Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დაიწყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი


დღეს მუშაობა დაიწყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის კონგრესმა. საქმე ეხება ჟურნალისტების უდიდეს თავყრილობას,

რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამჯერად ჟურნალისტთა კონგრესმა წინასწარვე გამორჩეული ყურადღება მიიპყრო ადგილმდებარეობის გამო: ის მოსკოვში იმართება. არადა, რუსეთი იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომელთაც მკაცრად აკრიტიკებენ ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულების გამო.

გასული ხუთი წლის მანძილზე რუსეთში 11 ჟურნალისტი მოკლეს, მათ შორის (შარშან შემოდგომაზე) ანა პოლიტკოვსკაია. დღემდე არც ერთი მკვლელობა არ არის გახსნილი. ამ ინფორმაციას “ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი” ავრცელებს. ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუზმა”, პრესის თავისუფლების შეფასებისას, რუსეთს მსოფლიო რეიტინგში ბოლოსკენ მიუჩინა ადგილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბოლო ანგარიშში რუსეთი - ავღანეთთან, ეგვიპტესთან და ლიბანთან ერთად - პრესის თავისუფლების ყველაზე უხეშ დამრღვევად დაასახელა.

და კიდევ: გასულ კვირაში 8 ჟურნალისტი წავიდა “რუსეთის ახალი ამბების სამსახურიდან”, მათივე განმარტებით, ცენზურის გამო პროტესტის ნიშნად. როგორც ერთ-ერთი ამ ჟურნალისტებიდან, არტიომ ხანი ყვება, ის მოსკოვში ოპოზიციის მიტინგის გაშუქებას აპირებდა, მაგრამ საინფორმაციო საგენტოს ახალმა ხელმძღვანელობამ ეს თემა პროგრამაში არ ჩართო.

[არტიომ ხანის ხმა] “მივხვდი, რომ ჟურნალისტურ მოვალეობას ვერ შევასრულებდი. ამაში პირველივე კვირამ დამარწმუნა: ახალი ხელმძღვანელობა სამშაბათს მოვიდა ჩვენს გასაცნობად, ხოლო შაბათისთვის “მოწინააღმდეგეთა მსვლელობა” იყო დაგეგმილი. მაგრამ ინფორმაცია მის შესახებ, სამწუხაროდ, ეთერში არ გასულა. იმიტომ, რომ ასე მითხრეს: არც მსვლელობა ყოფილა და არც ინფორმაცია იქნებაო”.

ჟურნალისტ არტიომ ხანს, რომელიც, როგორც გითხარით, პროტესტის ნიშნად წავიდა რუსეთის ახალი ამბების სამსახურიდან, ვერ წარმოუდგენია, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის კონგრესმა დიდად შეცვალოს ვითარება რუსეთში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. თუმცა, კონგრესის ორგანიზატორებისაგან განსხვავებულ მოსაზრებას მოისმენთ: მათ აქვთ იმედი, რომ კონგრესი დადებით გავლენას იქონიებს.

ასეა თუ ისე, კონგრესმა 1000-მდე დელეგატის, სტუმრის, თუ მეთვალყურის მონაწილეობით დღეს მუშაობა დაიწყო და 1 ივნისამდე გასტანს. “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარემ, ვსევოლოდ ბოგდანოვმა ჩამოთვალა განსახილველი საკითხები: [არტიომ ხანის ხმა] “საუბარი ამ კონგრესზე რამდენიმე მიმართულებით წარმიმართება: ეს არის შრომის ღირსეული პირობები ჟურნალისტისთვის, სოციალური უზრუნველყოფის უფლება, ჟურნალისტის სიცოცხლის დაცვა. ერთ-ერთი მთავარი თემაა - შესაძლოა, ყველაზე მთავარიც - რა უნდა გავაკეთოთ დღეს ჩვენ, ჟურნალისტებმა, რომ აღვადგინოთ ნდობა ჟურნალისტიკის მიმართ”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა დაუსჯელობა: როცა გაუხსნელი რჩება ჟურნალისტის მკვლელება, როცა ამათუიმ ქვეყნის ხელისუფლება ბევრს არაფერს აკეთებს ჟურნალისტის მკვლელობისთვის პასუხსიმგებელთა მისაგნებად და დასასჯელად. ეს საკითხი რომ განსაკუთრებით აქტუალურია რუსეთისთვის, მოსკოვში დაწყებული კონგრესიც ადასტურებს. მასზე ყალიბდება სპეციალური კომისია, რომელიც 5 რუსი ჟურნალისტის მკვლელობებს გამოიძიებს.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი ეიდან უაიტი აუცილებლად მიიჩნევს ასეთი კომისიის შექმნას: [ეიდან უაიტის ხმა] “არსებობს საფუძველი, ვამტკიცოთ, რომ რუსეთში ჟურნალისტთა მკვლელობა, როგორც წესი, დაუსჯელი რჩება. ხელისუფლება საკმარის მცდელობას არ ავლენს ამ შემთხვევების სათანადოდ გამოსაძიებლად და პასუხისმგებელთა მართლმსაჯულებისთვის გადასაცემად”.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას ნახევარ მილიონამდე წევრი ჰყავს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG