსული პრეზიდენტი მისივე კორუფციული გარიგებებისა და არაკომპეტენტურობის ბრალდებით აიძულეს, გადამდგარიყო. მაგრამ იქ, სადაც ეს მოხდა, დემოკრატიაა და ამ გადაწყვეტილებას რევოლუცია არ დასჭირვებია.

24 მაისი, ხუთშაბათი
დღეს გვიან გავიღვიძეთ. დიდი ძალისხმევით ზურიკოს ჩავაცვით და სასეირნოდ გავუშვით. მე კი სამსახურში გავიქეცი. გამახსენდა, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაზე და გარემოს დაცვაზე სტატია მაქვს გასაკეთებელი და პარასკევამდე მინდა მოვასწრო. მთელი დღე იმ სტატიას გადავყევი.
პარალელურად ახალ ამბებში ვისმენ, რომ ზოგიერთ პარლამენტარს ერაყის ისლამური არმიიდან რაღაც გამაფრთხილებელი წერილი მიუღია. ამბობენ, ეს პრორუსული ძალების გაკეთებულია, გასათვალისწინებელი არ არისო. რასაკვირველია, მსგავსი დაშინების წერილი ალბათ არ უნდა გაითვალისწინო, მაგრამ პრორუსული ძალები რა შუაშია, ვერ ვხვდები. იქ, სადაც ომია, განსაკუთრებით სადაც რელიგიური პრობლემებია ჩათრეული, ყველანაირი ტიპის დაჯგუფებები არსებობს და ყველაფრის "პრორუსულად" და "პროდასავლურად" დაყოფა ძალიან ხელოვნურად და უჭკუოდ მეჩვენება. უფრო მეტიც, ვერაფრით გავიგე, ქვეყანაში რუსული სახელმწიფო კაპიტალის შემოსვლა რატომ მიიჩნევა წარმატებად საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისა და ვესტერნიზაციის მიმართულებით? ანდა, საერთოდ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს იარლიყომანია?! ისე კი, ადვილია: მიაწებებ იარლიყს და მერე არგუმენტაციაზე ფიქრი არ გჭირდება!
გარემოს დაცვის ერთ-ერთ მინისტრს ჩვენ ორგანიზაციასთან ურთიერთობა არ სურდა - პრორუსულები არიან, რუსები აფინანსებენო. მეორე მინისტრი სულ იმას გვიკიჟინებდა, ამერიკის ინტერესებს ატარებთო. თავში ერთს არ გასჩენია აზრი, იქნებ იმას ვამბობდით, რასაც ვფიქრობდით და ჩვენს უკან არც თეთრი სახლი იდგა, და არც კრემლი. ერთი საგაზეთო სტატიის წაკითხვისას კი ლამის სიამაყით ავივსე. ავტორი მიუთითებდა ჩვენს მიერ რუსეთის დუმის, ამერიკის კონგრესისა და ბრიტანეთის ინტერესების გატარებაზე. ანუ, აგენტი 007 ჩვენთან შედარებით პატარა ბავშვი იყო და როგორ არ მეამაყა? ახლა გვეუბნებიან, რასისტები ხართ, მავანნი და მავანნი არ გიყვართო.
ისე, სერიოზულად თუ მიუდგები საკითხს, სანამ რაღაცებს იარლიყებს მივაწებებდეთ და ვიღაცების ქვენა ინტერესების ამოცნობას შევუდგებოდეთ, იქნებ ჯერ დავფიქრდეთ და ვნახოთ, ვინ რას აკეთებს. ძალიან ადვილია რეფორმატორობა, როდესაც გუშინ დაწყებულ საქმეზე უკვე შეგაქეს და თქვეს, რომ რეფორმა წარმატებულიაო, მაშინ, როდესაც რეფორმის შედეგებს მხოლოდ, სულ მცირე, 5-10 წლის მერე დავინახავთ. მაშინ რა იქნება, ის არის მთავარი და არა ის, დღეს რა გაკეთდა. მთელი მსოფლიო შედეგებს აფასებს, ჩვენ კი - ქმედებებს.
შესაბამისადაც ვცხოვრობთ. თავს ვიქებთ ქმედებით და არა შედეგით. მერე რა, რომ შედეგი უხარისხოა? მთავარი ხომ ის არის, რომ რაღაცა გავაკეთეთ?! მერე რა, რომ მსოფლიოში ადამიანებს რაღაც გამოცდილება დაუგროვდათ, ჩვენ თვითონ, თავიდან უნდა შევეცადოთ ველოსიპედის გამოგონებას...
ქეთი გარემოს დაცვის სამინისტროს დარღვევების სიას ადგენს. ეტყობა, მთელი ცხოვრება სასამართლოში უნდა გავატაროთ, დარღვევების იმოდენა სია გაგვაცნო! ირაკლიმ სატყეო პოლიტიკაზე შენიშვნების მომზადება დაიწყო. ვთანხმდებით, რომ ორშაბათს ერთად დავასრულებთ და ინგლისურ ვერსიაც მოვამზადებთ. სასამართლოს ჩვენი საჩივარი მიუღია ვარციხჰესზე. ნინო მეუბნება, 14-ში დახურული სხდომა იქნებაო: მოსამართლე მასალებს გაეცნობა და გადაწყვეტს, რამდენად სამართლიანად არის გასაიდუმლოებული პრივატიზაციის კონტრაქტი.

25 მაისი, პარასკევი
დღეს ზურიკოს ძიძამ დაიგვიანა. მთელი ქალაქი გადაკეტილი იყო - 26 მაისის აღლუმის რეპეტიცია მიმდინარეობდა. სანაპიროდან ვაკემდე ძიძას ფეხით მოუწია მოსვლა. არ ვიცი, რა ქვეყანაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის რამდენიმე თვით ადრე გაფრთხილებენ, თუ რაიმე მსგავსი ღონისძიებაა დაგეგმილი. არადა, ერთხელ, ჰოლანდიაში, საქალაქო ტრანსპორტის მუშაკთა გაფიცვასაც კი შევესწარი, ხოლო გაფრთხილება ორი კვირით ადრე იყო გამოკრული მთელს ქალაქში.
სამსახურში დაგვიანებით მივედი და პრინციპში ვერაფერი მოვასწარი. თან 3 საათზე სემინარი გვქონდა დანიშნული სატყეო პრობლემებთან დაკავშირებით. დაახლოებით 40 კაცამდე შეიკრიბა. სამწუხაროდ, იმაზე ნაკლები მონაწილე გვყავდა, ვიდრე ველოდით. არადა, სიტუაცია კრიტიკულია. 15-20 წელიც და ტყეები აღარ გვექნება. და მერე მოგვიწევს ტყეების გაშენება ისე, როგორც ეს ევროპაში მოხდა. იქნებ, ამ საკითხში მაინც გავუსწროთ ევროპას და შევინარჩუნოთ პირველადი ტყეები?..
ევროპელები ჩვენს ტყეებს რომ ხედავენ, გიჟდებიან. ასე 8-10 წლის ვიქნებოდი, გერმანიიდან სტუმარი გვყავდა და თიანეთის ტყეში წავედით მთელი ოჯახი. "ორქიდეაო", რომ დაიძახა, გაკვირვებულმა ვიფიქრე: გაგიჟდა, ორქიდეას საქართველოში რა უნდა-მეთქი. მაშინ ჩემთვის ორქიდეები დიდი და ეგზოტიკური ყვავილები იყო. თურმე, მთელი ცხოვრება უბრალო ყვავილები რომ მეგონა, ორქიდეები ყოფილა. საქართველოს ტყეების სილამაზე მხოლოდ ზრდასრულობაში დავაფასე, როდესაც გერმანიისა და დანიის ტყეები ვნახე.
საინტერესო მოხსენებები იყო. მარინა ჟორდანიამ მდინარე ტეხურაზე ჩატარებული კვლევები წარმოადგინა, უამრავი ქართული ენდემური სახეობა აღუწერია ამ ადგილას. ზოგიერთი მცენარე სხვა ადგილას საქართველოშიც კი არ გვხვდება! ახლა კი ამ ტერიტორიაზე, რომელსაც დაცულ ტერიტორიად გამოაცხადებდა ყველა ნორმალური ადამიანი, ოქროს ამოღება და ტყის გაჩეხვაა დაშვებული. თანაც, ეს უკანასკნელი - ჩინეთის კომპანიის მიერ. მსოფლიოში უპრინციპობითა და უსტანდარტობით განთქმული ჩინეთის კომპანიების შემოსვლა საქართველოში დიდ თავის ტკივილს წარმოადგენს შეკრებილი საზოგადოებისთვის.
მაკონტროლებლებს ძალა რომ არ ჰყოფნით, ამის მაგალითი უხვად არსებობს. თან, სამეგრელო-ქვემო სვანეთში კი არა, აგერ, აქვე, თეძამის ხეობაში, სასწაულებრივად ჩეხავენ ტყეებს. ერთი მეტყევე, რომელიც უკანონო მჭრელებს აკავებდა, მოკლეს კიდეც. საოცრად დაძაბულია სიტუაცია ადგილობრივ მოსახლეობასა და ტყის მჭრელებს შორის, მეტყევეები კი საკუთარი ძალების იმედად დაუტოვებიათ მაკონტროლებელ სტრუქტურებს. კორუმპირებულები სატყეო სექტორში დღესაც ბლომად არიან. სატყეო დეპარტამენტს დღესაც იმასვე ვთხოვთ, რასაც შევარდნაძის პერიოდში ვთხოვდით: გააკეთეთ ინვენტარიზაცია, ნახეთ, რა დაგრჩათ და მერე გადავწყვიტოთ, სად და რა მასშტაბით არის შესაძლებელი ტყეებით სარგებლობა. პასუხი მაშინაც და დღესაც ერთნაირია: რომ მათ ეს არ სჭირდებათ და უკეთ იციან, რისი გაკეთება შეიძლება.
საერთოდ, ზიმბარდოს თეორია საკმაოდ კარგად მუშაობს - ისე სწრაფად გადაიღეს ახლებმა ძველების მუშაობის სტილი, ენა და საზოგადოებასთან დამოკიდებულება. როგორც 1998-2000 წლებში, ისე დღეს, ვერ ასახელებენ იმ არასამთავრობოებს, ექსპერტებსა და პროფესიონალებს, რომლებიც იტყვიან, რომ მიმდინარე და დაგეგმილი ქმედებები გარემოს დაცვის თვალსაზრისით მდგრადია, თუმცა ყველა დოკუმენტი ამ მითიურ არასამთავრობოებთან არის შეთანხმებული და განხილული.
ზურიკოს დღეს კუს ტბა უნახავს: "ტკა-ტკაო" - "დიდი წყალი ვნახეო" - ხელებით მაჩვენებს. დაცემულა და "მეტკინაო", უთქვამს ბებიასთვის. ღამის პირველისთვის დიდი ბრძოლის შედეგად ვაძინებ.

26 მაისი, შაბათი
ვცდილობ, დღიური დავწერო და არ გამომდის. დღეს კანონით ზურიკოს დღეა და ეს ზურიკომაც იცის. ჯერ ვინი პუჰის საყურებლად მპატიჟებს, ორ წუთში კი კრემით მოსვრილი მხვდება. მოკლედ, თვალის მოცილებაც კი სახიფათოა. ვპირდები, საღამოს დიდ ბაბუასთან წაგიყვან-მეთქი და ცოტა ხნით ჩუმდება.
მარიკა იყო სტუმრად. ასეთი ძლიერი ადამიანი, მარიკა რომ არის, ბევრი არ შემხვედრია. თან ძალიან კეთილი და თბილი ადამიანია. იმედი მაქვს, იქნებ სექტემბერში მაინც დაიძრას ყრუ-მუნჯ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის საქმე. ჩემი დის საქორწილო სამზადისში აქტიურად ერთვება და გვპირდება, რომ დაგვეხმარება. ერთ კვირაში ჩემი პატარა და თხოვდება. კარგი ბიჭია მერაბი. ოჯახიც სასიამოვნო და კარგი ჰყავს. ძალიან მიხარია და თან არ მინდა: ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიცხოვროთ მის გარეშე. ზურიკოც ეჭვიანობს და კითხვაზე: "გინდა დეიდა გათხოვდეს?" - არაო, გაიძახის.
მახსენდება, დღეს დამოუკიდებლობის დღეა. დრომ დამანახა, რომ რეალური დამოუკიდებლობა უფრო მეტია, ვიდრე მისი დეკლარირება და ახალგაზრდობაში რასაც ვგრძნობდი, დღეს, სამწუხაროდ, ის გრძნობები აღარ მაქვს. დღეს რომ შაბათი არ იყოს, სამსახურში წავიდოდი და ჩემთვის სრულიად ჩვეულებრივი დღე იქნებოდა. 9 აპრილს დამოუკიდებლობა რომ გამოცხადდა, მთელი დღე ვტიროდი ბედნიერებისგან. დღეს უკვე ვიცი, რომ გზა დამოუკიდებლობამდე შორია და ეს გზა მხოლოდ შრომით შეიძლება დამოკლდეს. თუ გაგვიმართლებს, მეც მოვესწრები, თუ არა და, ჩემი შვილი ხომ მაინც იცხოვრებს დამოუკიდებელ, სამართლიან და ბედნიერ საქართველოში! რადგან დამოუკიდებელ, მაგრამ უსამართლო საქართველოში ცხოვრება რატომღაც ძალიან არ მინდა...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG